1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაძ მაჰ

მანდელა ნელსონ

1918 წელს დაიბადა აფრიკის ერთ პატარა სოფელში. სოფლის მომავალ თავკაცს სახელად „როლიჰლაჰლა“ დაარქვეს, რაც ნიშნავს: „ის, ვინც თავის თავზე იღებს დარტყმებს“. სკოლის მასწავლებელმა კი მას ნელსონი შეარქვა, რადგან მისი აფრიკული სახელის წარმოთქმა უჭირდა. „მებრძოლი“ სახელებით შემკობილი ბიჭი ახალგაზრდობიდანვე ჩაება პოლიტიკურ მოძრაობებში. 22 წლის იყო მანდელა, როცა კოლეჯიდან გარიცხეს სტუდენტური გაფიცვის ორგანიზატორობის გამო. მალე ის იოჰანესბურგში გადავიდა და ოქროს მაღაროში დაიწყო მუშაობა. პარალელურად ვითვოთერსრანდის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. იოჰანესბურგშივე გაიცნო მან მისი სულიერი მოძღვარი ვოლტერ სისულუ და მომავალი თანამებრძოლი ოლივერ ტამბო. მალე მანდელამ ოლივერ ტამბოსთან ერთად იოჰანესბურგში პირველი საადვოკატო ფირმა გახსნა, რომელიც შავკანიანებს ემსახურებოდა. თავისი საქმიანობის გამო ის ყოველდღე ხედავდა რასიზმის მწარე და დამცირებელ გამოვლინებას და 1944 წელს აფრიკის ნაციონალურ კონგრესს (ანკ) შეუერთდა. ანკ იმ დროისათვის სამხრეთ აფრიკაში შავკანიანთა სოციალური და პოლიტიკური უფლებებისათვის მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია იყო. მანდელა და ანკ-ს ახალგაზრდული ლიგის წევრები თავიდან განდის მშვიდობიანი წინააღმდეგობის იდეით იყვნენ შთაგონებულნი და, შესაბამისად, ბრძოლის პაციფისტურ მეთოდებს უჭერდნენ მხარს. მოკლე დროში თავისი პრაგმატულობით, სხვისი მოსმენის და მოთმინების დიდი უნარის წყალობით მანდელამ შეძლო თანაგუნდელების მოხიბლვა. ამ თვისებების გამო იგი მალე დაწინაურდა: 1951 წელს ის ანკ-ს ახალგაზრდული ლიგის პრეზიდენტი გახდა. კარიერულ წინსვლასა და პასუხისმგებლობის ზრდასთან ერთად შეიცვალა მანდელას პაციფისტული შეხედულებებიც, 1951 წელს იგი ყველაზე რადიკალური ფრთის – წინააღმდეგობის ჯგუფის მეთაური გახდა. ასეთი ცვლილებების მიზეზი კი სამხრეთ აფრიკაში შავკანიანთა მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გახდა. 1948 წლიდან კოალიციურმა მთავრობამ დანიელ მალანის ხელმძღვანელობით ბევრად უფრო მწვავე რასისტული და დისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას მიჰყო ხელი. აიკრძალა სხვადასხვა რასის ადამიანთა შორის ქორწინება, დადგინდა მკაცრი გეოგრაფიული ზონები სხვადასხვა რასის წარმომადგენელთათვის, შავკანიანთა გადადგილების შეზღუდვის მიზნით მკაცრად გაიმიჯნა შავკანიანთა და თეთრკანიანთა სეგრეგირებული საავადმყოფოები, სკოლები, პარკები, ავტობუსები და სხვ. მანდელას თაოსნობით ანკ-ს ახალგაზრდული ლიგა აქტიურად მოუწოდებდა შავკანიანებს სამოქალაქო წინააღმდეგობისაკენ. მათ აპარტეიდის კანონის საწინააღმდეგოდ 600-მდე დემონსტრაცია და გაფიცვა მოაწყვეს. მთავრობამ ანკ კანონგარეშედ გამოაცხადა და მანდელას, როგორც ანკ-ს ახალგაზრდული ლიგის პრეზიდენტს და წინააღმდეგობის