გამოყოფდა მოთხოვნილებათა სამ ჯგუფს, რომელთაც ადამიანი გამოცდილებასთან ერთად იძენს. ესენია: სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნების მოთხოვნილება, წარმატების (მიღწევის) მოთხოვნილება და ძალაუფლების მოთხოვნილება. მაკკლელანდი თვლიდა, რომ თუ ეს სამი მოთხოვნილება საკმარისი დოზით არსებობს ადამიანში, ის ყველანაირად ცდილობს მათ დაკმაყოფილებას. ადამიანი, ვისაც მაღალი აქვს მიღწევის მოთხოვნილება, მიზნებს დამოუკიდებლად სახავს. თავისი საქმიანობისას იგი ზომიერად სარისკო გადაწყვეტილებებს იღებს და განხორციელებული ქმედებისგან დაუყოვნებლივ შედეგებს მოელის. მაკკლელანდი აღნიშნავდა, რომ მიუხედავად მიღწევის მაღალი მოთხოვნილებისა, ასეთი ადამიანები ხშირად ვერ აღწევენ ორგანიზაციული იერარქიის მაღალ დონეებს, რადგან იქ, „ზემოთ”, აუცილებელი ხდება უფრო მეტი რისკის გაწევა და უფრო რთული მიზნების დასახვა, ვიდრე მათ ეს რეალურად შეუძლიათ. თანამონაწილეობის, მიკუთვნების მოთხოვნილება ვლინდება კოლექტივში პიროვნული ურთიერთობების აწყობისკენ და საერთო საქმის კეთების პროცესში ჩართულობისკენ სწრაფვაში. ადამიანებს, რომლებსაც თანამონაწილეობის მაღალი მოთხოვნილება აქვთ, ჯგუფში მუშაობა და ადამიანებთან ურთიერთობა ურჩევნიათ; მათ სურთ კოლექტივის მხარდაჭერა და მოწონება და აღელვებთ „ის, თუ რას იტყვიან სხვები”. ძალაუფლების მოთხოვნილება ვლინდება ადამიანის სურვილში, მის ირგვლივ მიმდინარე სხვადასხვა პროცესი აკონტროლოს და გავლენა მოახდინოს გარშემომყოფთა ქცევებსა და საქმიანობაზე. ძალაუფლების მოთხოვნილების მქონე ადამიანები ორ ურთიერთგამომრიცხავ ჯგუფად ნაწილდებიან. პირველ ჯგუფს განეკუთვნებიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალაუფლება ძალაუფლების გამო. ძალაუფლებაში მათ, პირველ რიგში, ადამიანების განკარგვის იდეა იზიდავს, ასე რომ, ისინი, პირველ რიგში, ხელმძღვანელობის პროცესზე ახდენენ ფოკუსირებას; ამასობაში, ორგანიზაციის მიზნები და ინტერესები, შესაძლოა, მეორე პლანზე გადავიდეს. მეორე ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალაუფლება, როგორც უფლებამოსილება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, მათი ჯგუფის თუ ორგანიზაციის წინაშე მდგარი ამოცანები გადაჭრან. ეს ადამიანები ძალაუფლების სურვილს იმით იკმაყოფილებენ, რომ მიზნებს და ამოცანებს განსაზღვრავენ, მაგრამ, ამავდროულად, ამ ამოცანების შესრულებაში საკუთარ მონაწილეობასაც არ გამორიცხავენ. ასე რომ, ძალაუფლების მოთხოვნილება მათთვის ნიშნავს არა თვითდამკვიდრებას და ამბიციების დაკმაყოფილებას, არამედ - ორგანიზაციული მიზნების შესრულებას. მაკკლელანდი მიიჩნევს, რომ წარმატებული მენეჯერისთვის ზუსტად ამ მეორე ტიპის ძალაუფლების მოთხოვნილების არსებობაა გადამწყვეტი.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008