1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გამოხატვის თავისუფლება

  1. E. Freedom of expression
    დათმობილი აქვს კონვენციის მე-10 მუხლი და მისი აღიარება და დაცვა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისა და თითოეული ადამიანის განვითარებისათვის. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად.
    Source: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები = The European Court of Human Rights and Your Fundamental Rights : [ბროშურა / ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ; შემდგ.: თამარ გაბისონია, მაკა გიოშვილი ეკატერინე დარსანია სხვ. ; რედ.: მანანა კობახიძე, ვლადიმერ მკერვალიშვილი] - თბ., 2005,

  2. ძირითადი უნივერსალური ღირებულებაა, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებებს და განსაზღვრავს პიროვნების ღირსებას. მისი მნიშვნელობა აღიარებული იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, როდესაც მიიჩნიეს, რომ გამოხატვის თავისუფლება „ქვაკუთხედია ყველა იმ უფლებისა, რომელთა დაცვაც გაეროს პრიორიტეტს წარმოადგენს“ (UNGA, 1948). იმ საზოგადოებებში, სადაც გამოხატვის თავისუფლება დათრგუნულია, როგორც წესი ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა ხშირი დარღვევის ფაქტებს და პირიქით, იქ სადაც დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მეტია შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის და შემცირებისა. გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია გაეროს ყველა ძირითადი დოკუმენტით, მათ შორის სამი ძირითადი რეგიონალური ხელშეკრულებითაც. ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მე-19 მუხლი შემდეგნაირად განსაზღვრავს გამოხატვის თავისუფლებას: „ყოველ ადამიანს აქვს აზრის და მისი თავისუფლად გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას იქონიოს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.“
    Source: მენდელი ტობი. გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები,-თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2004,

  3. უფლება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის აღმშენებლობაში. სიტყვისა და აზრის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი საფუძველია, დემოკრატიული საზოგადოების პროგრესისა და ცალკეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. ეს უფლება შეეხება არა მხოლოდ ისეთ ,,ინფორმაციას” ან ,,იდეას”, რომელიც სახელმწიფოს მიერ კეთილგანწყობილად მიიღება, არამედ ისეთსაც, რომელიც მიუღებელია ხელისუფლების ან მოსახლეობის ნაწილისათვის. ამას მოითხოვს პლურალიზმის, ლიბერალიზმისა და ტოლერანტობის პრინციპები, რომელთა გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება.
    Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
  4. სიტყვის თავისუფლება შეიძლება ემსახურებოდეს მრავალ ფუნქციას: ინფორმაციის გავრცელებას; ხალხის ნების გამოხატვას (არჩევნებთან, ხელისუფლების პოლიტიკას თან დაკავშირებით და სხვ.); იდეების გენერაციას და ა.შ. დღევანდელ მსოფლიოში ძალზე ცოტა ქვეყანაა, რომელიც თავის კონსტიტუციაში არ აღიარებს სიტყვის თავისუფლებას. თუმცა აქვს თუ არა ყველა ხალხს ამ თავისუფლების გამოყენების საშუალება, ეს სრულიად სხვა საკითხია. ცივი ომის ეპოქაში პრესის თავისუფლება და აზრისა და გამოხატვის თავისუფლება კომუნისტურ და არაკომუნისტურ სახელმწიფოებში ძალზე განსხვავებულ უფლებებს გულისხმობდა, თუმცა ფორმალურად ყველა საყოველთაო დეკლარაციის ერთგულებას აცხადებდა. გაერო-მ 1948 წელს თავისუფლების შესახებ უფრო დეტალური კონვენციის მომზადება დაიწყო, მაგრამ ეს კონვენცია არ იქნა მიღებული – ჟენევის კონფერენციის შედეგად მხოლოდ ერთი კონვენცია მივიღეთ –კონვენცია შესწორების საერთაშორისო უფლების შესახებ. ამ დოკუმენტის მიხედვით ხელმომწერ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოსცენ კომიუნიკეები ახალი ამბების ნებისმიერ ისეთ გავრცელებასთან დაკავშირებით, „რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ამ სახელმწიფოს ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებთან ან ზიანი მიაყენოს მის ეროვნულ ავტორიტეტსა თუ ღირსებას“ (მუხლი 2). ახალი ამბების გავრცელებას უნდა ჰქონდეს საერთაშორისო შეფერილობა და ის ტყუილი ან დამახინჯებული უნდა იყოს. მომჩივან სახელმწიფოს შეუძლია წარუდგინოს ფაქტების მისეული ვერსია სხვა სახელმწიფოებს და კორესპონდენტსა თუ საინფორმაციო სააგენტოს, რომელიც შეასწორებს მოცემულ ახალ ამბებს. შეხედულებისა და თავისუფალი აზრის უფლება აბსოლუტურია და თითქმის შეუძლებელია მისი კონტროლი. ამის მიუხედავად, ხშირად საუბრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გამოყენებულ „ხელახალი განათლების“ პროგრამებზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს ცალკეული პირებისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის „ტვინის გამორეცხვას“. ადამიანის უფლებათა სამართალი თამაშში რეალურად მაშინ ერთვება, როდესაც ხდება აზრის ან შეხედულების გამოხატვა, განსაკუთრებით, საჯაროდ. ამას ადასტურებს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ გაეროსთვის 1990 წელს წარდგენილი ანგარიში (დანილო თერქი და ლუი ჟუანე). საკუთარი პოლიტიკური მრწამსის ნიადაგზე დაპატიმრებული „სინდისის პატიმრების“ მდგომარეობა რიგ საქმეებს დაედო საფუძვლად. ცხადია, რომ ამგვარი პატიმრობა სხვა უფლებებსაც ხელყოფს, მაგალითად, თავისუფლების უფლებას და არაადამიანური მოპყრობისგან თავისუფლებას. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ დეტალურად ამუშავებს ამ ცნებას და ითვალისწინებს ინფორმაციისა და იდეების გაცვლას საზღვრების მიუხედავად (მუხლი 19). შესაბამისად, ადამიანს ეძლევა უფლება, გადასცეს ინფორმაცია სხვა სახელმიწოფოს ცალკეულ მოქალაქეებსა თუ ჯგუფებს და მიიღოს მათგან ინფორმაცია. ამაში შეიძლება ვიგულისხმოთ კომუნიკაცია როგორც ტრადიციული მეთოდებით, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მკაცრად არის განსაზღვრული ის გარემოებები, როდესაც სახელმწიფოებს შეუძლიათ ჩაერიონ ამ უფლების განხორციელებაში. აზრისა და გამოხატვის თავისუფლება სცდება იდეების უბრალოდ სიტყვიერად გამოხატვას. იგულისხმება გამოხატვის სხვა სახეებიც: წერილობითი სიტყვა, როგორიც არის, მაგალითად, პრესა და, რასაკვირველია, საპროტესტო ტრანსპარანტები, აგრეთვე, მხატვრული გამოსახვა. შემოქმედებითი აზრის დემონსტრირებისა და სიტყვიერი გამოხატვის ყველა ფორმა ხვდება დებულებათა ფარგლებში. დღეს მიჩნეულია, რომ საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი მოიცავს გამოხატვის ზოგად თავისუფლებას და შეიძლება ითქვას, რომ მისი ზოგიერთი ნაწილი ამჟამად ჩვეულებით სამართლად არის აღიარებული.
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9