1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კონფედერაცია

მყიფე გაერთიანება, იგი არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს და ყალიბდება განსაზღვრული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და არა ხანგრძლივი ვადით. კონფედერაციის მაგალითია შვეიცარია 1803-1815 და 1815-1848 წლებში, აშშ 1776-1787 წლებში, გერმანიის კავშირი 1815-1866 წლებში, შეერთებული ნიდერლანდები 1579-1795 წლებში ან ბრიტანული Commonwealth of Nations. 1958-1961 წწ. კონფედერაციას აყალიბებდნენ ეგვიპტე და სირია, ხოლო 1982-1989 წწ. – სენეგალი და გამბია.სახელმწიფოთა კავშირს ანუ კონფედერაციასა და ფედერაციულ სახელმწიფოს შორის იურიდიული განსხვავება ჩანს შემდეგ ძირითად პუნქტებში: – სახელმწიფოთა კავშირი ანუ კონფედერაცია, განსხვავებით ფედერაციისაგან, არ არის სახელმწიფო; სახელმწიფოს ნიშნები დამახასიათებელია მხოლოდ კონფედერაციაში გაერთიანებული წევრებისათვის. კონფედერაციული კავშირი არ ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას უშუალოდ მოქალაქეების მიმართ. კონფედერაციას არა აქვს მოქალაქეებისათვის უშუალოდ სავალდებულო კანონების გამოცემის და აღსრულების უფლება; – სახელმწიფოთა კავშირი ანუ კონფედერაცია ეფუძნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მიერ დადებულ ხელშეკრულებას, ფედერაციული სახელმწიფო კი – კონსტიტუციას. კონფედერაციის დამფუძნებელი ხელშეკრულება ამავდროულად წარმოადგენს კონფედერაციულ კავშირში გაერთიანებული სახელმწიფოების საქმიანობის საფუძველს და მისი შეცვლა მოითხოვს ყველა წევრის თანხმობას. ხელშეკრულება, რომელიც კონფედერაციას უდევს საფუძვლად, არის სუვერენულ პოლიტიკურ ერთობათა შორის დადებული შეთანხმება. ამ შეთანხმების შინაარსის განმარტების უფლება მინიჭებული აქვს ხელშეკრულების თითოეულ მონაწილეს, ფედერალური კონსტიტუციის ინტერპრეტაცია კი – ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებასაც იურიდიულად სავალდებულო ძალა გააჩნია. – კონფედერაციის წევრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოსვლა ამ ხელშეკრულებითი ურთიერთობიდან (სეცესიის უფლება). კონფედერაციის წევრებს ასევე აქვთ ნულიფიკაციის უფლება ანუ მათ შეუძლიათ არ აღიარონ ან არ გამოიყენონ საკავშირო ხელისუფლების აქტი. კონფედერაციულ კავშირში გაერთიანებული სუბიექტი ასევე ინარჩუნებს უფლებას, რომ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს სხვა გაერთიანებებთან წარმოშობილი დავა. კონფედერაციული ხელისუფლება და კონფედერაციის წევრ-სახელმწიფოთა ხელისუფლება ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი არიან. კონფედერაციის საკავშირო ხელშეკრულების შეცვლა მოითხოვს კავშირის წევრთა საერთო თანხმობას, ფედერალური კონსტიტუცია კი შეიძლება შეცვალოს საპარლამენტო უმრავლესობამ. – ფედერაციის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს თავიანთი გადაწყვეტილება გამოაქვთ ფედერაციის სახელით. ფედერალური ორგანოები, ფედერალურ ხელისუფლებაში ფედერაციის სუბიექტების მონაწილეობის სხვადასხვა ფორმის მიუხედავად, ახორციელებენ საერთო-პოლიტიკურ ნებას, რომელიც არ არის დამოკიდებული ფედერაციის სუბიექტების ნებაზე. ფედერალურ ხელისუფლებას ასევე აქვს ლეგიტიმაციის დამოუკიდებელი საფუძვლები. ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებები ლეგიტიმირებულია ფედერაციის მოქალაქეების ან მისი სუბიექტების მანდატით. ეს შეეხება არა მარტო ფედერალურ პარლამენტს და მთავრობას, არამედ პარლამენტის ფედერალურ პალატასაც, რომელიც პრინციპულად მოწოდებულია შეასრულოს ფედერაციის სუბიექტთა პარტიკულარული ინტერესების პოლიტიკური რეპრეზენტაციის ფუნქცია. მაგალითად, გერმანიის ბუნდესრატი, რომელშიც წარმოდგენილია ფედერალური მიწის მთავრობის ინტერესები, მონაწილეობს საკანონმდებლო პროცესში და გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით. შესაბამისად, ეს ორგანო ახორციელებს ფედერაციულ და არა კონფედერაციულ პრინციპს. განსხვავებული ვითარება გვაქვს კონფედერაციის შემთხვევაში. კონფედერაციის ორგანო აღჭურვილია იმპერატიული მანდატით. ეს ნიშნავს, რომ მასში წარმოდგენილია არა უშუალოდ კონფედერაციული გაერთიანების, არამედ კონფედერაციის წევრი, სუვერენული სახელმწიფოების ნება. კონფედერაციულ გაერთიანებაში წარმოდგენილი ნება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაშია ერთიანი. უმეტეს შემთხვევაში კი იგი ხასიათდება ურთიერთდაპირისპირებული ინტერესების არსებობი – კონფედერაციის ბიუჯეტი ყალიბდება მისი სუბიექტების ნებაყოფლობითი შენატანებისაგან. – კონფედერაციის გამგებლობას განეკუთვნება საკითხთა მხოლოდ განსაზღვრული, საკმაოდ ვიწრო წრე - როგორც წესი, ომისა და ზავის საკითხი, საგარეო პოლიტიკა, ერთიანი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება, კომუნიკაციის საერთო სისტემები, კონფედერაციის სუბიექტთა შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტა. კონფედერაციის საერთო გამგებლობას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა გაფართოება შესაძლებელია მხოლოდ კონფედერაციაში გაერთიანებული ყველა წევრის თანხმობით. კონფედერაციულ გაერთიანებაში ყალიბდება მხოლოდ ის ორგანოები, რომლებიც აუცილებელია სახელშეკრულებო აქტით დადგენილი ამოცანების განსახორციელებლად. ამიტომაა, რომ კონფედერაციას არ გააჩნია სასამართლო ორგანოები. იშვიათი გამონაკლისის სახით, კონფედერაციულ პოლიტიკურ სისტემებს აქვთ სამედიატორო სასამართლო, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულების ფუნქციებს. თუკი ამ ორგანოს შეუძლია იურიდიულად სავალდებულო აქტების გამოცემა, მაშინ საქმე გვაქვს ფედერალური ხასიათის იურიდიულ მექანიზმებთან. ამავე დროს, კონფედერაციის შემთხვევაში არ მოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილებათა იძულებითი განხორციელების მექანიზმი. – კონფედერაციის სუბიექტებს შეუძლიათ დაადგინონ საბაჟო და სხვა სახის შეზღუდვები, რომლებიც ზღუდავენ პიროვნების, საქონლის, კაპიტალის მოძრაობას. – როგორც წესი, კონფედერაციის დროს არ მოქმედებს ერთიანი ფულადი სისტემა. კონფედერაცია, რადგანაც იგი ეფუძნება მთავრობათა გაერთიანებას, არ იცნობს კონფედერაციისათვის საერთო ორგანოთა გადაწყვეტილებების შესრულების ქმედით, ეფექტიან მექანიზმებს. მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულება, კონფედერაციის შემთხვევაში, მთლიანად დამოკიდებულია წევრი-სახელმწიფოების კეთილ ნებაზე. კონფედერაციული კავშირი ზოგჯერ განხილულია, როგორც ანარქიზმის იურიდიული გამოხატულება. მით უფრო, რომ გოდვინის, პრუდონის, ბაკუნინის, კროპოტკინის მოძღვრებებში განვითარებული ანარქიზმის იდეა სრულებითაც არ უარყოფს პოლიტიკური ხელისუფლების არსებობის აუცილებლობას. ანარქისტების შეხედულებით, პოლიტიკური ხელისუფლება ეფუძნება სწორედ კონფედერაციულ საწყისებს. ანარქიზმის თეორეტიკოსები, საერთო-პოლიტიკური ხელისუფლების გვერდით, დასაშვებად მიიჩნევენ კავშირში გაერთიანებული თითოეული წევრის პოლიტიკური ხელისუფლების სუვერენიტეტის არსებობას.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9