1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რობ როდ როზ როი როკ რომ როჟ როტ როქ როშ

როზმინი ანტონიო (1797-1855)

როვერეტოში დაიბადა. მან სენსისტური ფილოსოფიური განათლება მიიღო, შემდეგ პადუის უნივერსიტეტში თეოლოგია შეისწავლა, 1821 წელს კი ღვთისმსახური გახდა. რომში დასახლება არ მოისურვა, მილანი არჩია და ამ ქალაქში დაიწყო თავისი ნაყოფიერი სამწერლო მოღვაწეობა. 1828 წელს როზმინიმ დააარსა გულმოწყალების ინსტიტუტი, ანუ, ბერ-მონაზონთა ახალი კონგრეგაცია. როზმინის საყოველთაოდ სცემდნენ პატივს, როგორც გონიერ, განათლებულ და სპეტაკ ადამიანს, ამიტომაც პიემონტის მთავრობამ მას 1848 წელს დიპლომატიური მისია დააკისრა პაპ პიუს IX-ს კარზე. როზმინიმ მისია წარმატებით ვერ შეასრულა, მაგრამ პაპთან დარჩა და რომის რესპუბლიკის პერიოდში ქალაქიდან გაძევებულ პაპს გაეტაშიც გაჰყვა. პაპი როზმინის კარდინალად დანიშვნას აპირებდა, მაგრამ მოქიშპეთა აქტიურობის გამო ეს გეგემა არ განხორციელებულა. როზმინი სტრეზაში გადასახლდა, სადაც მთელ თავის დროს ფილოსოფიურ კვლევას, კონგრეგაციის მართვასა და მის მოსანახულებლად ჩასულ მეგობრებთან (მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მანცონი, ბონგი და ტომაზეო) ურთიერთობას უთმობდა.
როზმინის პირველი მნიშვნელოვანი შრომაა „ახალი ნარკვევი იდეათა წარმოშობის შესახებ“, რომელიც 1830 წელს ავტორის სახელის მიუთითებლად გამოქვეყნდა. მოაზროვნის შრომათაგან უფრო სახასიათოა: ,,ზნეობრივი მეცნიერების პრინციპები”; „ანთროპოლოგია ზნეობრივი მეცნიერების სამსახურში“; ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებული „თეოსოფია“.
როზმინის ნებისმიერი ფილოსოფიური საკითხის მიმართ გახსნილობა ახასიათებს. მას ჩაფიქრებული ჰქონდა ფილოსოფიურ მეცნიერებათა ვრცელი ენციკლოპედიის პროექტი, რომლის განხორციელებაც იმ დროისთვის დიდი მოვლენა იქნებოდა. საბოლოო ჯამში როზმინის შრომები ფილოსოფიურ საკითხებზე დაწერილი ენციკლოპედიური ხასიათის ნაწარმოებებია. ღრმა სულიერი სიკეთით აღსავსე, ზნეობრივად ჯანსაღი პიროვნება, როზმინი დარწმუნებული იყო, რომ ძალუძდა და უნდა განეხორციელებინა კიდეც ფილოსოფიური ცოდნის მთლიანი რესტავრაცია და ამგვარად გაეცა პასუხი განმანათლებლელთა და იდეალისტთა დოქტრინებისთვის, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ქრისტიანული ცივილიზაციის საფუძვლებს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9