1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეზი ეზო

ეზიდიზმი

ტრადიციულ და ნაციონალურ რელიგიათა რიცხვს მიეკუთვნება. ამ რელიგიის მიმდევრები ეზიდებად იწოდებიან და წარმოადგენენ სუბეთნოსს დიდ ქურთულ ეთნიკურ ჯგუფში. მათი სუბეთნოსად ჩამოყალიბება მრავალსაუკუნოვანი დევნით არის განპირობებული. სხვადასხვა წყაროთა თანახმად, ეზიდების რიცხვი მილიონს აღწევს. მათი ძირითადი ნაწილი თავის ისტორიულ სამშობლოში - სამხრეთ ქურთისტანში (მდებარეობს ერაყის ჩრდილოეთში) დოჰუკის მიდამოებში, შეიხანის ოლქსა და შანგალის მთიან რაიონებში ცხოვრობს. სამხრეთ-დასავლეთ ქურთისტანში (სირიაში) ეზიდები კომპაქტურად ყამიშლისა და ჰასაქას მიდამოებში ცხოვრობენ, მათი სოფლები აფრინის (ალეპო) ოლქშიც არის მიმოფანტული. ჩრდილოეთ ქურთისტანში (თურქეთში) ეზიდებით დასახლებული რაიონები დიარბაქრის, ბატმანის, მარდინის, სერტის, ვერანშაჰარის ოლქებში მდებარეობს. ეზიდები ცხოვრობენ სომხეთსა და საქართველოშიც. ისინი აქ ვანის ვილაიეთიდან, ბაიაზიდის სანჯაყის, სურმალის მაზრისა და ყარსის ოლქიდან გადმოსახლდნენ. მათი აქ გადმოსახლება ოსმალეთის იმპერიის მუსლიმი მოსახლეობის მიერ ეზიდების დევნამ გამოიწვია. ეზიდიზმის წარმომავლობისა და ჩამოყალიბების შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი აზრი მეცნიერებს შორის. ერთმნიშვნელოვანია ის, რომ ეს ერთ-ერთი ძველი აღმოსავლური რელიგიაა, რომლის ფესვები შუამდინარეთის უძველეს კულტებთან კავშირს ამჟღავნებს. ეს რელიგია ერთბაშად არ ჩამოყალიბებულა და მრავალი საუკუნის განმავლობაში საკუთრივ ქურთულ სივრცეში უძველესი ხალხური წარმოდგენების საფუძველზე ვითარდებოდა. როგორც ჩანს, თავდაპირველად ეზიდთა წინაპრები მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, აგრეთვე ოთხ ბუნებრივ სტიქიას აღმერთებდნენ. მათ ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი წმინდად მიაჩნდათ. მრავალი საუკუნის განმავლობაში ეზიდიზმი ვითარდებოდა და საბოლოოდ მონოთეისტურ რელიგიად ჩამოყალიბდა. ეზიდები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს, რომელმაც შექმნა სამყარო და მის გარეშე არაფერი ხდება ქვეყნად. ღმერთი - ხუდე ან იაზდანი (ეზიდი) არის ყველგან და ის ყველაფერშია, ის არის სიყვარული და სინათლე, რომელიც სხვადასხვანაირად ევლინება ადამიანებს. მაგალითად, მზის სითბოსა და სხივებში ეზიდები ღვთის სინათლეს ხედავენ და ამიტომ ლოცვისას მზის მიმართულებით იყურებიან. ეზიდები ღმერთს და მის ანგელოზებს ეთაყვანებიან და მიიჩნევენ, რომ ანგელოზები ღვთის ნებას აწვდიან მათ. ანგელოზებს სათავეში მალაქ ტავუსი უდგას, რომელიც ღმერთის ნებით მართავს სამყაროს. მკვლევართა უმრავლესობა ეზიდიზმსა და ზოროასტრიზმს შორის ბევრ საერთო ელემენტს ხედავს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ორი რელიგია ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეზიდიზმის თანახმად, ღმერთი ერთია და ის ყოვლისშემძლეა. კეთილიც და ბოროტიც, ბნელიც და ნათელიც, დღეცა და ღამეც და ა.შ. მისი ნებით არსებობს. ეზიდების რწმენით, ყველაფერი ღვთის ნებით ხდება და არ შეიძლება სიბოროტის ღმერთი ან ღვთაება არსებობდეს, რომელიც სიკეთის ღმერთს წინ აღუდგება. ღმერთმა ეს სამყარო მრავალფეროვანი შექმნა, რათა ადამიანს შეეძლოს კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა.
Source: სოლიდარობა №6(15),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9