განათლების ალტერნატიული სისტემა. ფუძემდებლად მიჩნეულია ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე ჯონ დიუი. ამ სკოლის ძირითადი პრინციპებია პრაქტიციზმი, პროფილიზაცია და ელექტიურობა. პრაქტიციზმი გულისხმობს სასწავლო პროცესის ორიენტირებას მხოლოდ პრაქტიკული ღირებულების ცოდნის მიღებაზე. პროფილიზაცია უკვე ადრეულ ასაკში სწავლის მიმართულების (პროფილის) არჩევას ნიშნავს. ელექტიურობა კი სასწავლო პროცესში არაპროფილური საგნების მკვეთრ შემცირებასა და პროფილთან დაკავშირებული საგნების საკმაოდ ფართო არჩევანს გულისხმობს. ამასთან, ითვლება, რომ სწავლის პროცესმა არ უნდა გადატვირთოს მოსწავლე. სწავლის პროცესის თანმიმდევრობა არ არის დაფიქსირებული მასწავლებლის მიერ - ის, უბრალოდ, ირჩევს, რა სცენარით უნდა ჩატარდეს გაკვეთილები. თვალსაჩინოებას გადამწყვეტი როლი ენიჭება; ამასთან, იგულისხმება, რომ პრაქტიკა სასწავლო პროცესის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია. სწავლის დროს მოსწავლე იღებს პრაქტიკული ხასიათის ამოცანების გადაწყვეტის გამოცდილებას. კონტროლი სხვადასხვა სახის ტესტების საშუალებით ხორციელდება.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008