1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოკა ოკუ

ოკამი უილიამ (1290-1349)

  1. ფრანცისკანელი ბერი უილიამი დაახლოებით 1290 წელს ოკამში, ინგლისის საგრაფო სურეიში, დაიბადა. სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის მოქიშპე ოქსფორდის უნივერსიტეტში. ზოგიერთი თავისი თეოლოგიური თეზისის გამო გაკიცხულმა უილიამმა იმპერატორ ლუდვიგ ბავარიელს დაუჭირა მხარი პაპ იოანე XXII-სთან კონფლიქტში. საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ოკამი იმპერატორს შეეხიზნა და 1349 წელს მის კარზე გარდაიცვალა.
    რაც შეეხება ოკამის შრომებს, ზოგიერთი მათგანის ავტორობა საეჭვოა და დღემდე არ გვაქვს ზუსტი ცნობები მათი რაოდენობის შესახებ. მნიშვნელოვანია პ. ლომბარდოს სენტენციათა ოკამისეული კომენტარები, ასევე Summa totius logicae და Quodlibeta; მნიშვნელოვან პოლიტიკურ ტრაქტატად ითვლება ლუდვიგ ბავარიელის დასაცავად დაწერილი dialogus inter magistrum et discipulum de imperatorum et pontificum potestate. ოკამი ფრანცისკანელთა წრეებსა და ოქსფორდის უნივერსიტეტში გაბატონებულ მიმართულებას მიჰყვება და კონკრეტულის, ინდივიდუალურის მომხრეა. მისი აზრით, ჭეშმარიტი ადამიანური შემეცნება ისაა, რომელიც გვაძლევს კონკრეტულს, ფაქტს, მოვლენებს მათ უშუალოობაში: ეს ინტუიციური შემეცნება, ინტუიციზმია. ოკამის აზრით, რეალობაში მხოლოდ ცალკეული საგნის წმინდა ფაქტის აღმოჩენა შეიძლება, რომელიც ის არის, რაც არის. ამგვარად, საუბარიც კი არ არის აქტისა და პოტენციის, არსისა და ყოფის, მატერიისა და ფორმის, სპეციფიკური ბუნებისა და ინდივიდუალობის, სამშვინველისა და უნარების შესახებ და ასე შემდეგ. ფორმები და სახეობები, ანუ ფილოსოფოსთა მიერ გამოყენებული განსაზღვრებები მხოლოდ nuda intellecta, ანუ წმინდა სუბიექტური ღირებულებებია, რომლებსაც უეჭველად არ შეესაბამება რეალობა. აღარ არის ძალაში მიზეზისა და შედეგის, მიზნის, კანონის ცნებები. ეს არის ოკამის „სამართებელი“, ანუ მისეული მეთოდი, რომელიც საგანთა ნებისმიერ რთულ წარმოდგენას გამორიცხავს.ოკამმა ასევე თანამედროვე ფილოსოფიაზე, განსაკუთრებით კი მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნის ინგლისური ემპირიზმის განვითარებაზე მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა. (უნივერსალიათა ოკამისეული კრიტიკა თვით რაციონალიზმმაც გაიზიარა). ოკამის შრომათა ღრმა შესწავლა, რამაც სულ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა ინგლისელი ფილოსოფოსის კონცეფციათა მნიშვნელობა და „თანამედროვეობა“. ოკამიზმის მიმდევრები ფიზიკას და, განსაკუთრებით, მექანიკას შეისწავლიან. ამ ძიებებში ისინი ანტიარისტოტელისტებად გვევლინებიან, რადგანაც მრავალთა მიერ წმინდად მიჩნეულ არისტოტელესეულ სწავლებას უარყოფენ. თუმცა სინამდვილეში ოკამისტები სწორედ არისტოტელიზმის ატმოსფეროში მოღვაწეობენ, რადგანაც ბუნების ფენომენთა და არა თვით ბუნების რადიკალურ განმარტებას ისახავენ პრობლემად. მეორე მხრივ, მეტაფიზიკის ძირითად პრობლემებთან (ღმერთი და სამშვინველი) დაკავშირებით მათთვის მხოლოდ რწმენაც კმარა.
    ფიზიკოს ოკამისტთა შორის გამოირჩევიან ჯოვანი ბურიდანო, ნიკოლა ორესმე, ალბერტ საქსონელი და მარსილიო ინგენელი.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
  2. მე-14 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ევროპელი ფილოსოფოსი, წარმოშობით ინგლისელი დღეს ძირითადად ცნობილია უნივერსალური სამეცნიერო პრინციპის ჩამოყალიბებით, რომელსაც ოკამის სამართებლის სახელით ვიცნობთ. ეს პრინციპი, რომელიც გამოიყენებოდა ცრუმეცნიერული დასკვნების თავიდან ასაცილებლად, ჟღერს როგორც - „ნუ ამრავლებ არსთა რაოდენობას აუცილებლობის გარეშე (ნუ დაუშვებ სიმრავლეს აუცილებლობის გარეშე)“. ზოგადად ეს ნიშნავს, რომ რაიმე მოვლენის აღწერის დროს უმჯობესია ყველაზე მარტივ განმარტებას დავსჯერდეთ.
    Source: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9