1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზა

(1632-1677 წწ.) - მათემატისტური რაციონალიზმის ხაზით res cogitans-ისა და res extensa-ს კატრეზიანული დუალიზმის რადიკალური გადამწყვეტია. სპინოზა დაიბადა ამსტერდამში, ესპანური წარმოშობის ებრაულ ოჯახში, რომელიც ესპანეთიდან ებრაელთა მიმართ მეფის რეპრესიებს გაექცა. მშობლიური ქალაქის ებრაულ სკოლაში სპინოზამ საფუძვლიანი ცოდნა მიიღო შუა საუკუნეების ებრაული ფილოსოფიის შესახებ. მალე გაეცნო ასევე თანამედროვე სქოლასტიკას (ძირითადად სუარესის სქოლასტიკას), ნეოპლატონურ ფილოსოფიას, პლატონისტურ ტრადიციას სკოტუს ერიუგენადან კუზანელამდე და ბრუნომდე; ღრმად შეისწავლა დეკარტის შრომები და მისი მათემატიცისტური რაციონალიზმით მოიხიბლა. მიღებული კულტურული გამოცდილებისა და მედიტაციების შედეგად სპინოზას თავისუფალი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა ბიბლიის მიმართ, რომელიც ებრაულ სამყაროში ღვთის სიტყვის დიად წიგნად მიიჩნეოდა. ებრაულ საკრებულოში ეჭვი შეეპარათ სპინოზას ებრაულ მართლმორწმუნეობაში და ამ ნიადაგზე დაუპირსპიდნენ მას, 1656 წელს კი საკრებულოდანაც (სინაგოგიდან) გარიცხეს. სპინოზას კალვინისტებიც სდევნიდნენ, რის გამოც მას ამსტერდამის დროებით დატოვება მოუწია. ინტელექტუალური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად სპინოზამ ოპტიკოსის საქმიანობას მიჰყო ხელი, პარალელურად კი ფილოსოფიურ პრობლემებზე მუშაობდა. 1660 წელს სპინოზა ლეიდას მახლობლად ერთ სოფელში დასახლდა და იქ დაწერა „ტრაქტატი ღმერთის, ადამიანისა და მისი ნეტარების შესახებ“, რომელიც 1682 წელს გამოქვეყნდა სახელწოდებით-მოკლე ტრაქტატი. შემდეგ დაიწერა ტრაქტატი de intellectus emendiatione და „დეკარტის ფილოსოფიის პრინციპები“. 1663 წელს სპინოზა ჰააგაში დასახლდა და იქ შექმნა თავისი ძირითადი შრომა: ethica ordine geometrico dimostrata 5 წიგნად: de deo, de mente, de affectibus, de servitute humana, de libertate. ეს შრომა სპინოზას გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. 1670 წელს მოაზროვნემ გამოაქვეყნა Tractatus theologico-politicus, რომელშიც გადმოგვცემს ბიბლიის განმარტებისა და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დამოკიდებულებათა საკუთარ ხედვას. ამ წიგნმა კიდევ უფრო გაამწვავა უკმაყოფილება ავტორის მიმართ, რამაც ძალიან დასწყვიტა გული სპინოზას. ის 1677 წლის 21 თებერვალს ჰააგაში გარდაიცვალა. სპინოზა მარტოსული მოაზროვნეა, რომელიც ბრძენკაცივით უშფოთველად, ანტიკური სტოიკოსის განდგომილებით ჭვრეტს რეალობას და ცხოვრებას. ფილოსოფიური კვლევისკენ მას ადამიანისადმი უშფოთველობის მინიჭების უნარის მქონე ჭეშმარიტების ძიების სურვილი უბიძგებს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ. II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9