1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პარკი რობერტ

(1864-1944) - ჩიკაგოს სკოლის წამყვანი და ყველაზე გამოჩენილი ლიდერი და ურბან-სოციოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი ფუძემდებელია. იგი პროფესიით გაზეთის ჟურნალისტი იყო და სოციოლოგიაში მოგვიანებით გადაერთო ქალაქებში მიმდინარე პროცესებით დაინტესების შედეგად. მას წამდა, რომ ქალაქზე წერას და მის კვლევას არა ჟურნალისტური, არამედ მეცნიერული მიდგომა სჭირდება. 1899 წელს იგი ბერლინში გაემგზავრა, სადაც ჯორჯ სიმელთან ერთად სწავლობდა სოციოლოგიას, შემდგომ კი ჩიკაგოს სკოლას მიაშურა და პედაგოგის კარიერას მიჰყო ხელი. მან ჯორჯ სიმელის ნაშრომები ამერიკელ მეცნიერთა წრეს გააცნო, და შემდგომ რობერტ ბარჯეზთან ერთად გამოუშვა სოციოლოგიის პირველი სახელმძღვანელო „სოციოლოგიური მეცნიერების შესავალი“. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომებია „ადამიანთა თემები“ და ბარჯეზთან და მაკკენზისთან თანაავტორობით გამოცემული მონოგრაფია „ქალაქი“. პარკის თეორიამ განავრცო ახალი იდეები სივრცის სხვადასხვა მახასიათებლების მიერ სოციალურ გამოცდილებასა და ორგანიზაციაზე გავლენის შესახებ. იგი დაინტერესებული იყო ქალაქის სტრუქტურის კვლევით და მიწასთან სოციალური ჯგუფების მიმართებით. იგი იკვლევდა ადამიანის ადაპტაციას (შეგუებას) ქალაქის სივრცესთან და მოუწოდებდა სხვა მეცნიერებს ქალაქელთა ქცევის მოდელები შეესწავლათ. სწორედ ეს მიდგომა დაედო საფუძვლად ურბანსოციოლოგიის ქალაქის ეკოლოგიად - ანუ ურბანეკოლოგიად წოდებული სკოლის თეორიას, რომელიც ადამიანისა და ქალაქური გარემოს ურთიერთობას სწავლობს და აღიარებს, რომ ფიზიკური გარემო განსაზღვრავს ადამიანის ქცევას. ურბანეკოლოგიამ ქალაქის უბნები განიხილა „ბუნებრივ ადგილებად“, ამ ადგილების სივრცითი დაყოფა და განლაგება ქალაქის ერთიან სივრცეში კი როგორც შრომის გადანაწილების შედეგი. ასეთი ბუნებრივი ტერიტორიებია: ქალაქის ცენტრალური საქმიანი უბანი, საცხოვრებელი უბნები, საწარმოო ზონა, გეტოს უბნები, ბოჰემის უბნები და სხვა. მათი ბუნებრიობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი იმ ეკოლოგიური ძალების პროდუქტია, რომელიც მოსახლეობას ქალაქის სივრცეში ფუნქციურად ანაწილებს. საუკეთესო ადგილებს მდიდრები ეუფლებიან, დანარჩენს სხვა ფენები ინაწილებენ შემოსავლისა და სხვა სტატუსის მიხედვით. ყოველი ტერიტორია თავისებური „მორალური კოდექსით“ ხასიათდება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს შეესაბამება. ასეთი სეგრეგაცია ქალაქს გარკვეულად მოზაიკურს ხდის. ქალაქის ეკოლოგია აღიარებს, რომ თუმც კი ქალაქი მეტნაკლებად მართვადი სოციალურ წესრიგების ჯამია, ეს არეალები არ არის სტაბილური და ინდივიდები ძალიან ხშირად კვეთავენ მის საზღვრებს - გადადიან ერთი არეალიდან მეორეში და ერგებიან იმ მორალურ კოდექსს, რომელიც ამ კონკრეტულ გარემოშია მიღებული. პარკის თეორიამ დასაბამი მისცა ურბანიზმის, ანუ ქალაქური კულტურის მეცნიერულ შესწავლას.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9