1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იმა იმე იმი იმპ იმუ

იმპერიული რეჟიმი

უძველესი მრავალნაციონალურ იმპერიებში: სპარსეთში, პტოლომეოსის ეგვიპტესა და რომში იყო დამყარებული. აქ შეზღუდული ან ფართო ავტონომიით განსხვავებული პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ჯგუფები სარგებლობდნენ, რომლებსაც მშვიდობიანი თანაარსებობის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენოდათ, რადგან მათ ურთიერთმიმართებას იმპერიის ბიუროკრატები იმპერიული კანონმდებლობის მიხედვით უწევდნენ კონტროლს. ჩვეულებრივ, მანამდე, სანამ გადასახადები არ იგვიანებდა და მშვიდობა ნარჩუნდებოდა, ბიუროკრატები ავტონომიური წარმონაქმნების საქმეებში არ ერეოდნენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას: ისინი იწყნარებდნენ ცხოვრების განსხვავებულ წესსა და ყაიდას, იმპერიული მმართველობა კი ამ კუთხით, ტოლერანტულ რეჟიმს წარმოადგენდა. მაგრამ იმპერიის გზა არც ლიბერალური იყო და არც დემოკრატიული. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ავტონომია, მისი მაკონტროლებელი რეჟიმი მუდამ ავტოკრატიის ფორმით არსებობდა და ყოველთვის მზად იყო სამფლობელოების შესანარჩუნებლად სასტიკი რეპრესიები წამოეწყო. ამას ბაბილონური, ებრაული, რომაული, ესპანური, აცტეკების, რუსებისა და თურქ-სელჩუკების წყაროები ადასტურებენ. მყარი იმპერიული მმართველობა ტოლერანტულობით ხასიათდებოდა, თუმცა, მხოლოდ იმის წყალობით, რომ პირწმინდად ავტოკრატიული იყო და რომელიმე დაპყრობილი ჯგუფის ინტერესს არ უკავშირდებოდა. ისიც სათქმელია, რომ ეგვიპტის რომაელი პროკონსულები ან ინდოეთის ბრიტანელი გენერალ გუბერნატორები, უამრავი მანკიერების მიუხედავად, უფრო გონივრულად განაგებდნენ ვიდრე მათ ნაცვლად ადგილობრივი პრინცი თუ ტირანი მოახერხებდა ამას. მეორე მხრივ, იმპერიის საზღვრებში არსებული ავტონომია ადამიანს მისივე თემში ამწყვდევდა და, შესაბამისად, მას ერთმნიშვნელოვან ეთნიკურ-რელიგიურ იდენტობას ანიჭებდა. იმპერია ტოლერანტობას იჩენდა ჯგუფების, სათემო სტრუქტურების, ტრადიციების, მაგრამ არა ინდივიდების მიმართ (გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე კოსმოპოლიტური ცენტრი და დედაქალაქი იყო). ისტორიულად არც ავტონომიებში განვითარებულა ლიბერალური ღირებულებები. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთები (მაგალითად ახალმოქცეულები ან რჯულშეცვლილნი) ხშირად სერავდნენ იმპერიის სამანებს, იმპერიაში არსებული თემები მეტწილად კარდახშულად ცხოვრობდნენ. თემი საოცარ გამძლეობას იჩენდა მანამდე, სანამ სასტიკი დევნისგან იყო დაცული და გარკვეული თვითმართველობით სარგებლობდა, თუმცა სხვაგვარად მოაზროვნეებს უკიდურესი სისასტიკით ეპყრობოდა, რადგან მათში საკუთარი ერთიანობის, ზოგჯერ კი, არსებობის საფრთხესაც ხედავდა. შედეგად სხვაგვარად მოაზროვნეები, „ერეტიკოსები“ (ჩამოყალიბებული კულტურული იდენტობის არმქონე კოსმოპოლიტები), ასევე შერეული ოჯახები იმპერიის დედაქალაქში გადასახლებას ცდილობდნენ, რომელიც მიგრაციამ საკმაოდ ტოლერანტულ და ლიბერალურ გარემოდ ჩამოაყალიბა (რომი, ბაღდადი ან იმპერიული ვენა და ბუდაპეშტი). მის სოციალურ სხეულს ჯგუფები კი არა, უკვე ინდივიდები ქმნიდნენ. დანარჩენი მოსახლეობა ჰომოგენურ ადგილებსა და რეგიონებში განაგრძობდა ცხოვრებას, სადაც ჯგუფში გაბატონებულ წესებს ყველა ემორჩილებოდა. აქ ადამიანი შეწყნარებული იყო როგორც კოლექტივის წევრი, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებას ელემენტარული უსაფრთხოების გარანტიის მიღებაც კი არ შეეძლო. თემები უკონფლიქტოდ მხოლოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მაგალითად, ბაზარში ან იმპერიულ ციხესა და სასამართლოში ეთქვიფებოდნენ ერთმანეთს. ამასთანავე ისინი არსებულ კულტურულ და გეოგრაფიულ საზღვრებში გვერდიგვერდ, ჩვეულებრივ, მშვიდობიანად თანაარსებობდნენ. ამგვარი იმპერიული მულტიკულტურალიზმის საუკეთესო ნიმუში ალექსანდრია იყო, რომლის მოსახლეობას თითქმის თანაბრად წარმოადგენდნენ ბერძნები, ებრაელები და ეგვიპტელები. პტოლომეოსის მმართველობისას ეს სამი თემი ერთმანეთზე მშვიდობიან კულტურულ ზეგავლენას ახდენდა. იმპერიული ტოლერანტული რეჟიმის უფრო განვითარებულ ფორმად ოსმალეთში მილეთების (ამ სიტყვით რელიგიური თემი აღინიშნებოდა) სისტემა შეგვიძლია მივიჩნიოთ. ოსმალები რელიგიური ნეიტრალიტეტით არ გამოირჩეოდნენ. თვითმმართველობის მქონე თემებს კი წმინდა რელიგიური ხასიათი ჰქონდათ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისლამი იმპერიის სახელმწიფო რელიგია იყო, სამი სხვა რელიგიური თემი - ბერძენი მართლმადიდებლები, სომეხთა სამოციქულო ეკლესია და ებრაელები - ავტონომიურად არსებობდნენ. რაოდენობრივად ეს ჯგუფები განსხვავდებოდნენ, მაგრამ უფლებრივად თანასწორნი იყვნენ. ამასთანავე მათი წარმომადგენლებიცა და მუსლიმებიც თანაბრად იზღუდებოდნენ, მაგალითად, გარკვეული ჩაცმულობის, სხვა რწმენის აღიარებისა და შერეული ქორწინების მხრივ. მილეთები რაკიღა ეთნიკური, რეგიონალური და ენობრივი ნიშნებით განირჩეოდნენ, არსებული სისტემა კულტმსახურების მრავლფეროვნებასაც უშვებდა. ნებისმიერი ადამიანი რომელიმე თემის წევრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საკუთარ თემში მის წევრებს არ ჰქონდათ სინდისისა და გაერთიანების თავისულება. იმპერია მზად იყო შემწყნარებლობით მოკიდებოდა ჯგუფებს, მაგრამ არა ინდივიდებს, თუმცა ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თემი ლიბერალურობისკენ არ იყო მიდრეკილი (ისე როგორც ეს პროტესტანტულ მილეთთან დაკავშირებით მოხდა). ბოლო იმპერიის, საბჭოთა კავშირის მიწურულს ავტონომიის მინიჭების პრაქტიკა ნულს გაუტოლდა. ავტონომიის უფლებამოსილების სფერო მკვეთრად შეავიწროვა სუვერენიტეტის თანამედროვე იდეამ და ასევე, ტოტალიტარული, განსხვავებულთან შეუთავსებელი იდეოლოგიის წარმოშობამ. რა თქმა უნდა, ეთნიკური და რელიგიური განსხვავებები არ წაშლილა. ყველგან, სადაც მათი არსებობა კომპაქტურად მოსახლე თემს უკავშირდებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობა, მეტ-ნაკლებად რეპრეზენტატიული იყო. მას შეუნარჩუნდა გარკვეული ფუნქციები და სიმბოლური ძალაუფლება. იმპერიების დაშლისთანავე ისინი სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებად იქცნენ, რომლებიც მოძრაობაში მოყავდა ნაციონალისტურ იდეოლოგიას და სუვერენული ძალაუფლების მოპოვებისკენ მიმართავდა მას. მაგრამ მათ სწრაფვას იმპერიის ბოლო საყრდენად ქცეული ადგილობრივი უმცირესობები ეწინააღმდეგებოდნენ ხოლმე. სუვერენიტეტი საერთაშორისო თანამეგობრობაში შესვლის უფლებას იძლეოდა, თუმცა ეს ბოლო დრომდე იოლი სულაც არ იყო.
Source: სოლიდარობა №11–12(20–21),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9