1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტრა ტრე ტრი ტრო ტრუ

ტრიქსტერი

ხუმარა, ეს სახე ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიო ხალხთა მითოლოგიაში. იგი უნივერსალური სახეა.ევროპის ქვეყნების ტრადიციებში ტრიქსტერის ზღაპარი პროზაული ტექსტის ყველაზე ძნელად აღსაქმელი სახეობაა. ბერძენი ჰერმესი და შუა საუკუნეების ბრიყვი, იესოსა და პეტრეს პოპულარული ამბების პერსონაჟები-ყველა თანდათან გაუჩინარდა. ის, თუ რატომ აღარ არის ტრიქსტერის ტრადიცია ევროპელებისათვის მნიშვნელოვანი, საკამათოა, მას რაიმე კონკრეტული პასუხი არ გააჩნია, განსაკუთრებით, იმის ფონზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს პერსონაჟი სხვა კულტურულ ტრადიციებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერსონაჟის სახელი „ტრიქსტერი“ (trickster) ინგლისურად მატყუარას, თაღლითს, ხუმრობის მოყვარულს ნიშნავს და ოხუნჯად მისი სახელდება ბოლომდე სწორი არ არის, რამდენადაც იგი ბევრად მეტ სიავეს ჩადის, ვიდრე უბრალოდ გარშემომყოფთა დაცინვა და მასხრად აგდებაა. იგი არ არის ისეთი გულღია, კეთილი, მაგრამ ამასთან მიამიტი, რომელიც ასე უხვად გვხვდება ქართულ, სლავურ, მუსულმანურ თუ ევროპულ ფოლკლორში (მაგალითად, მოხერხებული ნაცარქექია, სულელი ივანე, მოლა ნასრედინი და პულჩინელო). ამერიკელი ინდიელების თუ დასავლეთ აფრიკულ და პოლინეზიურ ფოლკლორულ პროზაში ტრიქსტერი ყველაზე პარადოქსული პერსონაჟია: მასში თავს იყრის მითოლოგიის სხვადასხვა პერსონაჟის დამახასიათებელი თვისება, რომელთა გამოკვეთა და გარჩევა ძნელი არ არის. სხვადასხვა შემთხვევაში მას შეუძლია იყოს ბრიყვი, ხუმარა, კლოუნი, კულტურული გმირი და გოლიათი-კაციჭამია. ტრიქსტერი ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენელია, თუმცა საუბრობენ ქალბატონ ოხუნჯებზეც და ცალკე ნაშრომის თემას წარმოადგენს. ოხუნჯის თითოეული ნაბიჯი თავხედური, მეამბოხე და ეგოისტურია. მას ხშირად „მძვინვარე და შეურაცხმყოფელ ოხუნჯს“ უწოდებენ მისი ძირითადი თვისებებიდან გამომდინარე: იგი არის ჯიუტი, შარიანი, ორპირი, სასტიკი, ხარბი, ძუნწი... ამ პერსონაჟს ყოველთვის ერთი აზრი აწუხებს: თავისუფლება მისცეს საკუთარ მოქმედებას, როცა საზოგადოებრივი თუ ჯგუფური ქცევითი შეზღუდვები სახეზეა.
Source: ლიტერატურული ძიებანი № 26 - თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9