1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კალენდარი

ლათინური სიტყვაა და ნიშნავს დროის შედარებით ხანგრძლივ პერიოდებად - დღეებად, კვირეებად, თვეებად, წელიწადებად და საუკუნეებად - დანაწილებისა და აღრიცხვის სისტემას. ძირითადია ორი: მთვარისა და მზის კალენდარი. ქრისტიანული დღესასწაულებიდან მოძრავნი პირველთან არიან მისადაგებულნი, უძრავნი - მეორესთან. მზის კალენდრის თანახმად ერთი ტროპიკული ანუ ზუსტი წელიწადი უდრის დედამიწის ერთ გარემოქცევას მზის გარშემო. აქ თავს იჩენს სირთულე: ერთი ტროპიკული წელი შედგება დღე -ღამეთა არა მთელი, არამედ წილადი რიცხვისაგან - 365, 2422 დღე-ღამისაგან ანუ 365 დღე -ღამის, 5 საათის, 48 წუთისა და 46 წამისაგან, ე.ი. ყოველი წლის ბოლოს რჩება, ნაშთის სახით, ზედმეტი დრო - ზედნადები. ყველაზე სრულფასოვნად ითვლება წელთაღრიცხვის ის სისტემა, რაც დღეისათვის საყოველთაოდაა გავრცელებული. მისი ისტორია მოკლედ ასეთია: იულიუს კეისარმა ჩვენს ერამდე 45 წელს ეგვიპტელი ასტრონომის სოზიგენეს რჩევით შემოიღო სისტემა, რომლის მიხედვით ყოველი მომდევნო სამი წლის ხანგრძლივობა უდრის 365 დღეს, ხოლო ყოველი მეოთხისა - 366 (ესაა ნაკიანი წელიწადი, როდესაც თებერვალი 29 დღე-ღამეს ითვლის). ამრიგად, წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე, რაც ძალიან ახლოა ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობასთან (365, 2422). იულიუსის კალენდარი ქრისტიანულმა ეკლესიამ ხმარებაში შემოიღო 325 წელს, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაიჭრა. ოთხი წლის მანძილზე დაგროვილი ჩამორჩენა, იულიუსის საშუალო და ტროპიკულ წელიწადთა განსხვავებულობით გამოწვეული, უმნიშვნელოა (44 წთ. და 46 წმ.), მაგრამ საუკუნეთა მანძილზე იგი იმდენად შესამჩნევი ხდება, რომ მისი უგულვებელყოფა შეუძლებელია: ყოველ 400 წელიწადში სხვაობა 3 დღე-ღამეს შეადგენს. მაგ. IV ს-ში გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტს მოდიოდა, XVI ს-ში კი 11 მარტს. ამრიგად, იულიუსის დროთააღრიცხვა XVI ს-ში უკვე 10 დღე-ღამით ,,ჩამორჩებოდა ბუნებას“. ამან მოითხოვა იულიუსის სისტემის რეფორმა, რომელიც განახორციელა რომის პაპმა გრიგოლ XIII -მ 1582 წელს. მისი დადგენილების თანახმად, დღეთა ანგარიში წინ წაწეულ იქნა 10 დღით: 4 ოქტომბრის მომდევნო დღე გამოცხადდა 15 ოქტომბრად. ამის შემდეგ გაზაფხულის ბუნიობა კვლავ 21 მარტს დაემთხვა. იმისათვის, რომ კალენდარი კვლავ არ ,,ჩამორჩეს“, გრიგორიუსის სისტემის მიხედვით ყოველი საუკუნის ბოლო წელი, რომელიც იულიუსის წესით ნაკიანია, ნაკიანად ცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემული საუკუნის რიცხვი 4-ზე უნაშთოდ იყოფა. მაგალითად, 1600 წელი ნაკიანად ჩაითვალა (16 იყოფა 4-ზე), 1700, 1800 და 1900 წლები კი - უნაკოდ (17, 18 და 19 არ იყოფა 4-ზე). ამის შედეგად ნაკიან წელთა რაოდენობა შემცირდა და შემცირდა კალენდარული წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაც - იგი ტროპიკულს სულ 26 წამითღა აღემატება. ამის გამო ერთი დღეღამის ცდომილება მხოლოდ 3200 წელიწადში დაგროვდება. ე.წ. გრიგორიუსის ანუ გრიგორისეულ კალენდარს უწოდებენ წელთაღრიცხვას ახალი სტილით, იულიუსისას - ძველი სტილით.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9