დაიწყო მე-19 საუკუნის ბოლოს. უფრო სწორად, დაიწყო ამის შესახებ ფიქრი, მაგრამ მისი ფორმალიზება მოხდა 1910 წელს, ედინბურგის კონფერენციაზე. უკვე სამ წელიწადში ამ მოძრაობას 100 წელი შეუსრულდება. მან მოიცვა ქრისტიანული ეკლესიების ცხოვრება, განათლება, სოციალური მსახურება და რიგ შემთხვევაში პოლიტიკური ქმედებაც. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, გვევლინება ამ იდეების განმახორციელებლად მთელს მსოფლიოში და რეგიონული ორგანიზაცია - ევროპის ეკლესიათა კონფერენცია - წარმოადგენს მის ევროპულ ფრთას, რომელიც ყველაზე აქტიურია, მდიდარია ინტელექტუალური და სოციალური შესაძლებლობებით და ასევე გამოცდილებით ამ სფეროში. ეკუმენური მოძრაობა კარს უხსნის ყველა ეკლესიას მონაწილეობა მიიღოს როგორც სასულიერო, ასევე სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, არა მხოლოდ იმ კონტინენტზე, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, არამედ მთელს მსოფლიოში. ეკუმენურ მოძრაობაში თავდაპირველად გაერთიანდნენ პროტესტანტული და მართლმადიდებელი ეკლესიები, ხოლო მას შემდეგ, რაც რომის კათოლიკე ეკლესიამ ფართომასშტაბიანი ცვლილებები განახორციელა ვატიკანის მეორე კრების შედეგად, ეკუმენურ მოძრაობაში სრულად ჩაერთო რომის კათოლიკე ეკლესიაც. მისი ინტელექტუალური ნაწილი „რწმენა და წესრიგი“ არის ორგანიზაცია, სადაც თეოლოგიური მსჯელობა მიმდინარეობს რომის კათოლიკე ეკლესიის, ევანგელური ეკლესიების, პროტესტანტული ეკლესიებისა და მართლმადიდებელი ეკლესიების მონაწილეობით.
Source: სოლიდარობა №16(17),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007