1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი

ასრულებს ოთხ ძირითად ფუნქციას: 1) შეისწავლის სახელმწიფოთა მოხსენებებს პაქტის მოთხოვნათა შესრულებასთან დაკავშირებით; 2) აყალიბებს საერთო წესის შენიშვნებს; 3) განიხილავს მონაწილე სახელმწიფოთა საჩივრებს სხვა მონაწილე სახელმწიფოებზე ამ უკანასკნელთა მიერ პაქტის მოთხოვნათა დარღვევასთან დაკავშირებით; 4) განიხილავს ცალკეულ პირთა საჩივრებს მონაწილე სახელმწიფოებზე. ადამიანის უფლებათა კომიტეტი თავისი ოთხი ძირითადი ფუნქციის განხორციელებისას ხასიათდება, როგორც კონსულტანტი და მეთვალყურე ორგანო (სახელმწიფოთა მოხსენებების განხილვისას და საერთო წესის შენიშვნათა გამომუშავებისას), შემწყნარებელი ორგანო (სახელმწიფოთა შეტყობინებების განხილვისას) და ფაქტების დამდგენი და გამოძიების მწარმოებელი ორგანო (ცალკეულ პირთა საჩივრების განხილვისას). [...] ადამიანის უფლებათა კომიტეტის კომპეტენცია და მისი ფუნქციონირების საფუძვლები განსაზღვრულია საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მისი ფაკულტატური ოქმითა და კომიტეტის დროებითი წესებით. პაქტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ,,კომიტეტი ადგენს პროცედურის საკუთარ წესებს, მაგრამ ამ წესებით, კერძოდ, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ: ა) კომიტეტის 12 წევრი შეადგენს ქვორუმს; ბ) კომიტეტი დადგენილებებს იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით”. ადამიანის უფლებათა კომიტეტი წარმოადგენს გაეროს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც გაეროს სხვა ორგანოებთან თანამშრომლობს. კომიტეტი, საერთაშორისო სასამართლოსგან განსხვავებით, არ არის სასამართლო ორგანო. იგი ადგენს ფაქტებს და სამართლის ნორმათა საფუძველზე ახდენს მათ კვალიფიცირებას. პრაქტიკიდან ცნობილია, რომ კომიტეტი ხშირად სასამართლო ორგანოთა მსგავსად მოქმედებდა. 1977 წელს დამტკიცდა კომიტეტის პროცედურის წესები და მათ დროებითი წესები ეწოდა. კომიტეტს შეუძლია შეცვალოს აღნიშნული დოკუმენტი, მაგრამ განვლილ პერიოდში ასეთს ძალზედ იშვიათად ჰქონდა ადგილი. პაქტი და ფაკულტატური ოქმი აწესრიგებს კომიტეტის მოღვაწეობასთან, კომპეტენციასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. დროებითი წესები განსაზღვრავს მისი ფუნქციონირების საფუძვლებსა და შიდაორგანიზაციულ სტრუქტურას. ამას გარდა, იგი აკონკრეტებს ორივე დოკუმენტის ნორმებს, რომლებიც პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მოვალეობებსა (სახელმწიფოთა მოხსენებებთან დაკავშირებულს) და ფიზიკურ პირებს (ინდივიდუალურ საჩივართა განხილვის პროცედურა) ეხება. კომიტეტი 18 წევრისგან შესდგება, რომლებსაც ,,...ირჩევენ და ისინი მუშაობენ პირადად” (პაქტის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი). კომიტეტის წევრები ირჩევიან ფარული კენჭისყრით იმ პირთა სიიდან, რომლებიც პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა დაასახელეს და მათი მოქალაქეები არიან. ამასთან, თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს არა უმეტეს ორი კანდიდატისა. კომიტეტის წევრებს ირჩევენ პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა სხდომაზე, რომელსაც გაეროს გენერალური მდივანი გაეროს შტაბ-ბინაში იწვევს. სხდომაზე, რომლის ქვორუმიც პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ორ მესამედს შეადგენს, კომიტეტში არჩეულად ჩაითვლებიან ის პირები, რომლებიც დამსწრეთა ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებენ (პაქტის 29-ე და 30-ე მუხლები). კომიტეტის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს ერთი და იმავე სახელმწიფოს ერთზე მეტი მოქალაქე. ,,კომიტეტის არჩევნების დროს ითვალისწინებენ წევრთა სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებას და სხვადასხვა ფორმის ცივილიზაციისა და ძირითადი იურიდიული სისტემების წარმომადგენლობას” (პაქტის 31-ე მუხლი). [...]
Source: მიქანაძე გივი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9