L. lustracio - განწმენდა მსხვერპლშეწირვის გზით აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და კანდიდატთა შემოწმების განსაკუთრებული პროცედურაა, რომლის მიზანია გამოარკვიოს წარსულში ამ პირების კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობისადმი ან სახელმწიფო უშიშროების სამსახურისადმი კუთვნილება ან გამოამჟღავნოს ფაქტები ამ სამსახურებთან მათი თანამშრომლობის შესახებ. ლუსტრაცია ხორციელდება სპეციალური კანონების საფუძველზე (მათი უმრავლესობა 1990-1993 წლებში მიიღეს), როგორც წესი, სპეციალური ორგანოს მიერ (მაგალითად, უნგრეთში ლუსტრაციას ახორციელებდა პარლამენტის მიერ არჩეული კომიტეტი, რომელიც სამი მოსამართლისგან შედგებოდა). თუ ლუსტრაციის პროცესში დასტურდება ტოტალიტარულ რეჟიმთან თანამშრომლობის ფაქტები, პიროვნებას აქვს არჩევანი თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებასა (გამომჟღავნებული ფაქტების საიდუმლოდ შენახვის გარანტიით) და თანამდებობის იძულებით დატოვებას შორის (მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით). ლუსტრაცია უპირველეს ყოვლისა ზნეობრივი აქტია, მისი მიზანია მორალური განწმენდა, მორალური კათარზისი, გნებავთ, როგორც პოლონეთში ამბობენ, “მენტალობის ჰიგიენა და დეზინფექცია”.
Source: სოლიდარობა №6(15),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007