1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფედ ფეთ ფეი ფელ ფემ ფენ ფეო ფერ ფეს ფეტ ფეც ფეხ

ფედერალიზმი

  1. ცნება, სხვადასხვა ეპოქასა და პირობებში, პრაქტიკულად განსხვავებული შინაარსით ივსებოდა. ავიღოთ მე-18 საუკუნე და მივმართოთ სამართლის ფილოსოფიის ერთ-ერთ უდიდეს კლასიკოსს, შარლ ლუი მონტესკიეს. ტერმინს „ფედერალიზმი“ მონტესკიე ხშირად იყენებდა როგორც რამდენიმე საზოგადოების (სახელმწიფოს) სამართლებრივი თანაარსებობის ორგანიზაციულ პრინციპს. „მმართველობის ეს ფორმა, ისეთი შეთანხმებაა (une covention), რომლის ძალითაც მრავალი პოლიტიკური არსი თანახმაა გახდეს მოქალაქე უფრო დიდი სახელმწიფოსი, რომლის შექმნაც მათ განუზრახავთ. ეს არის საზოგადოებათა საზოგადოება, რომლებიც ქმნიან კიდევ ახალ საზოგადოებას ახალ წევრთა შემომატების გზით”, ამბობს იგი. თავის დროზე, დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციებიდან განიხილავდნენ ფედერალიზმს ამერიკასა და ევროპაში. მაშინ, როცა 1787-1788 წლებში შექმნილ „ფედერალისტურ ჩანაწერებში” ალექსანდრე ჰამილტონი, ჯონ ჯეი და ჯეიმს მედისონი ფედერალიზმში პარტიკულარიზმისა და სეპარატიზმის დაძლევის საშუალებას, უფრო კონკრეტულად, ფედერალური ორგანოების განმტკიცების საშუალებას ხედავდნენ, ამ დროს ევროპაში პირიქით, ფედერალიზმს სახელმწიფოს ცენტრალიზაციისათვის მეტად საშიშ მოვლენად განიხილავდნენ და საკავშირო სახელმწიფოების მაქსიმალურ დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს. აღნიშნულ საკითხს, რომელიც საბოლოოდ სახელმწიფოს ფორმის ცნებაში იყრის თავს, უმნიშვნელოვანესი პრაქტიკულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე.
    Source: რუხაძე ზ. ხელისუფლების ორგანიზაცია მრავალდონიანი ხელისუფლების პირობებში და ხელისუფლების ტერიტორიული ორგანიზაციის ზოგიერთი საკითხი //ალმანახი №18 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,– 2003,

  2. სიტყვა „ფედერალიზმი” წარმოიშვა ლათინურისაგან „Foedus”, რაც ნიშნავს „ფედერაციას, კავშირს, შეთანხმებას“. მე-18 საუკუნიდან დაწყებული, პირველ რიგში, მონტესკიეს წყალობით, ეს სიტყვა ხშირად იხმარებოდა რამდენიმე სახელმწიფოს სამართლებრივი გაერთიანების ორგანიზაციული პრინციპის აღსანიშნავად, სადაც განსაკუთრებით გამოსაყოფია მათი წევრების თვითგამორკვევა და სახელმწიფოებრივი საქმეების გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება. სიტყვა „ფედერალიზმმა“ თავისი დღევანდელი მნიშვნელობა ჩრდილოეთ ამერიკაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის და ფედერალისტებსა და ანტიფედერალისტების მეტოქეობის დასრულების შემდეგ მოიპოვა. პარტიკულარიზმისა და სეპარატისტული ტენდენციებისაგან განსხვავებით, ამერიკული ფედერალიზმი, პირველ რიგში, მიზნად ისახავდა ფედერალური ორგანოების გაძლიერებას, მაშინ, როცა ევროპული გაგებით ფედერალიზმი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოებრივი ცენტრალიზმის მუქარას ხედავდა და ამიტომ ხაზს უსვამდა ცალკეული წევრების დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობას. ფედერალიზმი - ეს არის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილის ავტონომიის უმაღლესი ფორმა. ფედერაციის შემადგენლობაში შემავალ „სახელმწიფოებს” ახასიათებს სამი ძირითადი ნიშანი:
    1. სახელმწიფო ორგანოების დამოუკიდებლობა (ჩვეულებრივ, უზრუნველყოფილია არჩევნების მეშვეობით);
    2. ავტონომიური კომპეტენციის არსებობა კონსტიტუციურ და საკანონმდებლო სფეროებში (იმ საკითხების გამოკლებით, რომლებიც ფედერაციის კომპეტენციას მიეკუთვნება), აგრეთვე, მართვის სფეროში;
    3. იურიდიული პირის სტატუსი, საკუთარი ფინანსური რესურსებისა და ავტონომიური ბიუჯეტის ჩათვლით.
