1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბოდ ბოე ბოვ ბოლ ბონ ბორ ბოფ ბოშ

ბონავენტურა

ბონავენტურად წოდებული ფრანცისკანელი ბერი ჯოვანი ფიდანცა 1221 წელს ბანიორეჯოში (ვიტერბო) დაიბადა. იყო პარიზის უნივერსიტეტის მასწავლებელი და წმ. თომა აკვინელის მეგობარი. გარდაიცვალა 1274 წელს 53 წლის ასაკში. იყო უფრო მისტიკოსი, ვიდრე ფილოსოფოსი. ამტკიცებდა, რომ ყოველი ქმნილება მატერიისა და ფორმისგან შედგება, ღმერთი კი წმინდა ფორმაა. - მატერიალურ, სხეულებრივ ქმნილებებში მატერია სხეულებრივია. - სულიერ ქმნილებებში მატერია სულიერია (სამშვინველი). ადამიანის სამშვინველი (სულიერი) არ არის წმინდა ფორმა, რადგანაც მასაც გააჩნია მატერია (სული). ადამიანი არის „სული, რომელიც სარგებლობს სხეულით“ და არაა მასზე დამოკიდებული: ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის მთლიანობა საკმაოდ გართულებულია.ბონავენტურას ძირითადი ნაშრომია „პიეტრო ლომბარდოს მოსაზრებათა კომენტარი“, მის საუკეთესო მისტიკურ შრომად კი ითვლება „გონების გზა ღმერთისკენ“. არისტოტელეს საწინააღმდეგოდ, ბონავენტურა მიიჩნევს, რომ ყველა სახის შემეცნება არ მომდინარეობს გრძნობებისგან: მაგალითად, სამშვინველი გარეგან გრძნობათა დაუხმარებლად შეიცნობს ღმერთსა და საკუთარ თავს. გრძნობებიდან მომდინარეობს სახეობები, ანუ მსგავსებანი საგნებისა, რომლებიც საგანთა გამოსახულებებია. მაგრამ ამ გრძნობად სახეობებს სამშვინველი ვერ გამოიყენებდა ღმერთის მიერ ბოძებული წარმმართველი ნათლის გარეშე, რომელიც ცოდნის ორგანიზებასა და დაყოფაში უძღვება მას. ბონავენტურასთვის სამშვინველი სხეულის მამოძრავებელი ძალაა. ის არ არის წმინდა ფორმა (როგორც არისტოტელეს მიმდევრები ამტკიცებდნენ), მას საკუთარი მატერია გააჩნია. ამგვარად, ის სუბსტანციაა, ამ ტერმინის სრული მნიშვნელობით: სხეულისაგან განცალკევებადი, უძლეველი და უკვდავი. ბონავენტურა აღიარებს შემეცნებაში ადამიანის ინიციატივის უნარსა და მისი ქმედების თავისუფლებას. შემეცნების წარმმართველი ღვთაებრივი შუქი ადამიანის საქციელსაც წარუძღვება. ეს შუქი არის sinderes, გონების ნაპერწკალი: განსჯის ბუნებრივი კრიტერიუმი, რომელიც ადამიანს სიკეთისკენ წარმართავს, ინტელექტის პრინციპები კი, რომლებიც ასევე ღვთიური ნათელმყოფელი ქმედების შედეგად გვევლინებიან, ადამიანს ჭეშმარიტებისკენ მიუძღვიან.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9