ჯგუფის ხელმძღვანელს, 9 თვის პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით კი, 1956 წელს, მას ღალატის ბრალდებაც წაუყენეს. ანკ-ს წევრებისა და, საერთოდ, სამხრეთ აფრიკის შავკანიანი მოსახლეობის სახალხო მოძრაობისათვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა შარფევილის მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკი დარბევა 1960 წელს. ამ სისხლიან დარბევას 60-მდე შეუიარაღებელი შავკანიანი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და იმავდროულად ანკ-სა და პანაფრიკული კონგრესის ყოველგვარი მოქმედება აკრძალა. მანდელასა და მის თანამებრძოლებს სწამდათ ადამიანთა უფლებების დეკლარაციისა, მათ სწამდათ, რომ ხალხის ნება უნდა იყოს ხელისუფლების ძალაუფლების საფუძველი. ხანგრძლივი და დიდი ფიქრის შემდგომ ანკ-მ დაასკვნა, რომ იმ დროს ბრძოლის შეწყვეტა აფრიკის სამუდამო დამუნჯების ტოლფასი იქნებოდა. მანდელას აზრით, აპარტეიდული ხელისუფლების დასამარცხებლად საჭირო იყო ძალისმიერი მეთოდების გამოყენება. 1961 წელს ეთიოპიაში პანაფრიკანისტულ კონფერენციაზე მან განაცხადა: „როცა ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის მთავრობა მხოლოდ ძალის გამოყენებით ახერხებს ხელისუფლების შენარჩუნებას უმრავლესობის წინააღმდეგ, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში აღარ სუფევს“. იმავე წელს ჩამოყალიბდა იატაკქვეშა შეიარაღებული მოძრაობა „უმხონტო ვე სიზვე“ – „ერის შუბი“, რომლის საპატიო მდივნადაც ნელსონ მანდელა დაინიშნა. მიუხედავად დიდი რისკისა, ორგანიზაციისათვის იარაღის შესაძენი და გერილას წევრების გასაწვრთნელად საჭირო ფინანსების მოსაძიებლად მანდელა აფრიკის სხვადასხვა რეგიონებში მოგზაურობდა. დაბრუნებისას კი მანდელა ქვეყნის უკანონოდ დატოვებისა და არაკანონიერი დემონსტრაციების მოწყობისათვის დაპატიმრეს. მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესზე მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი შეხედულება: „მე რასისტი არ ვარ და არანაირი სახის რასიზმს არ ვუჭერ მხარს. ჩემთვის თეთრკანიანების თუ შავკანიანების რასიზმი ორივე ბარბაროსობაა და სხვა არაფერი“. 1964 წელს პრეტორიის უზენაესმა სასამართლომ მანდელას ქვეყნის ღალატში დასდო ბრალი. მანდელამ თავის სიტყვაში მკაფიოდ ჩამოაყალიბა საკუთარი მრწამსი და შეხედულებები, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავის დროზე ანკ-ს სწამდა მშვიდობიანი წინააღმდეგობის ძალისა, რომ მისი პოლიტიკა და მოქმედება შარპელვილის სისხლისღვრამდე მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი იყო. მან უარყო ღალატის ბრალდება და იმავდროულად აღიარა რომ „უმხონტო ვე სიზვე“-ს მიერ ორგანიზებული შეიარაღებული თავდასხმები ერთადერთი გზა იყო აპარტეიდის დასამარცხებლად, რადგან მთავრობის მოქმედებებმა მათ სხვა არჩევანი უბრალოდ არ დაუტოვა.