1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მხა

მხარეთა ნების ავტონომია

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია თანამედროვე საერთაშორისო კერძო სამართლისთვის (შემდგომში – სკს-ი). კერძოდ, სკს-ის ერთ-ერთი ქვედარგი, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი „მხარეთა ნების ავტონომიის“ (Parteiautonomie) ცნებაში გულისხმობს კერძო სამართლებრივი ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ არჩეულ რომელიმე ქვეყნის სამართალს, რომელსაც ისინი უქვემდებარებენ წინამდებარე ხელშეკრულებას. მატერიალურ სამართალში კი „მხარეთა ნების ავტონომიას” უკავშირებენ ისეთ სამართლებრივ ინსტიტუტს, როგორიცაა „მხარეთა კერძო ნების ავტონომია“ (Privatautonomie). სამოქალაქო სამართალში ამ უკანასკნელში იგულისხმება მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლება ხელშეკრულების დადებისას. მხარეთა ნების ავტონომიის შესახებ პირველი მნიშვნელოვანი მოსაზრებები განავითარა ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიჰ კარლ ფონ სავინიმ XIX საუკუნეში. სავინის მოძღვრების პოპულარობას ხელი შეუწყო საუკუნეების მანძილზე ევროპაში გაბატონებული ე.წ. „სტატუტთა თეორიის“ მოძველებული დოქტრინის მსხვრევის აუცილებლობამ. ერთადერთი ქვეყანა, რომლის დოქტრინამაც შეძლო სტატუტთა თეორიის უარყოფა, გერმანია აღმოჩნდა. 1841 წელს გერმანელმა იურისტმა ვეხტერმა პირველმა უარყო სტატუტთა თეორია და განავითარა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც კოლიზიური ნორმა ატარებს ნაციონალურ და არა საერთაშორისო ხასიათს. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ კანონმდებლობაში მოსამართლე ვერ მოძებნის უცხო ქვეყნის კანონზე პირდაპირ მითითებას, მაშინ მან უნდა გამოიყენოს თავისი ქვეყნის სამართალი. ვეხტერი მხარს უჭერდა სასამართლო კანონის (lex fori) პრინციპის გამოყენებას. ვეხტერისაგან განსხვავებით, სავინიმ, თავის ცნობილ ნაშრომში „თანამედროვე რომის სამართლის სისტემა“, განავითარა კოლიზიური სწავლება, რომელიც ეფუძნებოდა „საერთაშორისო-სამართლებრივ პრინციპებს“ სავინის აზრით, თვითოეული სამართლებრივი ურთიერთობის გარკვევისას უნდა მომხდარიყო მისი დაკავშირება კონკრეტული სახელმწიფოს ტერიტორიასთან, აღნიშნული ურთიერთობის „წარმოშობის ადგილთან“ (Sitz des Rechtsverhältnisses). ამასთან, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლი უნდა ეთამაშა „მხარეთა ნების ავტონომიის“ (Parteiautonomie) პრინციპის გამოყენებას, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სამართლებრივი ურთიერთობის საკუთარი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობისადმი დაქვემდებარება. აღნიშნული პრინციპის შეზღუდვად სავინი ასახელებდა „საჯარო წესრიგის“ (ordre Public) და მისი მსგავსი პრინციპების გამოყენებას. სავინის თეორიამ დიდი გავლენა იქონია არამარტო იმდროინდელი გერმანიის, არამედ საფრანგეთის, ინგლისის და სხვა ევროპის ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, სავინის მოძღვრებამ ასახვა ვერ ჰპოვა გერმანიის სამოქალაქო კოდექსზე (1896 წ.), რადგანაც გერმანია იმ პერიოდისათვის უკვე ესწრაფვოდა თავისი კაპიტალის მონოპოლიზაციისაკენ. ამას მოგვიანებით დაემატა გერმანიის პირველ მსოფლიო ომში განცდილი მარცხი, რასაც მოჰყვა არჩევნებში ჰიტლერის „ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის“ გამარჯვება. ამან კი გერმანია ფაშიზმამდე და მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა, რამაც საბოლოო ჯამში დაღი დაასვა „მხარეთა ნების ავტონომიის“ ინსტიტუტის შემდგომ განვითარებას. მხოლოდ გერმანიის მეორე მსოფლიო ომში მარცხისა და გერმანიის ორ სახელმწიფოდ გაყოფის შემდეგ იწყება „მხარეთა ნების ავტონომიის“ შემდგომი განვითარება. კაპიტალიზმის რელსებზე დამდგარმა გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ეკონომიკის სწრაფი განვითარებისა და ევროპის სხვა სახელმწიფოებთან ერთად ევროკავშირის შექმნით მოახერხა თანამედროვე „მხარეთა ნების ავტონომიის“ ინსტიტუტის განმტკიცება, რამაც საბოლოო ჯამში ასახვა ჰპოვა 1980 წლის 19 ივნისის „სახელშეკრულებო ურთიერთობებში გამოსაყენებელი სამართლის შესახებ“ კონვენციაში.
Source: ინტელექტუალი №6, - [მთავარი რედაქტორი; გიორგი მადუაშვილი. რედაქტორები – თათია დოლიძე, მაია მადუაშვილი, ნინო კახიანი კორექტორი – მაია მელიქიშვილი კომპიუტერული უზრუნველყოფა – თათა ჯოხაძე მთარგმნელი – რუსუდან ჯინჭარაძე, თეა ცომაია. სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2008. - ISSN 1512-2530
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9