(1864-1920) - მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეკონომიკის სფეროში მოღვაწეობდა, იგი მიჩნეულია თანამედროვე სოციოლოგიის ერთ-ერთ ძირითად ფუძემდებლად, ასევე დისციპლინათა შორისი მიდგომის მამამთავრად. წარმოშობით გერმანელი, იგი თავის მეუღლესთან ერთად, რომელიც ფემინისტი იყო, მიეკუთვნებოდა გერმანიის ინტელექტუალური წრეს. ვებერები რეგულარულად მართავდნენ საკვირაო სემინარებს თავის სახლში. მაქს ვებერმა შეიმუშავა ფილოსოფიური მიდგომა სოციალური მეცნიერებებისადმი და სოციოლოგიის თეორიის კონცეპტუალური ჩარჩოები. მისი ფილოსოფია მიჯნავს რადიკალურ განსხვავებას „ფენომენს“, ანუ გარე სამყაროს შეცნობასა და „ნოუმენს“ –აღქმით შემეცნებას შორის, რომლის საფუძველია სხვაობა ბუნებრივ და სოციალურ მეცნიერებებს შორის. იმ დროს, როდესაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ჩვენ ვეძებთ უნივერსალურ კანონებს, სოციალური მეცნიერებებისათვის ეს არ წარმოადგენს მიზანს, რადგან სოციალური ქმედებანი და ფორმები შეისწავლება და განიხილება კონკრეტულ კონტექსტში. თანამედროვე მეცნიერთა მხრიდან ვებერის იდეებისადმი მეტად სადავო მიდგომა არსებობს: ზოგი მას მიიჩნევს ფაშიზმის წინამორბედად, ზოგი კი ლიბერალად. მისი ნაშრომების დიდი რაოდენობიდან და მოცულობიდან ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეულია: „ეკონომიკა და საზოგადოება“, „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ და „ზოგადი ეკონომიკის ისტორია“.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001