ნელსონ მანდელას სასამართლომ მუდმივი პატიმრობა მიუსაჯა. მისი ბოლო, 27 წლიანი, პატიმრობა კეიპტაუნისგან 11 კილომეტრით დაშორებულ რობენის კუნძულზე დაიწყო. ამ კუნძულზე ქვეყნის მსგავსად სეგრეგირებული ზონები არსებობდა თეთრკანიანი და შავკანიანი პატიმრებისათვის. აქვე იყო განსაკუთრებული სიმკაცრით გამორჩეული ზონა პოლიტპატიმრებისთვის. ავტობიოგრაფიულ წიგნში „გრძელი გზა თავისუფლებამდე“ მანდელა იხსენებს რომ მას მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ ჰქონდა უფლება ერთი მნახველი და ერთი წერილი მიეღო, ეს უკანასკნელი ხშირად დიდი დაგვიანებით მოსდიოდა და ისე იყო დაზიანებული, რომ შეუძლებელი ხდებოდა მისი წაკითხვა. მანდელას პატიმრობისას აკრძალული იყო მასზე საუბარი – ამ გზით მთავრობას სურდა საზოგადოებას დავიწყებოდა მანდელა და მასთან ასოცირებული ბრძოლა ადამიანის უფლებებისათვის. მანდელა განსაცვიფრებელი მოთმინებით იტანდა მძიმე პატიმრობას. მას არც იმედი დაუკარგავს და არც ცხოვრების ხალისი; ამისი დასტურია ის ფაქტი, რომ ლონდონის უნივერსიტეტის მიმოწერითი სტუდენტი გახდა და იურისპრუდენციის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1981 წელს კი უნივერსიტეტის კანცლერის პოსტზეც განაცხადა პრეტენზია, მაგრამ არჩევნებში პრინცესა ანასთან დამარცხდა. ხანგრძლივმა პატიმრობამ თავისი კვალი დაამჩნია მის ჯანმრთელობას.შავკანიან აქტივისტებზე მანდელას „არასასურველი გავლენის“ შესამცირებლად მთავრობამ ის და ანკ-ს სხვა ლიდერები პოლსმურის ციხეში გადაიყვანა, თანაც იქ მთავრობა უკეთ მოახერხებდა მანდელასთან პირდაპირ კავშირს და მასთან მოლაპარაკებას. მანდელას პატიმრობისას არაერთხელ შესთავაზეს გარიგება – საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ ეღიარებინა ბანტუსტანის პოლიტიკის მართებულობა და დაეგმო ანკ-ს ბრძოლის მეთოდი. მანდელამ ყველა შემოთავაზება უარყო: „არ მესმის რა თავისუფლების შემოთავაზებაზეა საუბარი, როცა ხალხის ორგანიზაცია ჯერ კიდევ აკრძალულია. პატიმრებს არ შეუძლიათ მოლაპარაკება და არც გარიგება, ეს მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს ძალუძთ“. 80-იან წლებში მდგომარეობა სამხრეთ აფრიკაში უფრო მეტად დაიძაბა, გამწვავდა ანკ-ს შეიარაღებული ქმედებებიც. სლოგანი „თავისუფლება მანდელას“ კი უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. გამკაცრდა საერთაშორისო ზეწოლაც სამხრეთ აფრიკის აპარტეიდულ მთავრობაზე. ვითარების სასიკეთოდ ცვლილებას ხელი შეუწყო პრეზიდენტ ბოთას ავადმყოფობამაც. 1989 წელს ის ფრედერიკ ვილემ დე კლერკმა შეცვალა. კლერკის რეფორმისტული პოლიტიკის შედეგად გაუქმდა რამდენიმე აპარტეიდული კანონი, კანონიერად გამოცხადდა ანკ და 60-მდე სხვა ორგანიზაცია, რამაც გზა გაუკვალა შემდგომ პოზიტიურ მოვლენებს. 