1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვე კვლ კვო

კვაკერები

ეს მოძრაობა ინგლისში მე-17 საუკუნის შუა ხანებიდან იღებს სათავეს. მისი მიმდევრები თავს ჭეშმარიტების მეგობრებს უწოდებენ, რადგან თავი ქრისტეს მეგობრად მიაჩნიათ. დღეს მათ უფრო მეტად „მეგობრების“ სახელით იცნობენ. „კვაკერებად“ ისინი პირველად ერთმა მოსამართლემ დაცინვით მოიხსენია, როგორც ადამიანები, რომლებიც ღვთის წინაშე კანკალებდნენ და თრდოდნენ (Quake ინგლისური სიტყვაა და ქართულად კანკალს ნიშნავს). დღეს კვაკერები და „მეგობრები“ ერთსა და იმავე რელიგიურ მიმდინარეობას ჰქვია, რომლის ოფიციალური სახელი „კვაკერების (მეგობრების) რელიგიური საზოგადოებაა“. მე-17 საუკუნის ინგლისში ქრისტიანული ჭეშმარიტების რადიკალურ რედეფინიციას ჯორჯ ფოქსი ჩაუდგა სათავეში. ის 1624 წელს დაიბადა და 19 წლის ასაკში დატოვა მშობლიური სახლი, რათა საკუთარ რელიგიურ კითხვებზე პასუხები ეპოვა. ის ამ შეკითხვებს ყველგან უსვამდა რელიგიურ ლიდერებს და ეკამათებოდა მათ. მოგზაურობის განმავლობაში, რომელიც ოთხი წელი გაგრძელდა, მან თანდათანობით გააცნობიერა, რომ მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს თავად ღმერთი იძლეოდა და ეს პასუხები ადამიანს საკუთარ თავში უნდა მოეძიებინა. ჯორჯ ფოქსმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ თავისი ხედვა და ქრისტიანობის ახლებური გააზრება სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ახალი რელიგიური რწმენის გავრცელებისთვის ის რვაჯერ იჯდა ციხეში, სადაც მას გამუდმებით სცემდნენ და აწამებდნენ. მისი ნაშრომები „მეგობრების რელიგიური საზოგადოების“ მთავარ საყრდენს წარმოადგენს. დღეს „კვაკერების რელიგიურ საზოგადოებას“ მიმდევრები მთელ მსოფლიოში ჰყავს. ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მათი რაოდენობა ერთნიშნა რიცხვიდან რამდენიმე ათასამდე მერყეობს. მათ აქვთ შეხვედრის ადგილი, სადაც ღვთისმსახურებას ეწევიან. როგორც წესი, კვაკერები თვეში ერთხელ ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა შეხვედრების ინტენსივობა უკვე სხვადასხვაგვარია სხვადასხვა ქვეყანაში. იწვევენ ყოველწლიურ შეკრებებსაც, რომლებზეც კონკრეტული გეოგრაფიული არეალის „მეგობართა“ ხელმძღვანელობას ირჩევენ. ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში კვაკერების ზოგიერთი ჯგუფის ისტორია სათავეს კვაკერიზმის დასაწყისიდანვე იღებს, ზოგი კი ახალი დაარსებულია. ახალი ჯგუფებიდან ბევრი აღიარებულია და მათზე „მეგობრების მსოფლიო საზოგადოება“ ზრუნავს, სადაც როგორც ევროპის, ისე ახლო აღმოსავლეთის სექტორები არსებობს. კვაკერები თავიდანვე უჭერდნენ მხარს რწმენის თავისუფლებას, ღმერთის გულმოწყალების უნივერსალობას, გენდერულ თანასწორობას და უმცირესობების უფლებების დაცვას. ისინი ყოველთვის ებრძოდნენ სიღარიბის გამომწვევ მიზეზებს, უარს ამბობდნენ ომში წასვლაზე. დღეს მსოფლიო კვაკერების ორ მესამედზე მეტი თავს თეოლოგიურად „ევანგელიკებს“ უწოდებს, ერთი მეექვსედი კი - „ლიბერალებს“, ორივე განშტოება სათავეს ადრინდელი კვაკერიზმიდან იღებს და ერთმანეთს ავსებს, თუმცა „მეგობართა“ უმრავლესობა ლიბერალურ ტრადიციებს მისდევს. „კვაკერიზმი ინგლისში სამოქალაქო ომის დროს, კრომველის ხანაში წარმოიშვა, როდესაც საზოგადოება ქაოსით, გაურკვევლობითა და მომავლის შიშით იყო მოცული. ყველა სამყაროს დასასრულისა და მეორედ მოსვლის მოლოდინში იყო. ჩასახვისთანავე კვაკერიზმი გულისხმობდა ბრძოლას ნებისმიერი სახის ომის წინააღმდეგ, რადგან კვაკერებს თავიდანვე მიაჩნდათ, რომ თავარია არა ომის მოგება, არამედ იმ მიზეზების აღმოფხვრა, რაც ომს იწვევს. ამისათვის კი ძალადობის მოთხოვნილება ადამიანებს უპირველეს ყოვლისა თავიანთ თავში უნდა დაეთრგუნათ, უნდა ეღიარებინათ, რომ ადამიანები ღმერთის წინაშე თანასწორნი არიან, ისევე, როგორც ერთმანეთთან ურთიერთობაში, მიუხედავად სქესისა, ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობებისა, სექსუალური მისწრაფებებისა, განათლებისა და ასე შემდეგ“, - ამბობს პიტერ დაისონი.
Source: სოლიდარობა №16(17),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9