1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სიმბოლისტური დრამა

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა. სიმბოლისტური დრამატურგიის ფილოსოფიურ-ესთეტიკური წანამძღვრები, ის განწყობილებები, რომელთა ზეგავლენითაც ეს დრამატურგია იქმნებოდა, დინამიურის კატეგორია სიმბოლიზმის პოეტიკაში, მისი პრინციპული სიახლოვე იმპრესონიზმთან, „საქციელის შინაგანი უფლება“ (ჰეგელის ტერმინი), სინამდვილის პირობითი აღქმის სისტემა განსაზღვრავდა იმ ლირიზმს, რომელიც ასე დამახასიათებელია სიმბოლისტური დრამისათვის.
სიმბოლისტურმა დრამამ პოეზიისა და მუსიკისაგან ისესხა ამ მიმართულების ძირითადი იდეები და ფილოსოფიურ-ესთეტიკური პროგრამა. დრამატურგიაში სიმბოლიზმმა წამოაყენა „სტატიკური დრამის“ კონცეფცია, „ადამიანი-მარიონეტის“ თემა, სცენური სივრცის რეფორმა, „ირეალური ილუზიის“, ჟესტის, პლასტიკის როლი, თეორია – ხელოვნების ნაწარმოების, როგორც განსაკუთრებული, „თავის თავში ჩაკეტილი“ სამყაროს შესახებ. სიმბოლისტურ დრამატურგიაში მკაფიოდ აისახა ამ მიმართულების ყველა წინააღმდეგობა.სიმბოლისტური დრამატურგია თავისი არსით ლირიკული დრამატურგიაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის შექმნაში სიმბოლისტური სკოლის უმნიშვნელოვანესი პოეტები (კლოდელი, ვერჰარნი, ჰლოკი, სოლოგუბი) მონაწილეობდნენ. ლირიზმი არ არის სიმბოლისტური დრამის მხოლოდ ფორმალური ჟანრული ნიშანი, არამედ ის თავისებურებაც, რომლის გარეშეც სიმბოლისტური დრამა არ გაიაზრება. ლირიკა იყო დრამის ის სტრუქტურული ელემენტი, რომელსაც ყველაზე დიდი შესაძლებლობა ჰქონდა გადაკრულად თქმისა, ქვეტექსტისა, მინიშნებისა, შუქჩრდილისა, ნახევარტონებისა და, ამავე დროს, საშუალებას იძლეოდა დრამატურგიაში განხორციელებულიყო სიმბოლიზმის უპირველესი მოთხოვნა: „მუსიკა უპირველეს ყოვლისა“. სიმბოლისტური დრამის ნიშან-თვისებები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
1. ლირიკული საწყისის ინტენსიფიკაცია.
2. სიუჟეტის მითოლოგირების და მისტიფიცირების საკითხი.
3. მხატვრული სახის ორპლანიანი სტრუქტურა.
4. პერსონაჟთა სქემატური ხასიათი და ფსიქოლოგიური დახასიათების უგულებელყოფა.
5. უცნობი, შეუცნობელი ძალის არსბეობა, რომელიც ნაწარმოების მთავარ გმირად გვევლინება, მაგრამ სცენურ მოქმედებაში არ სჩანს.
Source: ლიტერატურული ძიებანი №26 - თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9