1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინტეგრაციის კონცეფცია

XX ს. 60-იანი წლების მანძილზე, იმ ენთუზიაზმის ტალღაზე, რომელიც მოჰყვა რეგიონული ჯგუფების რაოდენობრივ ზრდასა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარებას, რეგიონები საერთაშორისო პოლიტიკაში განისაზღვრებოდა, როგორც „სახელმწიფოთა შეზღუდული რიცხვი, რომელთა კავშირსაც განაპირობებს გეოგრაფიული სიახლოვე და ურთიერთდამოკიდებულების მაღალი დონე. მათი დიფერენცირება კი შესაძლებელია სავაჭრო კავშირების განვითარების, ფორმალური ორგანიზაციების რიცხვისა და მნიშვნელობის, პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის მიხედვით“ (Nye 1968: vii). ნაი მიიჩნევდა, რომ ინტეგრაციის პროცესი მოიცავდა მსოფლიოს მრავალ მხარეს და მას ხელს უწყობდა ახალი სახელმწიფოების – ყოფილი კოლონიების რიცხვის გაზრდა; დაძაბულობის შედარებითი განმუხტვა ზესახელმწიფოებს შორის; ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების აღმავლობა; მრავალმხრივი სავაჭრო რეჟიმის განმტკიცება; დასავლეთ ევროპის უმძლავრესი ქვეყნების დაახლოება ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებით. ინტეგრაცია შეიძლება გაგებული იყოს როგორც პირობა ან პროცესი, როგორც აღწერა სისტემისა უკვე არსებული ელემენტებით; ანდა გამოყენებული იყოს იმის ასახსნელად, თუ რატომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური სისტემა და რატომ ვითარდება იგი ამა თუ იმ მიმართულებით. საყურადღებოა ინტეგრაციის შემდეგი სახით განსაზღვრება: „მანამდე ავტონომიურად არსებულ ერთობებს შორის ურთიერთქმედების ინტენსიური და მრავალმხრივი კავშირების შექმნა და შენარჩუნება. ეს კავშირები თავისი ხასიათით ნაწილობრივ შეიძლება იყოს ეკონომიკური, ნაწილობრივ სოციალური, ნაწილობრივ კი პოლიტიკური: პოლიტიკურ ინტეგრაციას თან ახლავს ეკონომიკური და სოციალური ურთიერთქმედების მაღალი დონე” (Wallace, 1990: 9). ინტეგრაცია შეიძლება ატარებდეს როგორც ფორმალურ ხასიათს – რაც გამოიხატება პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, ისე შეიძლება გამოიხატოს არაფორმალური ცნებებით – რაც გულისხმობს ურთიერთქმედებას ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ სფეროებში. მსოფლიო რეგიონებს შორის ინტეგრაცია შეიძლება იყოს კომპლექსური და მრავლმხრივი პროცესი, რომელშიც ჩართულნი არიან აქტორთა სხვადასხვა ტიპები. ეს აქტორები მოქმედებენ საზოგადოებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებში და ასევე არიან ამ სფეროების დამაკავშირებელნი. ინტეგრაციამ, როგორც სამართლებრივმა პროცესმა, რომელიც გამოხატავს ურთიერთდამოკიდებულებასა და ურთიერთქმედებას ქვეყნების ჯგუფებს შორის, ბუნებრივია, შეიძლება სხვადასხვა ფორმები მიიღოს. ეკონომიკური ინტეგრაცია ხშირად გულისხმობს საბაჟო კავშირებს, შეთანხმებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ანდა თავისუფალ ბაზარს, რის შედეგადაც იქმნება ეკონომიკური მოღვაწეობის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი პირობები და მიიღება რეგულირებისათვის საერთო წესები სხვადასხვა ეროვნული კანონების სანაცვლოდ. პოლიტიკური ინტეგრაცია შეიძლება გულისხმობდეს არა მხოლოდ ინსტიტუციონალური მექანიზმების ფორმირებასა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურებს, არამედ ასევე თანმთხვევი ფასეულობებისა და მიზნების ჩამოყალიბებას, უთანხმოებათა მშვიდობიან გადაწყვეტასა და სოციალურ-პოლიტიკურ მჭიდრო დაკავშირებას.
Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9