1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. ავგუსტინე

(354-430 წწ.) აურელიუს ავგუსტინე 354 წელს ნუმიდიის ქალაქ ტაგასტეში დაიბადა. მას ჰყავდა წარმართი მამა და ქრისტიანი დედა, სახელად მონიკა, რომელმაც ვაჟი ქრისტიანულად აღზარდა. ავგუსტინე სასწავლებლად კართაგენში გაემგზავრა, სადაც ქრისტიანულ ზნეობრივ პრინციპებს დასცილდა, სწავლის დასრულების შემდეგ კი იქვე დარჩა რიტორიკის მასწავლებლად და მანიქეველთა სექტას მიემხრო. 383 წელს 29 წლის ავგუსტინე რომში გაემგზავრა სკოლის გასახსნელად, ერთი წლის შემდეგ კი - მილანში ფულისა და დიდების მოსახვეჭად. მილანში ყოფნისას ავგუსტინე ხანდახან ესწრებოდა ქალაქის ეპისკოპოსის, წმ. ამბროსის, ქადაგებებს. ამ ქადაგებებმა და მილანში შვილთან ჩასული დედის შეგონებებმა გავლენა მოახდინეს ახალგაზრდაზე. ფილოსოფიის შესწავლაში და ფილოსოფიისა და რელიგიის შესახებ დისკუსიებში გატარებული წლებისა და ორჭოფობის შემდეგ ის ქრისტიანი გახდა. მილანის მახლობლად კასიციაკუმში მეგობრებთან ერთად განმარტოებით ცხოვრების ნაყოფიერი 12 თვის შემდეგ 387 წელს ავგუსტინემ წმ. ამბროსისგან ნათელი იღო, რის შემდეგაც აფრიკაში დაბრუნდა. ამ მოგზაურობისას ოსტიაში მისი დედა გარდაიცვალა; ავგუსტინემ ის წყალობაში ხელახლა შობილის შესაფერი მორჩილებით დაიტირა. მღვდლად ხელდასხმის შემდეგ, 395 წელს ავგუსტინე ჰიპონის ეპისკოპოსად აკურთხეს; აქ გაატარა მან წლები ეპარქიაზე ზრუნვაში, აქვე შექმნა თავისი მრავალრიცხოვანი შრომები და მიიღო მონაწილეობა თავისი დროის თეოლოგიურ დისპუტებში. გარდაიცვალა 430 წელს, როდესაც მის ჰიპონს გენსერიკის მეთაურობით შემოსეული ვანდალები ასწორებდნენ მიწასთან. ავგუსტინეს პრობლემა ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაა; ადამიანისთვის ის ნეტარი ცხოვრების პრობლემას წარმოადგენს. ცხოვრება მაშინ არის ნეტარი, როდესაც ჭეშმარიტებასთან კავშირში მყოფ ცოდნას ვფლობთ. ხოლო ჭეშმარიტებაში, რომელიც ქმნის, ნათელყოფს, ათავისუფლებს, მოთავსებულია ავგუსტინესეული ბინომი: ღმერთი-ადამიანი. ჭეშმარიტება ერთდროულად ადამიანისთვის შინაგანი და მასზე აღმატებულია: ის ადამიანშია, მის სულში, მაგრამ ადამიანის, მისი სულისმიერი არ არის. აქედან მომდინარეობს ჭეშმარიტების შინაგანობა და აღმატებულობა. ჭეშმარიტების შინაგანობა და აღმატებულობა ავგუსტინემ ნეოპლატონიზმში აღმოაჩინა, მაგრამ ამ სწავლებით ვერ დაკმაყოფილდა, რადგანაც ნეოპლატონიზმი ადამიანის საკმარისობას ამტკიცებს. საკუთარ გამოცდილებასა და კაცობრიობის ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ავგუსტინე გრძნობს, რომ არც ერთ ფილოსოფიას არ ძალუძს ადამიანისთვის ჭეშმარიტების მიცემა. უეჭველობის ჩანერგვა მხოლოდ ქრისტეს და მისი სიტყვის