1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პარაცელსი თეოფრასტე – (1493-1541)

გერმანიაში რეფორმაციის ეპოქის მსოფლმხედველობრივი აზროვნების გამოჩენილი წარმომადგენელია. მისი ნააზრევი გასცდა გერმანული კულტურის საზღვრებს და გავლენიან ფილოსოფიურ და სამეცნიერო მიმდინარეობად იქცა. მან მყარი ადგილი დაიმკვიდრა ახლის გაბედულ მაძიებელთა შორის. პარაცელსს დიდად აფასებდნენ ბრუნო, იაკობ ბოემე (1575-1624), გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი (1646-1716), შოპენჰაუერი, კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961) და სხვა. ლაბორატორიაში გამოყვანილი უნივერსალური ადამიანის, ჰომონკულუსის იდეამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა გოეთეს „ფაუსტში“; პარაცელსი თავად დოქტორ ფაუსტის სახის ერთ-ერთ პროტოტიპად ითვლება. მის მემკვიდრეობაზე პრეტენზიას აცხადებენ არა მარტო ექიმები, ბუნებისმეტყველები, ფილოსოფოსები, არამედ გავლენიანი სოციალური თეორიების დამცველებიც (როზენკროიცერები, ფაშისტები, კომუნისტები და ა. შ.). პარაცელსის ფილოსოფიური თეოლოგიის თანახმად, რომელსაც ხშირად იატროფილოსოფიას (ექიმის ფილოსოფიას) უწოდებენ, ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო ერთიანი ცოცხალი ორგანიზმია. ადამიანი მიკროკოსმოსია მაკროკოსმოსში. ექიმი ღმერთის თარჯიმანია, რომელიც საგნებში ღმერთის მიერ ჩადებულ ძალას ააშკარავებს და ადამიანთა მიმართ მის გამოყენებაში სიყვარულით ხელმძღვანელობს. პარაცელსის იატროფილოსოფია არის ადამიანის შესახებ ფილოსოფიური მოძღვრების - ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ერთ-ერთი სახე. იგი მიზნად ისახავს სამყაროში ადამიანის ადგილისა და მისი შესაძლებლობების შესახებ დასაბუთებული თეორიის აგებას. გამოსავლად იღებს ადამიანის შესახებ ექიმის მიერ დაგროვილ ცოდნას, ადამიანის, როგორც მიკროკოსმოსის შესახებ. მისი აზრით, მიკროკოსმოსი (ადამიანი) მაკროკოსმოსშია (სამყაროში), როგორც შედეგი თავის მიზეზში. სამყარო და მასში ყოველი არსებული ერთიანია, როგორც ორგანიზმი. მიკროკოსმოსი ამ ორგანიზმის იმგვარი ნაწილია, რომელიც სიმეტრიულად ასახავს მაკროკოსმოსს. ადამიანს საკუთარ თავზე დაკვირვება, თითქოს, მიკროკოსმოსის გასაღებად აქვს, რათა აქედან გაიგოს ღმერთის, როგორც ყოველივეს ტრანსცენდენტური (მიღმური) შემოქმედის ნამდვილი არსი. მხოლოდ ამ ორი სამყაროს ერთიანობიდან შეიძლება ამოვიკითხოთ ღმერთის ის გაგება, რომელიც ადამიანისთვის მისაწვდომია. ხილულ ბუნებაში არსებული საგნები თავისებური გზავნილებია, თავისებური ასოებია, ბუნების კანონების და შემდეგ კი თავად ღმერთის გასაგებად. ამდენად, ფილოსოფია ხილული ბუნების უხილავი სტრუქტურის ამოკითხვაა.
Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე / გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9