1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აუდ აუთ აუტ აუც

აუცილებელი მოგერიება

პირისუფლებას, დააზიანოს ხელმყოფელი (სამართალდამრღვევი) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, სისხლის სამართალში აუცილებელი მოგერიება ეწოდება. აუცილებელი მოგერიება, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება, უძველესი, ე.წ. კლასიკური ხასიათის, ინსტიტუტია, რომელიც ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ რომში. „თუ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე, ძალადობა, ყაჩაღობა ან მტრის იარაღი ემუქრება, მაშინ დაცვის ყველა საშუალება გამართლებულია. დაე, კანონი დადუმდეს იარაღის ჟღარუნში და ნუ მოგვთხოვენ ველოდოთ მას, თუკი ის, ვინც კანონს დაელოდება, უფრო ადრე გახდება უკანონობის მსხვერპლი, ვიდრე სხვას კანონით დათრგუნავდეს“ – ძველი რომაელი ორატორის, ფილოსოფოსისა და პოლიტიკური მოღვაწის მარკუს ტულიუს ციცერონის ეს სიტყვები ნათლად მიუთითებს აუცილებელი მოგერიების შინაარსსა და დანიშნულებაზე. თავდაცვის უფლება, მისი აზრით, ბუნებრივი, თანდაყოლილი უფლებაა და სახელმწიფომ მხოლოდ უნდა აღიაროს პირის ეს უფლება. მართალია, ციცერონი უშუალოდ არ საუბრობს აუცილებელ მოგერიებაზე, მაგრამ თავდაცვის უფლება მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისას სხვა არაფერია, თუ არა აუცილებელი მოგერიება. დღესდღეობით აუცილებელი მოგერიების შინაარსი უფრო გაფართოვდა და მასში იგულისხმება არა მხოლოდ საკუთარი, არმედ სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვაც. თავდაცვის უფლებისგან განსხვავებით, სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირის ვალდებულებაც კი იყოს. გამორიცხული არაა ვინმეს კითხვაც კი გაუჩნდეს – რატომაა პირი ვალდებული დაიცვას სხვისი სამართლებრივი სიკეთე, როცა საკუთარი სიკეთის დაცვის სამართლებრივი ვალდებულება არ არსებობს. ამ და სხვა საკითხების თაობაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, „მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი, ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად“. კანონის ამ ტექსტიდან ლოგიკურად შეიძლება გამოვყოთ აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების რამდენიმე პირობა: 1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; 2. ხელყოფა უნდა იყოს რეალური; 3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი; 4. ხელყოფა უნდა იყოს რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი. აუცილებელი მოგერიების უფლება მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას წარმოიშობა. ხელყოფის მართლწინააღმდეგობა ნიშნავს, რომ პირის ქმედება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის ნორმებს და, აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის კანონით დაცული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული. ხელყოფას წარმოადგენს ყოველგვარი ქმედება, რომელიც აღწერილია სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლებში: მკვლელობა, ჯანმრთელობის დაზიანება, გაუპატიურება, ყაჩაღობა, ქრთამის აღება, უკანონო მეწარმეობა და ა.შ. აუცილებელი მოგერიების უფლება არსებობს ხელყოფის პროცესში, ვინაიდან, თუ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა დამთავრებულია, ჩვენ საქმე აუცილებელ მოგერიებასთან კი არა, დამნაშავის შეპყრობასთან გვაქვს. ობიექტური თვალსაზრისით სწორედ ამაში მდგომარეობს განსხვავება აუცილებელ მოგერიებასა და დამნაშავის შეპყრობას შორის. მოქალაქის მიერ დამნაშავის შეპყრობის უფლების მომენტს წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ვითარების შეწყვეტა, ხოლო აუცილებელი მოგერიების ვითარება კი წყდება ხელყოფის შეწყვეტასთან ერთად. შეიძლება დანაშაულის (ხელყოფის) იურიდიული და ფაქტობრივი დამთავრება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. მაგალითად, თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია, რის გამოც ამ დანაშაულის იურიდიული და ფაქტობრივი დამთავრების მომენტები ერთმანეთს არ ემთხვევა. თავისუფლების უკანონო აღკვეთისას სამართლებრივი სიკეთე მანამდე განიცდის ხელყოფას, ვიდრე ფაქტობრივად არ დამთავრდება აღნიშნული დანაშაული. ამიტომაც აუცილებელი მოგერიების უფლება არსებობს დანაშაულის ფაქტობრივად დამთავრების მომენტამდე. მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა ძირითადად აქტიური მოქმედებით გამოიხატება, თუმცა არ არის გამორიცხული ხელყოფა უმოქმედობითაც გამოიხატოს. სამაგალითოდ შეიძლება დავასახელოთ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მოგერიება. აუცილებელი მოგერიების უფლება არ აქვს ეჭვმიტანილს, როცა მის დაკავებას შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ახორციელებენ, ვინაიდან ამ უკანასკნელთ ასეთი ვალდებულება შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე აკისრიათ და, ბუნებრივია, სამართალდამცველების ქმედება არ შეიძლება განვიხილოთ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფად. სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელობა არა აქვს ხელყოფას შერაცხადი პირი ახორციელებს თუ შეურაცხადი – მოქალაქეს ყველა შემთხვევაში აქვს აუცილებელი მოგერიების უფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკმარისია ხელყოფა იყოს მართლსაწინააღმდეგო და სრულებით არაა სავალდებულო სამართლებრივი სიკეთის ხელმყოფი ბრალეულად მოქმედებდეს, რადგან სამართლებრივ სიკეთეს ისეთივე საფრთხე ემუქრება მართლსაწინააღმდეგო, მაგრამ არაბრალეული ხელყოფისას, როგორც დანაშაულებრივი სელყოფისას. განსხვავებული სიტუაცია გვექნება, თუ პირს ცხოველი დაესხმება თავს. ამ შემთხვევაში იარსებებს არა აუცილებელი მოგერიების, არამედ უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობა, ვინაიდან თავდამსხმელი ადამიანი არ არის და, ამდენად, იგი არც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის ავტორი შეიძლება იყოს. მაგრამ საპირისპირო მდგომარეობა გვექნება, თუ ცხოველი პატრონის ნების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ ცხოველის მოკვლა აუცილებელ მოგერიებად განიხილება და არა უკიდურეს აუცილებლობად. საქმე ისაა, რომ აუცილებელი მოგერიების დროს ზიანი ადგება მხოლოდ საფრთხის წყაროს, ხოლო უკიდურესი აუცილებლობის დროს კი მესამე პირს, რომელიც ასეთ საფრთხეს არ ქმნის. ჩვენს მაგალითში პატრონის წაქეზებული ძაღლი კი არ წარმოადგენს საფრთხეს, არამედ წამქეზებელ-პატრონი. აუცილებელი მოგერიებისა და უკიდურესი აუცილებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნას დიდი პრაქტიკულსამართლებრივი მნიშვნელობა აქვს. იგულისხმება, რომ პირს აუცილებელი მოგერიების უფლება აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. რაც შეეხება უკიდურეს აუცილებლობას, მისი მართლზომიერებისათვის აუცილებელია ორი პირობის დაცვა; პირველი: დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე და, მეორე: ხელმყოფელისთვის ზიანის მიყენება უნდა იყოს ერთადერთი გზა საფრთხის თავიდან ასაცილებლად. აუცილებელი მოგერიების ვითარების წარმოქმნის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ხელყოფის ამწუთიერობა. ხელყოფა ამწუთიერად ჩაითვლება, როდესაც თავდამსხმელი ზიანს აყენებს სამართლით დაცულ სიკეთეს, ესე იგი, ხელყოფა ობიექტურად დაწყებულია და სამართლებრივ სიკეთეს საფრთხეს უქმნის დროის უმცირეს მონაკვეთში და არა მომავალში. ხელყოფის ამწუთიერობა პირდაპირ უკავშირდება ხელყოფის რეალურობას. აუცილებელი მოგერიების ვითარება წარმოიშობა არა მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის მომენტში, არამედ მაშინაც, როცა ასეთი ხელყოფის რეალური მუქარა არსებობს. მოსწრებულად არის ნათქვამი ამის შესახებ პეტრე პირველის „სამხედრო არტიკულში“: თავდამცველი პირველ დარტყმას არ უნდა ელოდოს, თორემ შეიძლება ისეთი მოხვდეს, რომ წინააღმდეგობის თავიც აღარ ექნესო.
Source: სოლიდარობა №2(23),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9