1960-იან წლებამდე დომინირებდა კულტურალისტური ორიენტაცია და ამ დროისათვის მან კრიზისს მიაღწია. ბევრი საშუალება, რომელიც ადრე მხოლოდ ქალაქში და ქალაქელთათვის ფუნქციონირებდა - მასმედიის, კომუნიკაციის და სხვა ტექნიკური საშუალებები - სოფელშიც გავრცელდა და ურბანიზმის კულტურალისტური თეორია გარკვეულად ჩიხში მოაქცია. პოლიტეკონომისტებმა დაიწყეს საუბარი გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზე და საერთაშორისო ქსელებზე. ყოველივე ამან გამოიწვია ურბან სოციოლოგიაში ახალი სტრუქტურალისტური მიმართულების გაჩენა, რომელიც პოლიტ-ეკონომიას ეყრდნობოდა. პოლიტ-ეკონომიამ ქალაქის გარემოს შეხედა როგორც სოციალური პროცესების სივრცით გამოხატულებას და არა როგორც გარემოს რომელიც თვით ქმნის და მიმართავს კონკრეტულ სოციალურ პროცესებს, როგორც ამას კულტურალისტები მიიჩნევდნენ. პოლიტეკონომიამ ძირითადი როლი თანამედროვე ქალაქთა ზრდისა და პროგრესის მიღწევაში ეკონომიკურ და გლობალურ პროცესებს მიანიჭა: კლასების, ერების და მრავალეროვანი კორპორაციების ურთიერთქმედებას.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001