1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პით პილ პირ პიტ პიუ

პიტერის პრინციპი

კანადელმა პედაგოგმა ლოურენს პიტერმა თავის წიგნში „პიტერის პრინციპი” ჩამოაყალიბა დებულება, რომელმაც მას მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. დებულების თანახმად, იერარქიულ სისტემაში ნებისმიერი თანამშრომელი აღწევს თავისი არაკომპეტენტურობის დონეს. იერარქიულ ორგანიზაციებში კომპეტენტურ თანამშრომლებს აწინაურებენ. თანამშრომელი უფრო მაღალ თანამდებობას იღებს მანამ, სანამ იმ დონეს არ მიაღწევს, რომლის შესაბამისი მოვალეობის შესრულება მას აღარ შეუძლია. ანუ, ამ თანამდებობისათვის იგი უკვე არაკომპეტენტურია. სწორედ აქ, არაკომპენტენტურობის დონეზე, თანამშრომელი მანამ დარჩება, სანამ ორგანიზაციას ან თავისი ნებით არ დატოვებს, ან პენსიაზე არ გავა, ან არ მოკვდება. რაც მეტი თანამშრომელი აღწევს თავისი არაკომპეტენტურობის დონეს, მით უფრო მეტად იკლებს ორგანიზაციის საერთო კომპეტენცია, ეცემა მისი ეფექტიანობა და რეგრესი უწყვეტ პროცესად ყალიბდება. „უკანასკნელი გაჩერების სინდრომი” თვალსაჩინოდ გამოიხატება თანამშრომლის ქცევაში - სამუშაოს ფორმალიზებისაკენ სწრაფვაში, ახალი ბიუროკრატიული წესების მოგონებაში და ასე შემდეგ. საქმეს მხოლოდ ისინი აკეთებენ, ვისაც ჯერ თავისი არაკომპეტენტურობის დონისათვის არ მიუღწევია. ასეთების რაოდენობა კი სულ უფრო მცირდება! პიტერის პრინციპს ბევრი მიმდევარი გაუჩნდა, რომელთაც შედეგები, კანონები და პოსტულატები ჩამოაყალიბეს. აი, ზოგიერთი მათგანი: პიტერის პრინციპი შედეგი: 1. დროთა განმავლობაში, თითოეულ თანამდებობას დაიკავებს თანამშრომელი, რომელიც არაკომპეტენტური იქნება თავისი მოვალეობის შესასრულებლად. 2. საქმეს ის თანამშრომლები აკეთებენ, რომლებსაც ჯერ საკუთარი არაკომპეტენტურობის დონისათვის არ მიუღწევიათ. პიტერის ევოლუციის კანონი კომპეტენტურობა ყოველთვის შეიცავს არაკომპეტენტურობის მარცვალს. პიტერის შეცვლადობის პრინციპი მზრუნველობა ბუზებისადმი გამოავლინეთ, სპილოები საკუთარ თავს მიხედავენ. ვეილის აქსიომა ყოველ ორგანიზაციაში სამუშაო თავს იყრის იერარქიის ყველაზე დაბალ დონეზე. პიტერის პრინციპი დღესაც მართებული და აქტუალურია, თუმცა, დრო მიედინება და გარემო იცვლება. ზღვა ინფორმაცია, ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები ყველასგან მოითხოვს მობილურობას, ცვლილებას და განვითარებას... და ცნობილი დებულების დაზუსტების დროც დადგა. პიტერის დაზუსტებული პრინციპი: სწრაფად ცვლად გარემოში ნებისმიერი თანამშრომელი თავისი არაკომპეტენტურობის დონეს ადგილიდან გაუნძრევლად აღწევს შედეგი: 1. დრო, რომლის განმავლობაში ყველა თანამდებობას არაკომპეტენტური თანამშრომელი დაიკავებს, კატასტროფიულად მცირდება. 2. ძალიან სწრაფად საქმის გამკეთებელი აღარავინაა.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 1, [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], ISSN 1512-4487,- მარტი, 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9