რწმენას შეუძლია, თუმცა ადამიანის გონების თანამონაწილეობით: credo ut intelligam e intelligo ut credam. წმ. ავგუსტინე რწმენისა და გონების გაერთიანებით ქმნის ცოდნას. ამგვარად, ეს არის ადამიანისა და ისტორიის შესახებ ქრისტიანული, ანუ თეოლოგიური ცოდნა, რომელშიც გონება და მასთან ერთად ფილოსოფიაა გამოყენებული. ფილოსოფიური აზროვნებისათვის, ჭეშმარიტების საპოვნელად, აუცილებელია გწამდეს, ანუ გქონდეს რწმენა, მსგავსი გზის მაჩვენებელი სინათლისა. მტკიცე რწმენისათვის კი აუცილებელია წვდომა და ინტელექტის ვარჯიში, ანუ ფილოსოფიური აზროვნება. წმ. ავგუსტინე ღმერთის არსებობას ამტკიცებს საგანთა ცვალებადობით, სამშვინველის მწვავე მოთხოვნილებით, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტების აბსოლუტურობით, რაც ადამიანის გონების სიმდიდრეს წარმოადგენს: ურყევ ჭეშმარიტებას ურყევი ინტელექტი უნდა შეესაბამოს, ანუ თავად ღმერთი, როგორც უზენაესი გონიერი ყოფნა. ღმერთი ინტელექტი და სიყვარულია. ღმერთმა სამყარო მისი ფორმისა და მატერიის მთლიანობაში შექმნა და თავადვე ჩადო მასში ევოლუციის თესლი (rationes seminales). [ეს თესლი (სტოიკური წარმოშობის rationes seminales) მატერიაში ჩაიდო, როგორც პოტენციური შესაძლებლობანი, რომლებიც დროდადრო ნამდვილ ორგანიზმებად იქცევა. ეს არის არსი და ზღვარი ევოლუციის შესახებ ავგუსტინეს დოქტრინისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დარვინიზმთან.] ბოროტება საგნებში არ არსებობს, ის მხოლოდ ადამიანის ნების ნაყოფია: ის ადამიანის იმ ქმედებათა ,,არ-ყოფნაა“, რომლებიც ღვთის კანონს არ შეესაბამება. ნამდვილი ბორტების, ანუ ცოდვის მიზეზი ადამიანის თავისუფალი ნებაა, რომელიც შემოქმედთან შედარებით ქმნილებას ანიჭებს უპირატესობას.ადამიანი სამების ხატებას (esse, nosse, velle. esse = ყოფნა; შეესაბამება მამა ღმერთს; Nosse = შემეცნება - ინტელექტი; შეესაბამება ძეს; velle = ნება - სიყვარული; შეესაბამება სულიწმიდას.) ატარებს საკუთარ თავში. ადამიანი სამშვინველისა და სხეულისაგან შედგება, თუმცა სამშვინველი უპირატესობას ფლობს სხეულთან შედარებით (პლატონისეული დოქტრინის გავლენით). ადამიანი უფრო სამშვინველია, რომელსაც სხეული - საშუალება ემსახურება. მოგვიანებით წმ. ავგუსტინემ უარყო საკუთარი მტკიცებულება, რომ ადამიანის სამშვინველს მისი მშობლები აყალიბებენ და აღიარა ღმერთის მიერ სამშვინველის შექმნის ფაქტი. პელაგიოსისეული ნატურალიზმის საპირისპიროდ, წმ. ავგუსტინე ამტკიცებს მადლის აუცილებლობას იმისათვის, რომ თავდაპირველი ცოდვის შედეგად უკიდურესად დასუსტებულმა ადამიანმა ზნეობრივი და ზებუნებრივი თვალსაზრისით ღირსეულად მოქმედება შეძლოს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9