    ფედერალიზმი სახელმწიფოს ისეთი მოწყობაა, როდესაც მმართველობითი ფუნქციები განაწილებულია ცენტრალურ და ფედერაციის სუბიექტებს (შტატები, მხარეები, მიწები, კანტონები და ა.შ.) შორის. ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების ვერტიკალური გრადაცია, რომელიც გარკვეულწილად ავსებს და სრულყოფს საყოველთაოდ აღიარებულ ხელისუფლების ჰორიზონტალურ განაწილებას. ერთ-ერთი „მამა-დამფუძნებელი“, თვალსაჩინო პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, თომას ჯეფერსონი, წერდა: „მთავრობა ხდება კარგი არა ხელისუფლების კონსოლიდაციით ან კონცენტრაციით, არამედ მისი სწორად განაწილების შედეგად.” ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციით ან ფედერალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სახელმწიფო მართვის სფეროები და ელემენტები, რომლებშიც მეორე დონის ტერიტორიული ერთეულები (ფედერაციის სუბიექტები) სუვერენული არიან და მათ კომპეტენციაში ცენტრალური (ფედერალური) ხელისუფლება ვერ ჩაერევა და პირიქით, შტატებს არავითარ შემთხვევაში აქვთ უფლება ჩაერიონ მმართველობის ისეთ სფეროებში, რომლებიც კონსტიტუციის (ან ფედერალური ხელშეკრულების) ძალით, მხოლოდ ფედერალური ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება. ფედერალიზმის პრინციპის შესაბამისად, ორი ან მეტი ხელისუფლება ახორციელებს ძალმოსილებას ერთი და იმავე ხალხის მიმართ და ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. შეერთებული შტატებისა და, მაგალითად, პენსილვენიის შტატის ხელისუფლებანი საზიაროდ ფლობენ ზოგიერთ უფლებამოსილებას (მაგ., გადასახადების აკრეფაზე), მაშინ, როცა სხვა უფლებამოსილებები ექსკლუზიურად განეკუთვნება ან ერთს, ან მეორეს. როგორც ჯეიმს მედისონი „ფედერალისტ 10”-ში წერდა: „ფედერალური კონსტიტუცია ქმნის დიდი საერთო ინტერესების იღბლიან კომბინაციას, რომელიც შტატების ხელისუფლებებს ეკუთვნის”. ასე მაგალითად, ფულის მოჭრა ეროვნული ხელისუფლების საქმეა, ოჯახის გაყრის უფლება კი შტატების პრეროგატივაა. ამის საპირისპიროდ, შტატების მილიცია ხანდახან ექვემდებარება ეროვნულ მთავრობას, თუმცა ძირითადად შტატების განკარგულებაშია.
    Source: ამირანაშვილი გივი. ფედერაციული და უნიტარული (დეცენტრალიზებული) სახელმწიფოების კონსტიტუციურ - სამართლებრივი თავისებურებების დახასიათებე // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
  3. სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით პოლიტიკური ცნებაა, რომლის ობიექტია თვითონ „გაერთიანება ან კავშირი“. ფედერალიზმი, როგორც სამართლებრივი ცნება, არის „ამ მისწრაფებათა პოზიტიურ-სამართლებრივი შედეგი, როდესაც უკვე ჩამოყალიბებულია ფედერალური კავშირი“. როგორც წესი, ფედერალიზმის დღემდე ჩამოყალიბებულ ცნებათა უმრავლესობა არსებითად იზღუდება დინამიკური და სტატიკური კომპონენტებიდან მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტის ანალიზით ან ახდენს რომელიმე მათგანის აბსოლუტიზაციას. ფედერალიზმის ცნება პირველად საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფო სამართლის სფეროში იქნა გამოყენებული, მაგრამ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ფედერალიზმი განიხილება ადამიანთა მთელი საზოგადოების მომცველი უნივერსალური სოციალურფილოსოფიური სისტემის თვალსაზრისითაც. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ფედერალიზმი განიხილებოდა როგორც ისტორიულ-სოციოლოგიური რეალობა.
