იმიგრანტული სახელმწიფო, მაგალითად აშშ, პირველი მიგრანტების ზეგავლენისგან განთავისუფლდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ნაციონალურ სახელმწიფოს უყრიდნენ საფუძველს, სადაც სწორედ მათი ნაცია იქნებოდა გაბატონებული. საბოლოოდ იმიგრანტულმა სახელმწიფომ მასში შემავალი ყველა ჯგუფის მიმართ მიუკერძოებლობა გამოიჩინა. მართალია, მან შეინარჩუნა იმიგრაციის პირველი ტალღის ენა და ნაწილობრივ, მისი პოლიტიკური კულტურაც, მაგრამ თუ ვინმეს მიმართ უპირატესობის მინიჭებაზე ვისაუბრებთ, მაშინ ყველა არსებულ ჯგუფთან მიმართებით სახელმწიფომ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. იმიგრანტული სახელმწიფო ყველას მიმართ ტოლერანტულია და, ამავე დროს, ავტონომიურია თავისი მიზნების შერჩევისას. იგი განსაკუთრებულ უფლებას ინარჩუნებს, ყველა მოქალაქე განიხილოს როგორც ინდივიდი და არა როგორც ამა თუ იმ ჯგუფის წევრი. ამიტომ ტოლერანტობის ობიექტს, მკაცრად რომ ვთქვათ, ინდივიდუალური ქმედებები და გადაწყვეტილებები წარმოადგენს, როგორიცაა: ამა თუ იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ჯგუფთან ერთად რიტუალში მონაწილეობა, კულტურული განსხვავების დემონსტრირება და ა.შ. ამის წყალობით ჯგუფში ყალიბდება თვითშეგნება, რომ პიროვნებები, რომლებიც მზად არიან სხვა წევრები შეიწყნარონ, მათ ინდივიდუალურ თავისებურებებს უნდა შეურიგდნენ. ეს ყოველი ჯგუფის შიგნით ერთი და იგივე კულტურის მრავალ სახესახვაობასა და გარკვეული კულტურის მიმართ ერთგულების სხვადასხვა ხარისხს წარმოშობს. ამგვარად ტოლერანტობა სრულიად დეცენტრალიზებული ხდება: ყველა იწყნარებს ყველას. იმიგრანტული საზოგადოების არცერთ ჯგუფს არა აქვს უფლება გააკონტროლოს საზოგადობრივი ცხოვრების ესა თუ ის მხარე და საზოგადოებრივ რესურსებზე მონოპოლია დააწესოს. გამოირიცხება კორპორატივიზმის ნებისმიერი ფორმაც. საშუალო სკოლებში სამოქალაქო კულტურის სწავლებისას ამოსავალი წერტილია სახელმწიფოს შესახებ ისეთი ცნობიერების ფორმირება, რომლის თანახმად ის ერთგვარი ზენაციონალური გაერთიანებაა და მას პოლიტიკური თვითშეგნების ერთიანობა უდევს საფუძვლად. ანალოგიურად მიიჩნეულია, რომ სახელმწიფო მიუკერძოებლად უნდა მოეკიდოს ცალკეული ჯგუფების კულტურასაც, ყველა მათგანს გაუწიოს თანაბარი მხარდაჭერა. მაგალითად, თუკი იგი ემხრობა, ვთქვათ, საერთო რელიგიურობას, ამას შემდეგნაირად აკეთებს: აშშ-ში 1950-იან წლებში მატარებლებსა და ავტობუსებზე გაკრული იყო მოწოდებები: „იმ ეკლესიაში იარე, რომელსაც თავად აირჩევ“. ამასთანავე რეალობა ისაა, რომ რომელიმე ჯგუფს ან ჯგუფებს ყოველთვის ენიჭებათ უპირატესობა. აშშ-ს შემთხვევაში უპირატესობით ის ჯგუფები სარგებლობენ, რომელთა ეკლესიები მეტნაკლებად ადრეული პროტესტანტი იმიგრანტების თემს გვაგონებენ; თუმცა სხვებთან მიმართებითაც დამოკიდებულება საკმარისად ტოლერანტულია. ამავდროულად იმიგრანტი თავის თავს ძირითადად ძირძველ მოსახლეობასთან კი არა, ორმაგი იდენტობის მქონე ადამიანთან აიგივებს. ეს იდენტობა კულტურული და პოლიტიკური ასპექტითაც არაერთმნიშვნელოვანია. ასეთი მიკუთვნებისა და არჩევანის შესაძლებლობა ერთგვარი სიმბოლოა, რომ მთლიანობაში, მაგალითად „ამერიკის მოსახლეობის იტალიური ნაწილი“, ცნებაში „ამერიკელი“ არსობრივად პოლიტიკურ შინაარსს დებს და ის არც ერთ კონკრეტულ კულტურასთან პრაკქტიკულად არ არის დაკავშირებული. ამ კონტექსტში „იტალიელი“ ყოველგვარ პოლიტიკურ მნიშვნელობას კარგავს და მარტო კულტურულ საზრისს ინარჩუნებს.
Source: სოლიდარობა №11–12(20–21),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007