1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფაბ ფავ ფაზ ფაი ფაკ ფალ ფან ფარ ფას ფაქ ფაშ ფახ

ფანტასტიკა

Gk. phantastikos წარმოსახვასთან დაკავშირებულს ნიშნავს
ფანტასტიკის, როგორც ლიტერატურული ჟანრის, განსაზღვრა ერთობ რთულია. XX ს-ში ცნება გაფართოვდა და ის ავტომატურად დაუკავშირდა უტოპიას, ფენტეზისა (Fantasy) და ე.წ. მეცნიერულ ფანტასტიკას (Science Fiction) როგორც მონათესავე ჟანრებს. ამასთან, სიტყვა ფანტასტიკა დასავლეთ ევროპაში სხვაგვარად ესმით, აღმოსავლეთ ევროპაში კი ამ ცნებაში მხოლოდ მეცნიერული ფანტასტიკა მოიაზრება. უნდა ითქვას ისიც, რომ XX ს-ის 70-იან წლებამდე ფანტასტიკურ ლიტერატურას მხოლოდ საფრანგეთში ექცეოდა სათანადო ყურადღება, გერმანიასა და ინგლისში კი ფანტასტიკა, როგორც ჩანს, ლიტერატურის მარგინალურ მოვლენად ითვლებოდა და შესწავლის ობიექტად ქცევას არ იმსახურებდა. ფანტასტიკური ლიტერატურის თეორიის განვითარების მოცემულ ეტაპზე შეიძლება გამოვყოთ დეფინიციათა ორი ჯგუფი - მაქსიმალისტური და მინიმალისტური. მაქსიმალისტი თეორეტიკოსების შეხედულებით, ფანტასტიკური ლიტერატურა მოიცავს ყველა იმ ტექსტს, რომლის მხატვრულ სამყაროშიც ირღვევა ბუნებრივი (ფიზიკური) კანონები. ასეთ შემთხვევაში ფანტასტიკის ჟანრში ექცევა მხატვრული ლიტერატურის ძალიან დიდი ნაწილი - ბიბლიიდან და ანტიკური მითებიდან ვიდრე მეცნიერულ ფანტასტიკამდე და ზღაპრებამდე. ფანტასტიკური ნაწარმოებების საერთო ნიშანი მაქსიმალისტურ თეორიებში გახლავთ ის, რომ აქ აღწერილი მოვლენები ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის კანონებთან დაპირისპირების გამო სრულიად გამორიცხულია ჩვენს ნაცნობ სამყაროში (ფრიკე 1981). ანალოგიურად მსჯელობს თეოდორ ფ. ადორნოც: „ფანტასტიკური ხელოვნება, რომლის ნიშნებიც რომანტიზმში, მანიერიზმსა და ბაროკოში გვაქვს, არარსებულს არსებულად წარმოადგენს“ (ადორნო 1995: 28). მაქსიმალისტები ხშირად გარელიტერატურულ, ექსტრაფიქტიურ კრიტერიუმებს მიმართავენ მონათესავე ჟანრებისგან ფანტასტიკის გასამიჯნად (ლემი, დიორინგი, ფიშერი, სუვინი, ვილპერტი). მაგალითად, ლოვკრაფტი და პენზოლდტი შიშს, რომელიც ფანტასტიკური ტექსტის კითხვის დროს აღეძვრის მკითხველს, ჟანრის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად თვლიან. ტოდოროვი მართებულად დასცინის ამგვარ ვარაუდს. მისი აზრით, ამ შემთხვევაში ლიტერატურული ნაწარმოების ჟანრი მკითხველის ნერვების გამძლეობაზე იქნებოდა დამოკიდებული. მაქსიმალისტებისთვის კიდევ ერთ დამხმარე კრიტერიუმს წარმოადგენს ავტორი; ლუი ვას (Vax) შეხედულებით, ფანტასტიკურია ყველა ის ნაწარმოები, რომელთა ავტორებსაც თავიანთი მონათხრობისა არ სჯერათ. ცხადია, ავტორის ფაქტორი არ გამოდგება ჟანრის განსაზღვრისათვის, რადგან ის არ წარმოადგენს ტექსტის სტრუქტურულ ელემენტს. მაქსიმალისტური დეფინიციებისგან განსხვავებით, მინიმალისტურ დეფინიციებში, განსაზღვრული როლი ეკისრება დაეჭვებას ზებუნებრივი მოვლენების შიდაფიქტიურ არსებობაში. მინიმალისტური თეორია ეფუძნება გარკვეულ ტრადიციას, რომელიც სათავეს გი დე მოპასანთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან, ბორის ტომაშევსკისა და მ.რ. ჯეიმსთან იღებს. ამ ავტორებთან უკვე იკვეთება აზრი, რომ ფანტასტიკურ ლიტერატურაში შესაძლებელია მომხდარის ორგვარი ახსნა, სახელდობრ - საბუნებისმეტყველო კანონების მიხედვით ან მათი გამორიცხვით. ამდენად, ფანტასტიკური ლიტერატურა ემყარება გადაულახავ დაპირისპირებას ორ შეუთავსებელ ახსნას შორის. ცვეტან ტოდოროვის „ფანტასტიკური ლიტერატურის თეორიის შესავალი“ (1970 წ.) პირველი მეცნიერული გამოკვლევაა, რომელსაც მოცემული შეხედულება უდევს საფუძვლად. ფანტასტიკური ლიტერატურის წინამორბედად მკვლევარები ზღაპარსა და ბიურგერულ რომანს მიიჩნევენ. უფრო მართებული ჩანს დურსტისა და შრიოდერის მოსაზრება, რომლის მიხედვით, საოცრების სტრუქტურული გარდაქმნა ფანტასტიკად თქმულების (შაგე) ჟანრში მომზადდა, რადგან პირველად სწორედ აქ ხდება გაუგონარი, საოცარი მოვლენის ჩართვა ისტორიულ სინამდვილეში. მონათესავე ჟანრებთან (მეცნიერული ფანტასტიკა, უტოპია, ფენტეზი, ზღაპარი (W=W)) ფანტასტიკას მხოლოდ თემატური მასალა აკავშირებს, სტრუქტურულად კი არაფერი აქვს მათთან საერთო (N=R+N; N=W+N; N=N), თუმცა, დურსტს მოყავს რამდენიმე მაგალითი, სადაც ამ ჟანრების შერწყმა ხდება (მაგალითად, ლ.ტიკის „ქერა ეკბერტი“). ტოდოროვი ფიქრობდა, რომ ფანტასტიკამ როგორც ჟანრმა XXს-ში არსებობა შეწყვიტა, რადგან ადამიანის არაცნობიერის გამოვლენის მისია ახლა ფსიქოანალიზმა იკისრა.
Source: სჯანი №7 – თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9