1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ვა ვე ვი ვო ვუ
ვიდ ვივ ვიზ ვიკ ვილ ვინ ვირ ვის ვიტ ვიქ ვიშ ვიწ

ვიკო ჟან ბატისტ

(1668-1744 წწ.) - ბუნების იმ რაციონალისტური და ემპირიული ხედვის საპირისპიროდ, რომელიც იმდროინდელ ევროპაში იყო გავრცელებული, თანამედროვე აზროვნებაში ფილოსოფიის, როგორც სულის ფილოსოფიის, ცნება დააბრუნა. ვიკო ნეაპოლში წიგნის გამყიდველის ოჯახში დაიბადა, და მძიმე ბავშვობა გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში დადიოდა, საწყისი განათლება უმეტესწილად დამოუკიდებელი კითხვით მიიღო. ძირითადად ის ფილოსოფიურ შრომებს ეცნობოდა-სკოტისტურ და ოკამისტურ სქოლასტიკას, პლატონისა და სტოიკოსთა წიგნებს. შემდეგ ვიკო ნეაპოლის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, მაგრამ ლექციებზე სიარულსაც თვითგანათლება არჩია. 1684-1693 წლებში ვიკო აღმზრდელად მუშაობდა მარკიზ როკას ოჯახში, სალერნიტანოს ციხე-კოშკში. აქ მან მნიშვნელოვნად გაიღრმავა ცოდნა მარკიზის ბიბლიოთეკის მეშვეობით. ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ ვიკომ ენერგიულად განაგრძო სწავლა, ფილოსოფიის გარდა, მას ფილოლოგიასა და სამართალთან დაკავშირებული საგნებიც აინტერესებდა. 1699 წელს უნივერსიტეტში რიტორიკის კათედრას ჩაუდგა სათავეში. სასწავლო წლის დასაწყისში ვიკო აქ წარმოთქვამდა თავის სახელგანთქმულ მისასალმებელ სიტყვებს. ამ დროიდანვე დაიწყო მან მუშაობა წიგნებზე, დაამყარა ურთიერთობა თავის თანამედროვე მოაზროვნეებთან, მაგალითად, ბეკონთან. ვიკო 1744 წელს წინააღმდეგობებითა და ტანჯვით გულდამძიმებული გარდაიცვალა. როგორც რიტორიკის პროფესორი, ვიკო უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად საზეიმო სიტყვას წარმოთქვამდა. მისი ამ სიტყვებიდან ყველაზე ცნობილია de nostri temporis studiorum ratione; 1710 წლით არის დათარიღებული de antiquissima italorum sapientia ex originibus linguae latinae eruenda libri 3; 1720 წელს ვიკომ წარმოითქვა de uno universi juris principio et fine uno; 1721 წელს - de constantia jurisprudentiae; ვიკოს უმნიშვნელოვანესი შრომაა „ერთა საერთო ბუნების შესახებ“ ახალი მეცნიერების საფუძვლები. ეს წინგი პირველად 1725 წელს გამოიცა (ახალი მეცნიერება, I) და 15 ფურცლისგან შედგებოდა. მეორე გამოცემა 1730 წელს გამოქვეყნდა (ახალი მეცნიერება II), წიგნის საბოლოო ვარიანტი კი შენიშვნებითა და კომენტარებითურთ - ავტორის სიკვდილის წელს. ვიკომ დაწერა ასევე ავტობიოგრაფიაც, რომელიც მოაზროვნის სულიერი ზრდის საინტერესო დოკუმენტია.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ. II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9