1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნივ ნიკ ნირ ნიშ ნიც ნიჰ

ნიცშე ფრიდრიჰ (1844-1900)

ლიუცენის მახლობლად, რეკენში დაიბადა. სწავლობდა ბონსა და ლაიპციგში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა გახდა ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორი. ამ თანამდებობაზე მაშინვე თქვა უარი ჯანმრთელობის გაუარესების გამო და იმ მიზნით, რომ თავისუფალი სწავლული გამხდარიყო. თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის აღიარების იმედით იცხოვრა საზღვარგარეთ, კერძოდ, ჩრდილოეთ იტალიაში. 1889 წელს, ტურინში სულიერად დაავადდა და სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ განიკურნა.
თავდაპირველად ნიცშე ბერძნული კულტურისა და პოეზიის იდეალურ მნიშვნელობას იკვლევდა („ტრაგედიის დაბადება“, 1872 წ.), შემდეგ კი მიატოვა მკაცრი კვლევები, რასაც წარმატებით ართმევდა თავს, და თავისუფალი სტილის შრომების წერას შეუდგა. მათ შორის აღსანიშნავია: „ადამიანური, ერთობ ადამიანური“ (1879 წ.); „მხიარული მეცნიერება“ (1882 წ.); ასე იტყოდა ზარატუსტრა (1883 წ.), ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი მისი შრომა; „კეთილსა და ბოროტს მიღმა“ (1886 წ.); „ძალაუფლების ნება“.
ნიცშეს ტემპერამენტმა, კლასიკური სამყაროს ცოდნამ, აზროვნების ორგანული და მკაცრი სამუშაოსადმი უნდობლობამ განაპირობა მის შრომათა თავისუფალი აფორისტული სტილი, რომელიც ზოგჯერ ეფექტზე გათვლილი ფრაზის იერს იძენს. თავისი ინდივიდუალური, თითქმის მესიანური სტილით ნიცშე სწრაფად და ენერგიულად იპყრობს ადამიანის ფანტაზიასა და გრძნობებს. ის უკუაგდებს უპიროვნო თხრობის ფორმას და მკვეთრად აყალიბებს საკუთარ მიგნებებსა და მოლოდინს. შეიძლება ითქვას, რომ სტილისტურად ნიცშე რელატივიზმისა და ექსპრესიული ანარქიის შვილია, რომლისკენაც მიემართებოდა იმდროინდელი აზროვნება. ნიცშეს ყველა შრომაში გამოკვეთილი წარმმართველი იდეები სიმრავლით არ გამოირჩევა, მაგრამ ამ მცირერიცხოვან ძირითად მიმართულებათა გარშემო ავტორი სურათებსა და პარადოქსებს, შეტევებსა და წინასწარმეტყველებებს აზვირთებს, რათა გამოსახოს ღირებულებათა და ცივილიზაციის შემოქმედი - ნებისმიერ საზოგადო ნორმასა და მიღებულ წესს აღმატებული ზეადამიანი.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9