გამოხატავს სახელმწიფოს ოფიციალურ დამოკიდებულებას სივრცითი, სოციალური და ეკონომიკური პროცესებისადმი, რომელიც ქალაქში ფორმირდება და ვითარდება. მისი მთავარი ფუნქციაა გარემოს რეგულერების ნორმებისა და წესების შემოღება და გატარება ქალაქისა, რაიონისა თუ სახელმწიფოებრივ დონეზე. იგი მიმართულია ინდივიდუალური და პირადი გადაწყვეტილებების, ეკონომიკური და საბაზრო ფაქტორების გასაწონასწორებლად. მას შეუძლია როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი როლი ითამაშოს ურბანიზაციის პროცესების მიმართვაში, შეზღუდოს პროცესები, გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს იგი, ან პირიქით, სრული თავისუფლება მიანოჭოს მათ. ანუ სხვა სიტყვებით, მას აქვს უნარი ხელი შეუწყოს ან შეუშალოს გარკვეული სოციალური პროცესების, კულტურის სპეციფიკისა და ცხოვრების ყაიდის ფორმირებას, რადგან პოლიტიკას და რეგულირებას აქვს უნარი გარკვეული გზით მიმართოს საზოგადოებაში არსებული რესურსები. ურბანული პოლიტიკა შეიმუშავებს იმ წესრიგს, უფლებებსა და მოვალეობებს, რომელშიც ქალაქური პროცესები მიმდინარეობს. ხშირად ასეთი პოლიტიკა კონფლიქტში ექცევა ცალკეულ ბიზნენის, ორგანიზაციისა, თუ ინდივიდების გადაწყვეტილებებთან, ან პირიქით, ხელს უწყობს მათ. ეფექტური ურბანული პოლიტიკა არ ფორმირდება მხოლოდ მთავრობის მიერ, იზოლირებულად სხვა ორგანიზაციებისაგან, არამედ იგი მუშავდება ქალაქმგეგმარებლებთან, ადმინისტრაციულ მუშაკებთან, მეცნიერებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად მოსახლეობის აზრისა და ინტერესების გათვალისწინებით. ურბანული პოლიტიკა წარმოადგენს გრძელვადიან სტრატეგიულ პერსპექტივას მთავრობის ყველა დონეზე, რომელიც მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს, როგორიცაა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, დანაშაულებასთან ბროძოლა, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, კომუნიკაციის საშუალებები, ჯანდაცვა, ეკოლოგია და ასე შემდეგ. ურბანული პოლიტიკის ძირითადი შეკითხვებია: მთავრობის როგორი სტრუქტურაა ყველაზე ეფექტური ურბანული პროცესების მართვისათვის? რას აღწევს ყველაზე ეფექტური პოლიტიკა? როგორია მისი მიზანი და როგორ ხდება მისი ფორმირება? მსოფლიოს პოლიტიკური სისტემები მრავალფეროვანია ურბანულ პოლიტიკასთან მიმართებაში.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001