ამ ორიენტაციის ადამიანებს არ სჯერათ, რომ გარესამყაროდან რაიმე ახალს მიიღებენ. მათი უსაფრთხოება მომხვეჭელობასა და ეკონომიას ემყარება, ხარჯებს კი ასეთი ადამიანები საფრთხედ მიჩნევენ. ისინი, თითქოსდა, საკუთარი თავის გარშემო ზღუდეს აგებენ და ერთ მიზანს ისახავენ - რაც შეიძლება ბევრი შეიტანონ თავიანთ სამალავში და რაც შეიძლება ნაკლები გამოიტანონ იქიდან. მათი სიძუნწე მარტო ფულსა და მატერიალურ საგნებზე კი არ ვრცელდება, არამედ - გრძნობებსა და აზრებზეც... ეს ადამიანები ვერ იტანენ, როცა ნივთები თავის ადგილზე არ დევს და ავტომატურად ცდილობენ ყველაფრის მოწესრიგებას. მათთვის გარესამყარო საკუთარი უსაფრთხოების მუქარაა. ამ ტიპის ადამიანები ფიქრობენ, რომ აკურატულობის წყალობით შეძლებენ, გარესამყაროსთვის გარკვეული ადგილის მიჩენას და მის ამგვარად დაქვემდებარებას... ისინი გარესამყაროს საკუთარი თავდაცვითი პოზიციის საფრთხედ მოიაზრებენ და, ამის პასუხად, მათი ლოგიკური რეაქციაა სიჯიუტე. გაუთავებელი „არა“ მათ სამყაროში შეჭრისაგან ავტომატური თავდაცვაა, საკუთარ აზრზე ჯიუტად დგომა პასუხია გარედან განხორციელებულ შემოტევაზე... ამ ადამიანებისთვის სიკვდილი და ნგრევა მეტი რეალობის მომცველია, ვიდრე - სიცოცხლე და განვითარება. შემოქმედების აქტი მათთვის სასწაულია, რის შესახებაც კი სმენიათ, მაგრამ რომლისაც არ სჯერათ. მათი დევიზია: „ცისქვეშეთში არაფერია ახალი“, ძირითადი ფასეულობები კი - წესრიგი და უსაფრთხოებაა. მომხვეჭელი მიდრეკილია იჭვნეულობისკენ და მისი სამართლიანობის გრძნობა ასე გამოიხატება: „ყველაფერი ჩემი მე მეკუთვნის, შენი კი - შენ“. ბიზნესის სამყაროში ასეთი ტიპის ორიენტაციის მატარებლები, ჩვეულებრივ, ე.წ. ბიუროკრატები არიან. თუ ბიუროკრატი ორგანიზაციის სათავეში დგას, ის პერსონალისთვის მძიმე სიტუაციას ქმნის. თანამშრომლები ტოვებენ ორგანიზაციას, რაც, ხასიათის ბუნებიდან გამომდინარე, აღიზიანებს ბიუროკრატს. იგი ცდილობს, ყველა მისაღები თუ მიუღებელი მეთოდების გამოყენებით შეაკავოს ორგანიზაციიდან ხალხის გადინება.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები №9,-[რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი],- ISSN 1512-4487,- დეკემბერი, 2007