  4. წარმოდგება ლათინური სიტყვისაგან: „ფოედუს“ და ნიშნავს „კავშირს“, „გაერთიანებას“. რომაელი პოეტი პუბლიუს ოვიდიუს ნაზო ლაპარაკობს „foedus sociale“-ზე, რომელშიც იგი საზოგადოებას, უწინარეს ყოვლისა, საზოგადოებრივ სტრუქტურას გულისხმობს. იურიდიულ ლიტერატურაში გავრცელებული შეხედულების თანახმად, სიტყვა: „ფოედუს“ ნაწარმოებია „fides“-გან, რომელიც ლათინურად ნიშნავს „ნდობას“, „ერთგულებას“. რაც შეეხება თვითონ „fides“ ინდოგერმანულ საწყისებს, იგი გაცილებით უფრო ადრეული პერიოდიდან იღებს სათავეს და თავისი სემანტიკური მნიშვნელობით აღნიშნავს „იძულებას“, „მუხლებზე დაჩოქებას“, „მოდრეკას“. სხვა, ტრადიციული პოლიტიკურ-იურიდიული კატეგორიებისაგან განსხვავებით, „ფედერალიზმი“ არც ბერძნული წარმოშობისაა და არც რომაული. თავისი თანამედროვე შინაარსით ფედერალიზმის ცნება ყალიბდება მხოლოდ შუა საუკუნეებში. ამ პერიოდში ცნებები: „foedus“ და „confoederatio“ გამოიყენებოდა სახელმწიფოთა შორის კავშირის მნიშვნელობით. საყოველთაოდ ცნობილი სიტყვა „confoederatio“ პირველად გვხვდება 1220 წელს კაიზერ ფრიდრიხ II-თან და აღნიშნავს შეთანხმებას ორ თანასწორუფლებიან სუბიექტს შორის.სიტყვა „ფედერალიზმი“, თავისი თანამედროვე ინგლისური ფორმით – „federalism“, ჩამოყალიბდა 1645 წელს, ინგლისში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს. ფედერალიზმის ფრანგული ფორმა – „federalisme“ პირველად გვხვდება მონტესკიესთან, თუმცა თვითონ სიტყვა „federation“ საფრანგეთში ცნობილი იყო ჯერ კიდევ მე-14 საუკუნიდან. საფრანგეთში ფედერალიზმის იდეის გავრცელება, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია იაკობინელებსა და ჟირონდისტებს შორის არსებულ დაპირისპირებასთან. შვეიცარიაში სიტყვა „ფედერალიზმი“ საფრანგეთიდან შევიდა და პირველად 1822 წელს გამოიყენეს. ფედერალიზმის ცნების ჩამოყალიბების უამრავი ცდიდან შეიძლება გამოიყოს მისი 4 ძირითადი ჯგუფი:
    1. ინსტიტუციურ-ფუნქციონალური ცნება აღიარებს, რომ ფედერალიზმი არის პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, სადაც სახელმწიფო ფუნქციების შესრულება ისეა გადანაწილებული მთლიანად სახელმწიფოსა და მის რეგიონალურ შემადგენელ წევრებს შორის, რომ თითოეულ ამ დონეს შეუძლია მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ფუნქციებთან მიმართებაში.
    2. კონსტიტუციურ-სამართლებრივი ცნების მიხედვითაც პოლიტიკური სისტემა მაშინაა ფედერაციული, როდესაც სახელმწიფოს არსებითი სტრუქტურული ელემენტები (კანონმდებლობა, აღმასრულებელი ხელისუფლება და მართლმსაჯულება) გვხვდება როგორც მთლიანად სახელმწიფოში, ასევე მის შემადგენლობაში მყოფ სუბიექტებშიც და მათი არსებობა დაცულია კონსტიტუციურ-სამართლებრივად.
    3. სოციალურ-ფილოსოფიური ცნება ფედერალიზმს განმარტავს ფართო სოციალურ და ფილოსოფიურ კონტექსტში და არ შემოიფარგლება სახელმწიფო-სამართლებრივი ფორმის იურიდიული ანალიზით.
    Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
  5. ძალაუფლების ტერიტორიული განაწილება, რომელიც ეფუძნება სუვერენულობის საზიაროობას ცენტრალურსა (ჩვეულებრივ ნაციონალურ) და პერიფერიულ ორგანოებს შორის.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9