უზენაესი სასამართლო. მოქმედებდა 1919 წლიდან. სენატი შედგებოდა სისხლის სამართლის საქმეთა დეპარტამენტისა და სამოქალაქო საქმეთა საკასაციო დეპარტამენტისგან, რომელთანაც არსებობდა ადმინისტრაციული განყოფილება. სენატს ჰქონდა კომპეტენცია ადმინისტრაციული აქტების კანონშესაბამისობის შემოწმებისა და მათი გაუქმებისა ყოველგვარი დავის გარეშე. კონსტიტუციის 76-ე მუხლით სასამართლო სენატის იურისდიქცია შემდეგნაირად განისაზღვრა: „სენატი მოვალეა:
ა) თვალყური ადევნოს კანონის დაცვასა და
ბ) განაგოს სასამართლოს ნაწილი, როგორც საკასაციო სასამართლომ“.
სენატის დებულების I მუხლის მიხედვით, „სენატი თვალყურს ადევნებს კანონის დაცვასა და სისწორით ასრულებას მთავრობის ყოველი დაწესებულების, თანამდებობის პირისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ“. მე-4 მუხლის მიხედვით: „თუ სენატმა საქმის განხილვის დროს რაიმე ბოროტმოქმედება ან დაუდევრობა აღმოაჩინა რომელიმე უწყებაში, სათანადო მინისტრს უნდა ეცნობოს, ხოლო თუ ბოროტმოქმედება ან დაუდევრობა ჩადენილია მინისტრის მიერ, რესპუბლიკის მთავრობას უნდა ეუწყოს“. მუხლი მე-6: „უკეთუ სენატი დაინახავს, რომ მინისტრის ან მთავრობის სხვა უმაღლესი წარმომადგენლის ცირკულიარი, განკარგულება ან სავალდებულო დადგენილება ეწინააღმდეგება კანონს, განკარგულება უნდა გასცეს მათი მოქმედების შეჩერებისათვის, ან გააუქმოს სავსებით ან ნაწილობრივ. შენიშვნა: ყველა მინისტრს და მთავრობის სხვა უმაღლეს წარმომადგენლებს დაევალოს წარუდგინოს სენატს გამოცემისთანავე თავისი ცირკულიარის, სავალდებულო დადგენილების, ინსტრუქციის, განმარტების, ზოგადი განკარგულების პირი“. უაღრესად საინტერესოა დებულების 34-ე მუხლი – სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტის საადმინისტრაციო განყოფილების განსჯადი საქმეების ჩამონათვალი, რომელიც დამოუკიდებელი განხილვის საგანია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სენატის საკასაციო დეპარტამენტთა საზოგადო კრების კომპეტენცია საადმინისტრაციო უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ისეთი უკანონო ქმედებით ან დაუდევრობით მიყენებული ვნების ან ზარალის ანაზღაურების თაობაზე საქმის განხილვის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, რომელიც არ ეკუთვნის სისხლის სამართლის უწყებას. ეს გულისხმობს, რომ უზრუნველყოფილი იყო ადმინისტრაციის წინააღმდეგ ზარალის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის წარდგენის უფლება.
Source: სოლიდარობა №2(23),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008