1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იდე იდი

იდეოლოგია

  1. Etym. ბერძნულად იდეა – ცნება და ლოგოს – მოძღვრება
    E. ideology
    ნებისმიერ შემთხვევაში არის რაციონალურად განსაზღვრული პრინციპთა სისტემა. რომელშიც ერთიან სისტემაშია მოყვანილი გარკვეული წარმოდგენები რეალობაზე, ზოგადი ღირებულებითი ორიენტაციები და პრაქტიკული მოქმედების პრინციპები. ამ მიზნით იგი ჰგავს რელიგიას, უფრო სწორად, იდეოლოგია (ისტორიულად) სხვა არაფერია, თუ არა რელიგიის სტერეოტიპი. შემთხვევითი არაა, იდეოლოგიის თვით ცნება საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ პერიოდში შეიქმნა: რაკი საფრანგეთის რევოლუციამ ეკლესია სახელმწიფოსაგან გამოყო და უარყო პოლიტიკურ რელიგიურ იდეებზე დამყარების ტრადიცია, საჭირო გახდა რელიგია შეცვლილიყო რაღაც სხვა მიძღვრებით. რომელიც იმავე ფუნქციას შეასრულებდა, ოღონდ, ახალი დროების შესაფერისად. რაციონალობაზე, მეცნიერებაზე იქნებოდა ორიენტირებული (სიტყვის მეორი ნაწილი – „ლოგია“ – სწორედ ამას მიანიშნებს). შემდგომში სიტყვა „იდეოლოგია“ სხვადასხვა აზრით იხმარებოდა, მაგრამ უპირატესად იგი მაინც სხვადსხვა პოლიტიკური პროგრამის ფილოსოფიური წინამძღვრების ერთობლიობას აღნიშნავს, ანუ მასში ძირითადად იგულისხმება სამი ელემენტი: გარკვეული ზოგადი წარმოდგენა სამყაროზე, რეალობაზე (არსებითად, ცხადია, სოციალურ რეალობაზე – ადამიანთა საზოგადოებაზე); ღირებულებით წარმოდგენათა ერთობლიობა, ე.ი. შეხედულებები იმაზე, თუ რა ღირებულებებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა სოციალური სისტემის აგებისას (პიროვნების თავისუფლება, თანასწორობა, ტრადიციების დაცვა, და ა.შ.); და ბოლოს, პრაქტიკული მოქმედების პრინციპი, რასაც უშუალოდ ემყარება პოლიტიკური პროგრამები (ე.ი. წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს უპირატესად მიჩნეული ღირებულებები სოციალურ რეალობაში). იდეალურ შემთხვევაში პოლიტიკური პარტია სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა გარკვეული იდეოლოგიით გაერთიანებულ ადამიანთა ერთობლიობა. თუ – როგორც ზოგიერთი ფიქრობს – იდეოლოგიის ცნება მოძველდა და დღეს „დეიდეოლოგიზაციის“ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაშინ პოლიტიკური პარტიების საჭიროებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მაგრამ, ჩემი აზრით, „დეიდეოლოგიაზაციის“ თეორია (რომელიც დასავლეთში რამდენიმე ათეული წლის წინ იყო მოდაში) ტექნოკრაქტიული უტოპიაა, ხოლო სინამდვილეში დასავლეთის პოლიტიკური აზროვნება დღესაც საკმაოდ იდეოლოგიზებულია.
