მიხედვით ქცევის ასახსნელად საკმარისი არ არის მხოლოდ ადამიანის შინაგანი რეალობის გათვალისწინება. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, კულტურული და სოციალური ფაქტორებიც, რომელიც ზეგავლენას ახდენს პიროვნების განვითარებაზე. ბანდურას მიხედვით, ადამიანის ფსიქიკური ფუნქციონირების მექანიზმი ქცევის, შემეცნებითი სფეროს და გარემოს უწყვეტი ურთიერთზემოქმედების ტერმინებში უნდა იყოს აგებული. სოციალურ-კოგნიტური თეორია გენდერულ-როლური ორიენტაციის ფორმირებას განიხილავს, როგორც გამოცდილების შეძენის რეზულტატს. მშობლები, მასწავლებლები, თანატოლები და სოციალიზაციის სხვა აგენტები აყალიბებენ ბავშვების გენდერულ-როლურად ორიენტირებულ ქცევას, ადეკვატური და არაადეკვატური ქცევის განმტკიცებითა და დასჯით, მოდელირებით, მოლოდინებით, სათამაშოების შერჩევით და სხვა მომენტებით, რომელიც დაკავშირებულია განსხვავებული მოქცევით გოგონებთან და ბიჭებთან. სოციალურ-კოგნიტური თეორია ბიჰევიორიზმიდან და სწავლის ექსპერიმენტული გამოკვლევებიდან იღებს სათავეს. ამ თეორიის მიხედვით, ადამინი სწავლობს ქცევის პატერნებს დაახლოებით ისევე, როგორც ცხოველი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი არ არის ყოველთვის ისეთი კონკრეტული, როგორც ცხოველისათვის საკვები. ბავშვის ქცევა ყალიბდება მოზრდილების ყურადღებითა და წახალისებით. როგორც ანგერი აღნიშნავს, მშობლები არ დაყვებიან თავიანთ პატარა გოგონას და ყოველთვის, როცა ის თოჯინას აიღებს ხელში სათამაშოდ, არ აძლევენ კანფეტებს წახალისების მიზნით.ამ თეორიის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბავშვი ცხოველებისგან განსხვავებით სწავლობს სხვებზე დაკვირვებით, მოდელირებით და მათი ქცევის იმიტირებით. სოციალურ-კოგნიტური თეორიის ამოსავალს წარმოადგენს დებულება იმის შესახებ, რომ ქცევის ახალი ფორმების ჩამოყალიბება შესაძლებელია უშუალო გარეგანი განმტკიცების არარსებობის შემთხვევაშიც. ქცევის ათვისება შესაძლებელია მაგალითის საშუალებითაც. ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ იქცევიან სხვები და შემდეგ ვიმეორებთ მათ ქცევას. ამგვარად, ბანდურა აქცენტს აკეთებს არა პირდაპირ განმტკიცებაზე, არამედ – სწავლაზე დაკვირვებისა და მაგალითის გზით. ასეთნაირად ადამიანებს უყალიბდებათ გარკვეული ქცევის კოგნიტური მოდელი, რომელიც ვერბალური და კოგნიტური რეპრეზენტაციების სახით ინახება მეხსიერებაში და მომავალ ქცევაში ორიენტირის ფუნქციას ასრულებს. კერძოდ, ქცევის ამ კოგნიტურ მოდელებზე დაყრდნობით ხორციელდება მომავალი ქცევის ღირებულების კოგნიტური შეფასება და საზოგადოებაში მისი დადებითი თუ უარყოფითი განმტკიცების განჭვრეტა.სოციალურ-კოგნიტური თეორია ხაზს უსვამს კულტურული ძალების მნიშვნელობას ბავშვების მიერ გენდერული იდენტიფიკაციისა და გენდერულ-როლური ორიენტაციების ათვისებაში. სოციალურ-კოგნიტური თეორია სოციალური გავლენების თეორიაა. იგი გენდერულ იდენტიფიკაციასა და გენდერულ ტიპირებას განიხილავს არა როგორც ბიოლოგიურად დეტერმინირებულს, არამედ როგორც ბავშვისა და მისი გარემოს (მშობლები, მომვლელები, მედია, სკოლა, თანატოლები და სხვ.) ყოველდღიური ინტერაქციის შედეგს.ამ თეორიის მიხედვით, გენდერული იდენტიფიკაცია და ტიპირება იმდენად სოციალური გარემოს მხრიდან განხორციელებული უშუალო (პირდაპირი) განმტკიცების შედეგი კი არ არის, რამდენადაც შესაძლო ქცევის ღირებულების, მისი განმტკიცების შესაძლებლობის კოგნიტური შეფასების შედეგია. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ამ თეორიის ფარგლებში შემოტანილია სპეციფიკური სტრუქტურა – კოგნიტური მოდელი, რომელიც გამოცდილების პროცესში მოდელირებული ქცევების ვერბალური და ხატოვანი რეპრეზენტაციების სახით ინახება მეხსიერებაში. ეს კოგნიტური მოდელი, რომელსაც პროტოტიპის სახე აქვს, გენდერული იდენტიფიკაციის მექანიზმის ერთ-ერთი რგოლია: იგი მომავალი ქცევის შეფასების ნიმუშად გამოიყენება. სოციალურ-კოგნიტურმა თეორიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა გენდერული კვლევების განვითარებაზე. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ამ თვალსაზრისით ემპირიული მასალის მოპოვებაში. კერძოდ კი, გენდერული იდენტიფიკაციის პროცესში სოციალური და კულტურული ფაქტორების ზეგავლენის დამადასტურებელი ემპირიული მონაცემების დაგროვებაში.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006