1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლაა ლაი ლან ლატ ლაშ

ლაიბნიცი ვილჰელმ გოტფრიდ

(1646-1716 წწ.) – ლაიბნიცი ლაიფციგში, ფილოსოფიის პროფესორის ოჯახში დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა. ლაიბნიცი მამის წიგნებით გაეცნო ფილოსოფიას, შემდეგ ლაიფციგსა და იენაში სწავლობდა, დაამთავრა ალტდორფის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 20 წლის ასაკში დაწერა „კომბინაციის ხელოვნების კვლევა“, რომელშიც ფილოსოფიური პრობლემების გადასაჭრელად ალგებრული ლოგიკის შექმნა სცადა (სიმბოლოების საფუძველზე). ლაიბნიცმა მრავალი შრომა მიუძღვნა თავისი დროის სამეცნიერო, თეოლოგიურ და პოლიტიკურ პრობლემებს. 1672 წელს ის პარიზს გაემგზავრა დიპლომატიური მისიით, მეფე ლუი მეთოთხმეტის დასარწმუნებლად ეგვიპტის დაპყრობის აუცილებლობაში (ამ მანევრის მიზანი გერმანიის საზღვრებიდან ფრანგული ჯარის მოცილება და ფრანგული აგრესიის საფრთხის თავიდან აცილება იყო). ლაიბნიცის მისია წარმატებით არ დაგვირგვინებულა, მაგრამ პარიზში გატარებული ოთხი წლის მანძილზე გერმანელ მოაზროვნეს მრავალი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა ფრანგ სწავლულებთან, მათ შორის მალბრანშსა და არნოსთან. ამ პერიოდში ლაიბნიცმა უსასრულოდ მცირეთა აღრიცხვა აღმოაჩინა (იგივე აღმოჩენა მასთან ერთდროულად ნიუტონმაც გააკეთა და ორ მეცნიერს შორის აღმოჩენის ავტორობის საკითხზე პოლემიკა გაიმართა). ჰოლანდიაში გავლით ყოფნისას ლაიბნიცმა სპინოზა გაიცნო. შეიძლება ითქვას, რომ ლაიბნიცის შრომები შემთხვევითი ხასიათისაა, იმ თვალსაზრისით, რომ ფილოსოფოსმა ისინი თავისი დროის სწავლულთა დებატებში გადაუწყვეტელი საკითხების გაშუქების მიზნით დაწერა, ან მათ საპასუხოდ, ვინც რაიმე საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოხატვა სთხოვა. ლაიბნიცმა უამრავი ნაშრომი დატოვა მეტაფიზიკის, თეოლოგიის, მათემატიკის, ისტორიის სფეროში, მათი ნაწილი დღემდე გამოუქვეყნებელია. მის ფილოსოფიურ ნაშრომთა შორის აღსანიშნავია: საუბარი მეტაფიზიკაზე (1683 წ.), ახალი ნარკვევები ადამიანის ინტელექტის შესახებ (1703 წ.), რომელშიც ლოკის 1690 წელს გამოქვეყნებულ ნარკვევში წამოჭრილ საკითხებზე გამოთქვამს აზრს. ლოკის გარდაცვალების შემდეგ ლაიბნიცმა აღარ გამოაქვეყნა თავისი შრომა. უნდა დავასახელოთ თეოდიცეა (1710 წ.). ეს შრომა პრუსიის დედოფლის, სოფია კარლოტას, თხოვნით დაიწერა პიტერ ბეილის მიერ თავის dictionnaire historique et critique de la philosophie-ში განგების შესახებ წამოყენებული თეზისის საპასუხოდ. აღსანიშნავია აგრეთვე „მონადოლოგია“ (1714 წ.), რომელიც ლაიბნიცმა ვენაში გაცნობილი მთავრის, ეუჯენიო დი სავოიასთვის, დაწერა, ბუნებისა და წყალობის საწყისები (1714 წ.). აქედან თავად ავტორმა მხოლოდ Teodicea გამოსცა, დანარჩენი ნაშრომები ლაიბნიცის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9