1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჯა ჯგ ჯე ჯვ ჯი ჯო ჯს
ჯვა ჯვრ

ჯვარი

თეოლოგიური თვალსაწიერით, არის მსხვერპლი - მაცხოვრის ქველმოქმედება და ვნება. საბოლოო ჯამში, ჟვრად ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების სისავსე გაიაზრება. მისი სიმბოლოა სასმისი და დაკლული კრავი. გავიხსენოთ სამების ხატები, კერძოდ, ანდრია რუბლიოვის ,,სამება“, სადაც ტრაპეზზე წარმოდგენილია თასი ზვარაკის თავითურთ, რაც მიანიშნებს, რომ ღვთის ძის მსხვერპლად შეწირვის გარდუვალობა განჭვრეტილი, განჩინებული და უწყებული იყო წინასწარ, დასაბამშივე. სწორედ ამ მსხვერპლს გულისხმობდა მოძღვარი, როდესაც ამბობდა: ,,მამაო, უკეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ სასუმელი ესე“ (მათე 26:39). ეს სასმისი არის იგივე ჯვარი, რაზეც ნებაყოფლობით დაემსჭვალა ქრისტე, ხოლო ჟვარცმის წინასახე და წინასწარმეტყველება - საპასექო კრავი და, ზოგადად, ძველი აღთქმის მსხვერპლი, რომელმაც რეალური სახე გოლგოთაზე მიიღო. იოანე ღვთისმეტყველის ,,გამოცხადების’’ თანახმად, ესაა ,,კრავი დაკლული უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (გამოცხ. 13:8), რაც ცხადყოფს ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტი ზვარაკის, ჯვარცმის, ვნებისა და სიკვდილის წინაგანგებულებას. ამის საფუძველზე შემუშავდა დოგმა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჟვრის ხელთუქმნელობისა; იგი გაიგივდა მარადიულ სასმისთან, რომელიც ამქვეყნად უნდა ,,შეესვა“ ქრისტეს (მათე 20:22; 26:39; იოანე 18:11). ჯვარი ითვლებოდა დასჯის იარაღად უმძიმესი დანაშაულისათვის. იგი, სახეობრივად რომ ვთქვათ, ირეკლავდა საზოგადოების ზნედაცემულ ფენას და წარმოადგენდა ცხოვრების ჭაობს. უფრო სწორად, ჭაობის ჭენჭყობს, სადაც არა ერთი და ორი პიროვნება ჩაძირულიყო. თუკი ვინმე მოისურვებდა მათ გადარჩენას, უნდა ჩასულიყო იქ, ჩაესუნთქა მყრალი ჰაერი და ეგემა დამპალი ბალახები. ეს ტვირთი თავს იდო იესო ქრისტემ, ,,რომელი ჯვარს ეცვა ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის...“ ამით მან ადამის შვილებს ცხოვრების ხესთან მისასვლელი გზა გაუხსნა. ჯვარი თავადაა უკვდავების ხე. გავიხსენოთ ,,ცხოვრების ხე“, რომელიც შემდგომ, ცოდვით დაცემის გამო, ადამიანის თვალს მიეფარა (დაბ. 3:24). წუთისოფელში მხოლოდ მისი ძალის აღორძინებას შეეძლო სიკვდილის დათრგუნვა... და რადგან ჯვარი არის უკვდავების ხე, მასზე დამსჭვალვის შედეგად მაცხოვარი აღდგა და ამაღლდა. ამის გამო ყოველმა, ვისაც სურს ცხონება, ეს გზა უნდა გაიაროს. ამ გზაზე დადგომა ნიშნავს ქრისტესთან, მის სიკვდილთან, ,,მასში სიკვდილთან“ ზიარებას, წილის დადებას. ეს იდეალი, მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა რწმენით, ეკლესიის მეშვეობით ხორციელდება.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9