1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კალვინიზმი

პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ჩამოყალიბებულ იქნა ფრანგი თეოლოგისა და მქადაგებელის ჟან კოვენის (ლათინიზირებული ფორმით - კალვინუს) მიერ. კალვინისტთა საერთო რაოდენობა დღესდღეობით 35 მილიონია. აღნიშნული მიმართულება წარმოიშვა 1530-იან წლებში, ქალაქ ჟენევაში. კალვინიზმს აღიარებს შვეიცარიისა და ჰოლანდიის მოსახლეობის უმრავლესობა. ასევე კალვინიზმი საკმაოდ არის გავრცელებული საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში. კალვინიზმში არსებობს რამდენიმე მიმართულება, რომელთა შორისაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მორწმუნეთა რაოდენობის მიხედვით რეფორმატორული და პრესვიტერიანული ეკლესიებია. კალვინიზმის ცენტრალური დოქტრინა, რომლიდანაც რაციონალურად გამომდინარეობს ყველა სხვა, არის ღმერთის სუვერენიტეტი, ანუ ღმერთის უზენაესი ძალაუფლება ყველაფერში. ამგვარი სწავლება წარმოადგენს კალვინიზმის ძირითად განმასხვავებელ ნიშანს სხვა ქრისტიანული ეკლესიებისგან (ასევე კალვინიზმისთვის ნიშანდობლივია სწავლება წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ)“. კალვინისტური ეკლესიის სტრუქტურული მოწყობა გულისხმობს ავტონომიურ კონგრეგაციებს, რომლებიც იმართებიან შესაბამისი საბჭოების მიერ. საბჭოს წევრები არიან მრევლის მიერ არჩეული პასტორი, დიაკონი და ერთი უხუცესი. კონგრეგაცია სრულიად თავისუფალია საეკლესიო საკითხების გადაჭრაში. ლუთერისგან განსხვავებით, კალვინი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ ითანამშრომლოს ეკლესიასთან საზოგადოების მართვაში, არამედ იგი ასევე უნდა დაემორჩილოს ეკლესიის დადგენილებებს და ამით აღასრულოს ღვთის სამართალი. კალვინის მიერ წარმოდგენილმა საერო ასკეტიზმის ეთიკურმა იდეალმა, რომელიც გმობდა ფუფუნებისა და პარაზიტიზმის გამოვლინებებს, დიდი როლი შეასრულა კაპიტალიზმის ფორმირებაში. ამასთანავე ბურჟუაზიული წყობის ჩამოყალიბება, ინდივიდუალიზმის იდეალები და სინდისის თავისუფლება სულ უფრო ცხად წინააღმდეგობაში მოდიოდა კალვინის რელიგიურ რიგორიზმთან. ამის გამო მე-17 საუკუნის დასაწყისის ინგლისში კალვინიზმთან უთანხმოებისას წარმოშობა დაიწყო სხვადასხვა მიმდინარეობებმა (ბაპტისტები, კვაკერები, მეთოდისტები და სხვ.), რომლებიც გადაჭრით გამოვიდნენ რჯულშემწყნარებლობის იდეის დასაცავად და სახელმწიფოსგან ეკლესიის სრული გამოყოფა მოითხოვეს. კალვინისტური ეკლესია საქართველოში წარმოდგენილია ეკლესიის „ურყევი საფუძვლის“ სახით, რომლის მოძღვრებაც შეესაბამება რეფორმაციის ღვთისმეტყველებას.
Source: სოლიდარობა №6(15),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9