1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

NA NC ND NE NG NH NI NL NO NP NR
NLP NLT

NLP

ნეიროლინგვისტური პროგრამირება - დისციპლინაა, რომელიც წარმატებული გამოცდილების მოდელს ქმნის - აანალიზებს, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ნერვული სისტემა (ნეირო) - მის მეტყველებასა (ლინგვისტური) და არავერბალურ რეაქციებზე დაკვირვებით - და ამ ანალიზის საფუძველზე, სტრატეგიებსა და მეთოდებს (პროგრამირება) ქმნის, რომელთა საშუალებითაც ამ უნარს სხვა ადამიანებს გადასცემს. NLP პოზიცია და მეთოდოლოგიაა, რომელიც პრაქტიკულ მეთოდებსა და ტექნიკებს გვთავაზობს. მათი საშუალებით შევძლებთ, ჩვენი კომუნიკაციური უნარები დავხვეწოთ, გავხადოთ ისინი უფრო ეფექტიანი და მოქნილი და, შესაბამისად, ვიყოთ უფრო წარმატებული საქმიანი მოლაპარაკებების დროს, განვახორციელოთ ეფექტური საჯარო გამოსვლა და პრეზენტაცია, ადვილად გავუგოთ სხვა ადამიანებს და შევცვალოთ მათი განწყობა, ვესაუბროთ მათ „საკუთარ ენაზე“, გავხდეთ საკუთარ თავში დარწმუნებული, შევცვალოთ ჩვენი ქცევის სტრატეგია... NLP გვთავაზობს ტექნიკებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია მცირე დროში გავთავისუფლდეთ ნეგატივიზმისგან, ფობიებისგან (შიშებისგან), დეპრესიისაგან. NLP ახალგაზრდა დისციპლინაა - იგი 70-იან წლებში შეიქმნა. ორი ამერიკელი მკვლევარი - ლინგვისტი რიჩარდ ბენდლერი და პროგრამისტი ჯონ გრინდერი - დაინტერესდნენ, თუ კონკრეტულად რა იწვევს ცვლილებებს პაციენტში ფსიქოთერაპიის მიმდინარეობისას. მათ თხოვნით მიმართეს იმ დროის ყველაზე ცნობილ ფსიქოთერაპევტებს - პერლზს, ერიქსონსა და სატირს, რათა თერაპიული სეანსების აუდიო- და ვიდეოჩანაწერი გაეკეთებინათ. მათ ათასობით ჩანაწერი გააანალიზეს, კომუნიკაციის პროცესი ელემენტებად დაშალეს, გამოიკვლიეს, თუ რომელ ზმნას, ზედსართავს ან არსებით სახელს იყენებს, ერთი მხრივ, თერაპევტი და, მეორე მხრივ, კლიენტი - და რა ფორმით. ვიზუალური მასალის საფუძველზე მოხდა სხეულის ენის ანალიზი - აკვირდებოდნენ პოზის, ჟესტიკულაციის, ხმის ტემბრის ცვლილებებს და გარკვეული კანონზომიერებები დაადგინეს. სწორედ ამ კანონზომიერებების საფუძველზე შეიქმნა მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ადამიანში ეფექტიანი ფსიქოთერაპიული ცვლილებების განხორციელება. როგორც თავად ავტორები აღნიშნავდნენ, მათი მიზანი ყოველთვის პრაქტიკული შედეგების მიღება იყო და, შესაბამისად, NLP-ს უფრო აღწერითი ხასიათი აქვს. მას შემდეგ NLP-ს მოდელი გაფართოვდა. მან განსხვავებული დისციპლინების - კიბერნეტიკის, ფილოსოფიის, კოგნიტური ფსიქოლოგიის, „არაცნობიერის“ კვლევის და ნევროლოგიის ელემენტები მოიცვა. დღეს NLP-ს ინსტიტუტები მთელ მსოფლიოში არსებობს. NLP-ს იყენებენ მედიცინასა და ჯანდაცვაში, ფსიქოთერაპიაში, ბიზნესში, განათლებაში, სპორტში, სამართალში და ადამიანის მოღვაწეობის უამრავ სხვა სფეროში. მაშ ასე, NLP - ნეიროლინგვისტური პროგრამირება - ცოდნაა იმის შესახებ, თუ როგორ ვიღებთ, გადავამუშავებთ, ვიმახსოვრებთ და გავცემთ ინფორმაციას: „ნეირო“ გულისხმობს ნერვულ სისტემას, „ლინგვისტური“ - სიტყვის, როგორც სიმბოლოს მნიშვნელობას, „პროგრამირება“ - განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ვახორციელებთ ჩვენი ცნობიერების კონტროლს. გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციას ჩვენი გრძნობათა ორგანოების საშუალებით ვიღებთ. ადამიანის სხეულზე მრავალრიცხოვანი გრძნობითი რეცეპტორებია განლაგებული. ამ ნერვული მექანიზმების გარდა, სამყაროს შესახებ ინფორმაციის მიღების სხვა საშუალება არ გაგვაჩნია. მთელი ჩვენი გამოცდილება ფორმირდება მხედველობითი, სმენითი, კინესთეტიკური (სხეულის მოძრაობა და მდგომარეობა), ყნოსვითი და გემოს შეგრძნებების საფუძველზე. NLP-ში მათ რეპრეზენტაციულ სისტემებს უწოდებენ (რეპრეზენტაცია - ეს რაიმეს ხელახლა წარმოდგენაა). NLP-ში სამ ძირითად რეპრეზენტაციულ სისტემას: ვიზუალურს (მხედველობითს), აუდიალურს (სმენითს) და კინესთეტიკურს (სხეულებრივს) გამოყოფენ (თუ მოგონების ნაწილი სუნი ან გემოა, მაშინ ჩვენი ტვინი ამ რეპრეზენტაციასაც გამოიყენებს.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 9,-[რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი],- ISSN 1512-4487,- დეკემბერი, 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9