ადამიანის ნება თავისუფალია, ის გონების შეფასებათა მიერაც არ განისაზღვრება. გონება კი არ ირჩევს სიკეთეს, რომელსაც უნდა მისდიოს ნებამ, არამედ თვით ნება ირჩევს თავისუფლად ამა თუ იმ საგანს, შემდეგ კი გონება კეთილად მიიჩნევს მას. ადამიანის ნებისთვის ერთადერთი კანონი ღვთაებრივი ნებაა: ადამიანისთვის სიკეთის კეთება ღვთაებრივი ნების ნაკარნახევის შესრულებაა. ღვთაებრივ ნებას კი, თავის მხრივ, არავითარი მასზე მაღლა მდგომი კანონი არ განსაზღვრავს, რადგანაც ის თავად ამკვიდრებს ყველა კანონს. ადამიანის მთელი ზნეობრივი ცხოვრება ღვთაებრივი ნებისადმი მორჩილებამდე დაიყვანება. თავის უმაღლეს გამოხატულებაში ეს მორჩილება ღვთის სიყვარულია. ადამიანის სიყვარულს ღმერთი პასუხობს მადლით, ამით იგი იღებს სიყვარულს და თვითონ უყვარს თავისი მოყვარული.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]