1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფედ ფეთ ფეი ფელ ფემ ფენ ფეო ფერ ფეს ფეტ ფეც ფეხ

ფედერალისტი

ფედერალიზმის პრობლემებისადმი მიძღვნილ პოლიტიკურ-სამართლებრივ გამოკვლევებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჰამილტონის, მედისონისა და ჯეის მიერ გამოქვეყნებულ „ფედერალისტის სტატიებს“. „ფედერალისტის“ გამოქვეყნების საბაბს წარმოადგენდა ამერიკის მომავალი ტერიტორიული მოწყობის მოდელის გარშემო მიმდინარე მძაფრი იდეოლოგიური დისკუსიები. „ფედერალისტის“ ავტორთა ჩანაფიქრით, სტატიათა ციკლს ნიუ-იორკის მოქალაქეები პოზიტიურად უნდა განეწყო კონსტიტუციის გამოქვეყნებული პროექტისადმი. „ფედერალისტმა“ შეასრულა კონსტიტუციის ავთენტური კომენტარების დანიშნულება. იგი ასევე უნდა განვიხილოთ როგორც ახალი დროის რესპუბლიკური პოლიტიკური აზროვნების ფუძემდებლური დოკუმენტი. „ფედერალისტის“ სამივე ავტორი იყო პოლიტიკური პრაქტიკის წარმომადგენელი, რომელთაც შემდგომშიც არ შეუწყვეტიათ აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. მას შემდეგ, რაც ჰამილტონმა, მედისონმა და ჯეიმ დაასრულეს აშშ-ის კონფედერაციული კავშირის ფედერაციულ სახელმწიფოდ რეორგანიზაციის პროპაგანდისტული მხარდაჭერის მისია, თითოეული მათგანი მიუბრუნდა პოლიტიკურ პრაქტიკას. ჰამილტონი 1789 წელს, ვაშინგტონის პრეზიდენტობის პერიოდში, გახდა აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, მედისონი 1809 წელს გახდა აშშ მეოთხე პრეზიდენტი, ჯეი 1789 წლიდან ხელმძღვანელობდა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს. ავტორების პოლიტიკურ გამოცდილებასთან ერთად, „ფედერალისტის“ იდეოლოგიური საფუძვლები ბევრად განსაზღვრა აზროვნების ევროპულმა ტრადიციებმა: ელინიზმმა, აღორძინებამ, ინგლისურმა კონსტიტუციონალიზმმა და პურიტანიზმმა. შეიძლება ითქვას, რომ „ფედერალისტი“ წარმოადგენს თეორიისა და პრაქტიკის, ახალი და ძველი სამყაროს აზროვნების შესანიშნავ სინთეზს.1 „ფედერალისტი“ ასევე შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამერიკული ფედერალიზმის ბიბლია. „ფედერალისტი“ მოიცავს 1787 წლის ოქტომბრიდან 1788 წლის მაისამდე გაზეთებში: („Daily Advertiser“, „Intependent Journal“ და „New York Facet“) ალექსანდრე ჰამილტონის, ჯეიმს მედისონის და ჯონ ჯეის ავტორობით გამოქვეყნებულ 85 სტატიას3 , რომელთაგან 51-ის ავტორია ჰამილტონი, 14-ის – მედისონი და 5-ის – ჯეი. 15 სტატიის ავტორად – სავარაუდოდ მიჩნეულია ან ჰამილტონი, ან მედისონი. 85-ვე სტატია 1788 წელს გამოქვეყნდა ნიუ-იორკში „The Federalist“ -ის სათაურით.4 „ფედერალისტის“ ავტორები სტატიებს ხელს აწერდნენ ლათინური ფსევდონიმით: „პუბლიუს“. „ფედერალისტი“ წარმოადგენს მკაცრად სისტემატიზებულ პოლიტიკურ ტრაქტატს. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ Federalist Papers გამოქვეყნდა როგორც საგაზეთო სტატიების სერია, დაწერილი იყო კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამი განსხვავებული ავტორის მიერ. ფედერალიზმის იდეის არგუმენტაციას ავტორები ახორციელებენ ნაბიჯ-ნაბიჯ, სამეცნიერო აზროვნების მკაცრი ლოგიკის სრული დაცვით.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9