27-წლიანი პატიმრობიდან 73 წლის მანდელას განთავისუფლება წლის უმნიშვნელოვანესი და ამაღელვებელი მოვლენა გახდა. ვესტერის ციხიდან პატიმარ 46664-ის გამოსვლას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალყურს პირდაპირი ეთერით. ყველამ დაინახა, რომ ხანგრძლივმა პატიმრობამ მხოლოდ მის სხეულს დაატყო ხელი, ხალხის კეთილდღეობისთვის მებრძოლის სულისკვეთებას კი ვერაფერი დააკლო. მანდელას გულმხურვალე შეხვედრა მოუწყვეს: უამრავი ტელეკამერა, ფოტოაპარატი, ჟურნალისტი ელოდა მის გამოჩენას და, რაც მთავარია, ბევრი კეთილი სურვილი და დიდი იმედი შეაგებეს. მანდელა გაოცებასა და სიხარულს ვერ მალავდა: „გუშინ ტერორისტს მეძახდნენ, ციხიდან გამოსული კი ბევრმა ჩამიკრა გულში, მათ შორის ჩემმა ყოფილმა მტრებმაც“-ო. მანდელა გამოსვლისთანავე ანკ-ს მეთაური გახდა და მხნედ შეუდგა თავისი მიზნების განხორციელებას. შემოიარა მთელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ხალხს თანასწორუფლებიანობისაკენ მოუწოდა. გამოსვლიდან ექვს თვეში მან ოფიციალურად განაცხადა ანკ-ს შეიარაღებული ბრძოლის დასრულების შესახებ. ბრძოლის არაძალადობრივი მეთოდებისთვის უპირატესობის მინიჭებამ მანდელას ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები ჩამოაშორა, ეს ცვლილება მრავალი შიდა დაპირისპირების მიზეზიც გახდა. ზოგიერთისთვის კი მანდელა მხოლოდ პატივსაცემი ჯენტლმენი იყო, რომელსაც კეთილშობილური, მაგრამ უტოპიური, განუხოციელებელი იდეები ჰქონდა. მანდელამ აქტიური თანამშრომლობა დაწიყო მოქმედ პრეზიდენტ დე კლერკთან. როგორც მან განაცხადა, „თუ მშვიდობა გინდა, შენს მტერთან ერთად უნდა იმუშაო, მაშინ ის შენი პარტნიორი ხდება“. მართალია, მათი ურთიერთობა აღსავსე იყო კონფლიქტებითა და დაპირისპირებებით, მაგრამ მაინც მოხერხდა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა, მათ შორის უნდა მოვიხსენიოთ მანდელასა და დე კლარკს შორის დადებული „ურთიერთგაგების ჩანაწერი“. მოგვიანებით კი, 1993 წელს, მანდელა და დე კლარკი მშვიდობის ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. თავის მთავარ მიზანს – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას – ნელსონ მანდელამ 1994 წლის 27 აპრილს მიაღწია. იმ დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დიდმა მღელვარებამ მოიცვა. შავკანიან მოქალაქეებს პირველად მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საკუთარ ქვეყანაში. მანდელას ლიდერობით ანკ-მ ხმების 62,6% მოაგროვა და ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეული პირველი პრეზიდენტი გახდა. „ეს ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ახლა თქვენ წინაშე დიდი სიამაყითა და სიხარულით აღსავსე ვდგავარ. ჩვენ დიდი მოთმინება, ნებისყოფა და მიზანსწრაფვა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვებრუნებინა. ახლა კი სიხარულით აღვსილებმა შეგვიძლია ხმამაღლა დავიძახოთ: გაუმარჯოს თავისუფლებას! მე თქვენს სიმამაცეს ქედს ვუხრი და გული სავსე მაქვს თქვენდამი სიყვარულით... მე თქვენი მსახური ვარ... ახლა კი ძველი იარების მოშუშების და ახალი სამხრეთ აფრიკის შენების დროა!.. ნგრევა და დისკრიმინაცია