სოციალური სტატუსი განისაზღვრება ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფაქტორებით, რომელთაგან მატერიალური სიმდიდრე მაინც დომინანტურ ფაქტორს წარმოადგენს. ამ კუთხით სოციოლოგებმა შემოიტანეს სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის (SES) ცნება. ეს ის ცვლადია, რომელიც გამოხატულებას სივრცით გარემოში ახდენს. SES ის მახასიათებელია, რომლის მოხედვითაც ხდება ერთგვარი სტატუსის მფლობელი ადამიანების თავმოყრა და სივრცითი დაჯგუფება ქალაქის კონკრეტულ უბნებში. ამის შესანიშნავი მაგალითებია ბევერლი ჰილი ბოსტონში, პარკ ავენიუ ნიუ-იორკში - მდიდართა უბნები, რომელთა სტატუსი მთელს მსოფლიოშია ცნობილი. აქ საქმე გვაქვს სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადაქცევასთან სივრცით სტატუსად, რის შედეგადაც მდიდართა უბნების წარმომადგენლები ცდილობენ თავისი სამფლობელო თუ უბანი გამიჯნონ ქალაქის სხვა ნაწილებისაგან. ასეთი იზოლაციის მცდელობა ადამიანთა დასახლებების ისტორიის მთელ მანძილზე არსებობს და იწვევს სივრცის სეგრეგაციას, რომელიც დაცვის ისეთი საშუალებებითაც გამოიხატება, როგორიცაა ცოცხალი დაცვა, ღობეები და სიმბოლური ნიშნები.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001