საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლის თანახმად: „არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირს რაიმე“. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს „უსხეულო ნივთი“ ეწოდება. უსხეულო ნივთები სხეულებრივი ნივთების მსგავსად სამართლებრივ ფასეულობად იქცევა იმის წყალობით, რომ მათ უკან გარკვეული პირის უფლებებია გამოკვეთილი. სხეულებრივი ნივთის უკან არსებული უფლებები სწორედ რომ ამ ნივთზე არსებული უფლებებია და ამ აზრით, ფასეულობას წარმოადგენს საგნის თვით სხეული, იგივე ნივთი. სხვანაირად დგას საკითხი უსხეულო ნივთების ვითარებაში. ამ შემთხვევაში თვით უფლება და მოთხოვნაა ნივთი, ხოლო ის მატერიალიზებული საგანი, რაშიც ისინია გამოხატული არ წარმოადგენს მათ სხეულს. მიუხედავად ამისა, არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ისევეა შესაძლებელი, როგორც სხეულებრივი ნივთებისა.
Source: ინტელექტუალი №5, - [სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2007. - ISSN 1512-2530