წარსულს უნდა ჩავაბაროთ, ახლა ჩვენს ქვეყანაში ყველას თანაბარი ღირსება და თავისუფლება უნდა ქონდეს... რადგანაც, იყო თავისუფალი, არ ნიშნავს ჯაჭვებისაგან განთავისუფლდე მხოლოდ, ნამდვილი თავისუფლება ნიშნავს იცხოვრო ისე, რომ პატივი სცე სხვის თავისუფლებასაც... ჩვენ უნდა შევქმნათ საზოგადოება, რომელიც მშვიდობისა და ჰარმონიის განსახიერება იქნება... მხოლოდ ხალხის ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია მშვიდობისა და სიყვარულის დამყარება ქვეყანაში“. ბევრისთვის გასაკვირად, მანდელამ კაბინეტში ეროვნული პარტიის (თეთრკანიანების) და თავისი მოწინააღმდეგე შავკანიანთა პარტიის წევრებიც დანიშნა. მან პრეზიდენტობის პერიოდში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების პატივისცემა მოიპოვა. დაიწყო აპარტეიდული კანონების გაუქმება. იმავდროულად ნელსონი აფრთხილებდა მოსახლეობას, რომ დიდი ცვლილებები ერთ ღამეში არ ხდება, რომ მათ ხვალვე მერსედესები არ ეყოლებათ და არც საკუთარ აუზებში იცურავებენ უდარდელად. მანდელას მთავრობის პრიორიტებებს ჯანმრთელობა, განათლება და ეკონომიკური სტაბილურობა წარმოადგენდა. ამასთანავე ის მუდმივად მოუწოდებდა თავის თანამემამულე შავკანიან უმრავლესობას და თეთრკანიან აფრიკელებს სიყვარულისა და ურთიერთგაგებისაკენ. „არავინ იბადება სხვა კანის ფერის, სხვა წარმოშობისა და სხვა რელიგიის მქონე ადამიანებისადმი თანდაყოლილი სიძულვილის გრძნობით. ამ სიძულვილს ადამიანები სწავლობენ და რადგანაც ამ სიძულვილის სწავლა შეიძლება, მაშინ სიყვარულის სწავლაც შესაძლებელი უნდა იყოს“, ამბობდა იგი. მანდელას წარმატებული ძალისხმევის კარგი მაგალითია შავკანიანი აფრიკელების მიერ მათთვის უწინ საძულველი თეთრკანიან თანამოქალაქე-რაგბისტთა გუნდის გულშემატკივრობა 1995 წლის მსოფლიო თასზე. ურთიერთსიყვარულისა და თანასწორობის ნიშნად, მანდელამ „სფინგბოქსების“ მაისური ჩაიცვა და ისე გადასცა გუნდის კაპიტანს ჯილდო. პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდგომაც ნელსონ მანდელა აქტიურად არის ჩართული სამხრეთ აფრიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მას დღესაც „მადიბას“ – „ოჯახის უფროსს“ – ეძახიან. მანდელა და მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია „46664“ შიდსის წინაღმდეგ იბრძვის. მისი ვაჟი შიდსით გარდაიცვალა, მას ესმის ამ ვირუსით დაავადებულთა და მათ ახლობელთა ტრაგედია. 2007 წელს კი მან თავის თანამოაზრეებთან, დესმონ ტუტუსა და გ. მაჩელთან ერთად იოჰანესბურგში მსოფლიოს ლიდერთა ჯგუფი „უფროსები“ ჩამოაყალიბა, რომლის მიზანი არის ლიდერთა მიერ ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება მსოფლიო მნიშვნელობის მქონე საჭირბოროტო საკითხების მოგვარების მიზნით. ამ ჯგუფის წევრთა არასრული სია ასე გამოყურება: კოფი ანანი, ჯიმი კარტერი, მერი რობინსონი, მუჰამაუ იუნუსი.
Source: სოლიდარობა №2(23),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9