პროცედურას კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლები ახორციელებენ თავიანთ აქტიურ საარჩევნო უფლებას და ხმას აძლევენ მათთვის სასურველ კანდიდატს. ამ უფლების განსახორციელებლად დადგენილია სპეციალური პროცედურები, რომლებმაც კენჭისყრის პროცესის მშვიდ და წყნარ ვითარებაში წარმართვა უნდა უზრუნველყოს. ყველა მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს იმ წესებს. კენჭისყრის პროცედურის მკაცრი რეგლამენტაცია უნდა უზრუნველყოფდეს არჩევნების გაყალბების თავიდან აცილებას. ამისათვის შემუშავებულია მთელი რიგი მექანიზმები. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ამომრჩეველთა მარკირება, საარჩევნო ბიულეტენების სპეციალურ ფურცელზე დაბეჭდვა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩეველთა მონაცემების შეტანა, ბიულეტენების ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმება, ბიულეტენების სპეციალურ კონვერტში მოთავსება და ა.შ. ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საარჩევნო პროცესის საჯაროობას, რაც გულისხმობს დამკვირვებელთა შესაძლებლობას დაესწრონ და თვალყური ადევნონ ყველა პროცედურას, გაასაჩივრონ კომისიის წევრთა ქმედებები, მოითხოვონ საარჩევნო წესების დარღვევის აღკვეთა და ა.შ.კენჭისყრის ფარულობა ნიშნავს, რომ მოქალაქეთა ნების გამოვლენა უნდა ხდებოდეს ფარულად. არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლი 164) თანახმად, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა დანაშაულად არის გამოცხადებული. უფრო მეტიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს იმ ტიპის ინფორმაციის შეგროვებას, რომელიც დაკავშირებულია პირის პოლიტიკურ შეხედულებებთან.
Source: სოლიდარობა №1(22),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008