პარიზში, ირლანდიული წარმოშობის ებრაულ ოჯახში დაიბადა. სწავლობდა კონდორსეს ლიცეუმში, სადაც უპირატესობას მათემატიკას ანიჭებდა. უნივერსიტეტში ოლე-ლაპრიუნისა და ბუტრუს მოწაფე იყო, თუმცა ასევე განიცადა რავესონის, ლაშელიესა და მეცნიერების კრიტიკის მოძრაობის გავლენა. ბერგსონმა რამდენიმე ლიცეუმში იმუშავა პედაგოგად, 1897-1900 წლებში ecole normale-ის პროფესორი იყო, შემდეგ კი ცხოვრების ბოლომდე College de France-ში ასწავლიდა. 1928 წელს ბერგსონს ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურის დარგში. სიცოცხლის ბოლო წლებში კათოლიკურ ეკლესიას დაუახლოვდა და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კათოლიციზმი მიიღო, თუმცა მიაჩნდა, რომ ნაციზმის მიერ დევნილ ებრაელთა მიმართ არასწორად იქცეოდა და ამიტომაც უარი განაცხადა ნათლობაზე.
ბერგსონის პირველი გამოქვეყნებული შრომაა „ნარკვევი ცნობიერების უშუალო მონაცემთა შესახებ“ (1889 წ.), სადაც ავტორი სულიერი ცხოვრების ბიოფსიქიკურ ფაქტებამდე დაყვანის შეუძლებლობას ამტკიცებს. შემდეგ გამოქვეყნდა „მატერია და მეხსიერება“ (1896 წ.), „მეტაფიზიკის შესავალი“ (1903 წ.), და ბოლოს, „შემოქმედი ევოლუცია“ (1907 წ.). ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1932 წელს ბერგსონმა ზნეობისა და რელიგიის ორი წყარო გამოაქვეყნა.
მიუხედავად იმისა, რომ ოლე-ლაპრიუნისა და ბუტრუს მოწაფე იყო, ბერგსონმა დასაწყისში პოზიტივისტური აღზრდის გავლენა განიცადა. მან აღიარა, რომ სივრცის ფენომენთა შეფასებისთვის გამიზნული ექსპერიმენტული მეცნიერებები დროის საზომად არ გამოდგებოდა. ამასთან, ასევე ფრანგ სპირიტუალისტთა გავლენითაც, ბერგსონი რეალობისა და ადამიანის სპირიტუალისტურ ხედვას დაუახლოვდა. მახვილი გონებითა და ბრწყივნალე მჭევრმეტყველებით დაჯილდოებულმა ბერგსონმა დიდი გავლენა მოახდინა თავისი დროის ფრანგულ და ევროპულ კულტურაზე. მის ლექციებზე დასაწრებად ხალხი დანიშნულ დროზე გაცილებით ადრე მიდიოდა. ბერგსონი ზუსტი და მკაცრი კვლევის მომხრე იყო და არასოდეს ნიღბავდა სიტყვით აზრის ნაკლებობას.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]