1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მარქსი კარლ (1818-1883)

გერმანიის ქალაქ ტრევირში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში, სადიპლომო შრომა ეპიკურეს თემაზე დაიცვა. მისი პირველი შრომები ფილოსოფიის ისტორიას შეეხებოდა, თუმცა მარქსმა სწრაფად აღმოაჩინა ადამიანისა და ისტორიის პრობლემათა გადახედვისა და მათი ახლებური დანახვისკენ თავისი მოწოდება. მარქსმა ჟურნალისტად იმუშავა გერმანიასა და პარიზში და ამ დროს გაიცნო მეწარმე ფრიდრიჰ ენგელსი (1820-1895 წწ.), რომელმაც მისი აზრები გაიზიარა. რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან გაძევებულმა მარქსმა ლონდონში დაიდო ბინა, სადაც, ენგელსის ფინანსური მხარდაჭერით, ხანგრძლივად იცოცხლა და იქვე გარდაიცვალა. მარქსსა და ენგელსს იმდენად მტკიცე მეგობრობა და იდეათა ისეთი თანხვედრა ჰქონდათ, რომ ზოგიერთი ნაწარმოები მათი ერთობლივი შრომის შედეგია. ასეთებს მიეკუთვნება „წმინდა ოჯახი, ანუ ახალგაზრდა ჰეგელელთა კრიტიკის კრიტიკა“ და 1848 წლის სახელგანთქმული „კომუნისტთა მანიფესტი“. შეიძლება ითქვას, რომ ამ უკანასკნელმა შრომამ დასაბამი მისცა ფართო სოციალურ მოძრაობათა ორგანიზებას, რომლებიც მსხვილ მეწარმეთა წინააღმდეგ მუშათა ბრძოლას ისახავდა მიზნად. მარქსმა მრავალი შრომა დაწერა, მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილია „კაპიტალი“. ამ შრომის პირველი წიგნი 1867 წელს გამოქვეყნდა, დანარჩენები კი-ავტორის გარდაცვალების შემდეგ. მარქსი არ არის ღრმა მოაზროვნე, რომელიც მკაცრ კონტროლს უქვემდებარებს საკუთარი ნააზრევის განვითარებას. ის უფრო წინასწარმეტყველი, რევოლუციურ ენერგიათა გამომღვიძებელია. დიდი ფანტაზიით დაჯილდოებული და ღრმა ერუდიციის მქონე მარქსი ორივე ამ თავის თვისებას იყენებს ცხოვრებისა და ისტორიის შთამბეჭდავი, მაგრამ ნაჩქარევი ხედვის წარმოსადგენად. მშრომელთა კლასის ცხოვრების პირობების რადიკალური შეცვლის იდეით შეპყრობილი მარქსი ერუდიციასაც და მახვილგონიერებასაც საკუთარ იდეალს უქვემდებარებს. სოციალური გარდაქმნისკენ მისი სწრაფვიდან, რომლის სამსახურშიც ჩააყენა მარქსმა ხანგრძლივი შესწავლის შედეგად შეგროვებული მასალა, მომდინარეობს ის მარქსისტული იდეოლოგია, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე ისტორიაზე.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9