    Source: სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
  2. იმ იდეებისა და შეხედულებების სისტემაა, რომლითაც განისაზღვრება ინდივიდების, სოციალური ჯგუფების, ხალხთა დამოკიდებულება სინამდვილისა და ერთმანეთისადმი. იდეოლოგია სჭირდება ადამიანებს, რათა გაერკვნენ და თავი გაართვან არეულ დროებასა და დამაბნეველ ვითარებებს. იდეოლოგია თავისი მიმდევრებისათვის ამას ახერხებს ოთხი მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, აუცილებელი ფუნქციის შესრულებით. იგი ეხმარება ადამიანებს, ახსნან პოლიტიკური ფენომენი, რომელიც სხვაგვარად იდუმალი და თავსატეხი რჩება. რატომ ხდება ომები ან ვრცელდება მითქმა-მოთქმა ომზე? რატომ არის კონფლიქტი ერებს, კლასებს და რასებს შორის? რა იწვევს გულგატეხილობას, იმედგაცრუებას? პასუხი ამ და სხვა მრავალ კითხვაზე გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი იდეოლოგიის მიმდევარია ადამიანი. იდეოლოგია თავის მიმდევრებს უზრუნველყოფს შეფასების კრიტერიუმებითა და სტანდარტებით იმის გადასაწყვეტად, თუ რა არის სწორი ან მცდარი, კარგი ან ცუდი. კარგია თუ ცუდი კლასებს შორის განსხვავება და უთანასწორობა? შესაძლებელია თუ არა რასებს შორის ჰარმონია, და თუ შესაძლებელია, სასურველია თუ არა? დასაშვებია თუ არა ცენზურა, და თუ დასაშვებია, რა პირობებში? პასუხი ამ კითხვებზე კვლავ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი იდეოლოგიის მიმდევარია ადამიანი. იდეოლოგია მიმართულია იმისაკენ, რომ განუმარტოს, შეაგნებინოს თავის მიმდევრებს, ვინ არიან ისინი და რომელ სოციალურ და კულტურულ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, რის საშუალებით უნდა განსაზღვრონ და დაადასტურონ თავიანთი ინდივიდუალური და კოლექტიური იდენტურობა. ნაცისტი, მაგალითად, საკუთარ თავზე იფიქრებს, როგორც უმაღლესი ერის ან რასის წარმომადგენელზე; კომუნისტი თავს წარმოიდგენს მუშათა კლასის დამცველად, კაპიტალიზმის ზეწოლისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ მებრძოლად. იდეოლოგია თავის მიმდევრებს აწვდის საწყის, ელემენტარულ პოლიტიკურ პროგრამას. ეს პროგრამა უზრუნველყოფს პასუხს კითხვაზე – რა უნდა გაკეთდეს? და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია — ვინ უნდა გააკეთოს? მოკლედ, იდეოლოგია არის ორიენტირი და კომპასი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ტყეში.
    Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
  3. მოიცავს: პოლიტიკურ დოქტრინებს, რელიგიას, ფილოსოფიას. ზღვრამდე დაყვანილი ყოველგვარი მტკიცებულებაც, რომელიც არ ეყრდნობა წმინდა ფაქტობრივ მონაცემებს, შეიძლება იდეოლოგიად იყოს მიჩნეული. ეს ტერმინი თავის თავში სხვადასხვა დებულებას აერთიანებს, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდნენ, ვთქვათ, გაუაზრებელ შეხედულებას ან, საპირისპიროდ, ფილოსოფიური კვლევის დასკვნას. იგი შლის არსებით განსხვავებებს რელიგიასა და პოლიტიკურ თეორიას შორის. ეს იმ ზედმეტად ფართო მნიშვნელობის მქონე ტერმინთაგანია, რომლებსაც, ტოკვილის თანახმად, იოლად დაჰყვება ხოლმე „დემოკრატიული“ ენა, „საზღვრებს რომ აფართოებს და აზრს კი ფარავს“.
    Source: სოლიდარობა №11–12(20–21),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
  4. Etym.
    განმარტებულია, როგორც: გარკვეული კლასის, პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ჯგუფის და მისთანა იდეათა, შეხედულებათა სისტემა, რომელიც ვლინდება საზოგადოებრივი ცნობიერების სხვადასხვა ფორმაში – ფილოსოფიაში, პოლიტიკაში, სამართალში, ხელოვნებაში და სხვა. იგი არის საყოფელთაო პროგრესის ის გენერატორი, რომელიც იდეათა და შეხედულებათა სისტემების დაპირისპირებით იწვევს განვითარების პროცესს (ცხადია, აქ არ იგულისხმება რუსული ბოლშევიზმისა და გერმანული ფაშიზმის იდეოლოგიები, რადგან ეს ორი მოვლენა პირველი და, მის საპირისპიროდ წარმოქმნილი, მეორე წარმოადგენენ კაცობრიობის ისტორიის ანომალიურ გადახრას).
    Source: იაკაშვილი, პაატა ეროვნული იდეა: კრებული/[რედ.: ქეთევან მაჩხანელი]. - თბ., 2003. - 742გვ.; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20051]
  5. იდეების ორგანიზებული ერთობლიობა, მსოფლმხედველობრივი სისტემა. იდეოლოგიები შეიძლება ეპისტემიოლოგიური ხასიათის იყვნენ და აკადემიურ დისციპლინებში კვლევის არეალების ძირითად პარადიგმებზე მიუთითებდნენ (მაგ. პოზიტივიზმი, პოსტპოზიტივიზმი); ისინი შესაძლებელია ასევე პოლიტიკური ხასიათის იყვნენ და აღნიშნავდნენ იდეათა ერთობას საზოგადოებრივი მოწყობის მოდელების შესახებ, რომელთა მიხედვითაც პოლიტიკური მოძრაობები და ორგანიზაციები ოპერირებენ.
    Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
  6. იდეათა მეტ-ნაკლებად თანმიმდევრული ერთობლიობა, რომელიც საფუძველს უქმნის ორგანიზებული პოლიტიკური ქმედების რაიმე სახეობას.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9