(1079-1142 წწ.) – XII საუკუნის უდიდესი დიალექტიკოსი და ფილოსოფოსია. აბელარი ცნობილი სწავლული და მასწავლებელი იყო, მის ლექციებს 5 000-მდე მსმენელი ესწრებოდა. ელოიზასთან სასიყვარულო თავგადასავლის შემდეგ ის ბერად აღიკვეცა. აბელარს ეკუთვნის შრომები დიალექტიკასა და თეოლოგიაში, მათ შორის აღსანიშნავია „dialectica“ და „Sic et Non“. აბელარისთვის არსებითად დამახასიათებელია გონებისა და რწმენის სინთეზი, მაგრამ ის რწმენის შინაარსის რაციონალური დამუშავებისკენ იხრება: აქედან იღებს დასაბამს მისი დიადი დიალექტიკა. დიალექტიკისა და ფილოსოფიის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შრომა „Sic et Non“. მასში აბელარი თითოეულ თეოლოგიურ პრობლემას დადებით (Sic) და უარყოფით (Non) პასუხს აძლევს, რომელთა საფუძველზეც პოზიციის ჩამოყალიბება ხდება. აქედან იღებს დასაბამს შუა საუკუნეებში გავრცელებული მეთოდი „დისპუტატიო“, როდესაც საპირისპირო პოზიციათა პასუხად მასწავლებელი საკითხის საკუთარ გადაწყვეტას წარმოადგენს. ამ მეთოდს სქოლასტიკის მთელი ისტორიის მანძილზე ყველა სქოლასტიკოსი იყენებდა. უნივერსალიების პრობლემასთან დაკავშირებით აბელარი ნომინალისტებსაც და რეალისტებსაც ეწინააღმდეგება. მისთვის უნივერსალური არის აზრი, ანუ ცნება (sermo), რომელიც ყოველთვის რეალობასთანაა მიმართებაში.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]