1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აკ აკა აკვ აკმ აკრ აკუ

აკვინელი თომა

(1225-1274 წწ.) – აკვინოს გრაფების შთამომავალი თომა 1225 წელს როკასეკას ციხე-კოშკში დაიბადა. ხუთი წლის ასაკში ბიჭი შუა საუკუნეების იტალიის ცნობილ კულტურულ ცენტრს, მონტეკასინოს ბენედიქტინელთა სააბატოს მიაბარეს. 1236-1239 წლებში თომა ნეაპოლის უნივერსიტეტში სწავლობდა გრამატიკას, ლოგიკასა და ბუნების ფილოსოფიას. 1222 წელს ფედერიკო იი-ის მიერ დაარსებულ ამ უნივერსიტეტში ავეროიზმი დომინირებდა, ამიტომაც სავარაუდოა, რომ თომა კარგად გაეცნო ხსენებულ მიმდინარეობას. 1243 წელს თომა ნეაპოლის სან დომენიკო მაჯორეს მონასტერში დომენიკანელთა ორდენის წევრი გახდა. ნეაპოლიდან რომის გავლით ჩრდილოეთისკენ გამგზავრებულ თომას გზაზე შეიარაღებული ჯგუფი გადაეღობა მისი ძმის, რინალდოს, მეთურობით, რომელიც, როგორც მთელი ოჯახი, თომას ბერად აღკვეცის წინააღმდეგი იყო. სან ჯოვანის მთაზე კოშკში ჩაკეტილი თომა 1245 წელს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ჯერ პარიზში, შემდეგ კი კიოლნში ჩავიდა, სადაც 1248-1252 წლებში წმ. ალბერტ დიდის მოწაფე იყო. პარიზში დაბრუნებულმა თომამ აკადემიური საფეხურები გაიარა (1252-53 წლებში ის არის baccalaureus biblicus - ბიბლიის კომენტირების ბაკალავრი; შემდეგ - baccalaureus sententiarius-პ. ლომბარდოს სენტენციათა კომენტატორი) და 1257 წელს მაგისტრის წოდება მოიპოვა. 1259 ან 1261 წელს თომა იტალიაში დაბრუნდა, 1265-67 წლებში რომში უძღვებოდა თავის მიერვე დაარსებულ დომენიკანურ Studium generale-ს; 1268 წლამდე ვიტერბოში კლემენტ ივ-ის კარზე იმყოფებოდა, შემდეგ კი პარიზში გაემგზავრა და 1272 წლამდე უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა. 1272 წელს ორდენის საერთო კაპიტულმა მას ნეაპოლის უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის დაკავება დაავალა. ლიონის საეკლესიო კრებაში მონაწილეობის მისაღებად პაპ გრეგორი X-ს მიერ მიწვეული თომა გზად ავად გახდა და ფოსანოვას ცისტერციანულ მონასტერში გაჩერდა, სადაც 1274 წლის 7 მარტს გარდაიცვალა სასიკვდილო სარეცელზე ბიბლიური ქებათა-ქების კომენტირებისას. წმ. თომასთვის ფილოსოფია, უპირველეს ყოვლისა, მეტაფიზიკაა, ანუ რეალობის, როგორც ასეთის, უნივერსალური კონცეფცია. ამა თუ იმ რეალობაზე, ადამიანზე თუ ბუნებაზე, ზოგადად, რეალობის ნებისმიერ განსაზღვრებაზე წინ არსებობს რეალობა, რომელიც ფილოსოფოსმა საკუთარი კვლევის საგნად უნდა აქციოს. რეალობის განმარტება თვით რეალობასავით რთულია.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9